„ფრთხილად უნდა ვიყოთ, არ ავყვეთ ზოგის სიძულვილის ენას და დაპირისპირების მცდელობას, არეულობის დათესვას, ორ ბანაკად დაყოფას..." - წერს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
„რატომ ვცხოვრობთ ჩაკეტილ სივრცეში? ვიზა-ლიბერალიზაცია და თავისუფალი გადაადგილება კი გვინდა, მაგრამ ამავდროულად დიდად დაინტერესებულნი არ ვართ- როგორც ჩანს მცირე კომენტარებიდან და კიდევ უფრო მცირე ინტერესიდან, რაც გამოიხატა ამის შესახებ მედიაში - ჩვენს გარშემო არსებული მსოფლიო მოვლენებით... გუშინ, 16 ივნისს, საშინელ პირობებში მოკლულ იქნა ბრიტანეთის პარლამენტარი, 41 წლის, ორი შვილის დედა ჯო კოქსი. კარზე მომდგარ რეფერენდუმს ბრიტანეთის მომავალზე და მის ევროპიდან გამოსვლა-არგამოსვლაზე, ასახელებენ როგორც ერთ-ერთ შესაძლო მიზეზს ამ საშინელ ტრაგედიისა...
ყველაზე ღირსშესანიშნავი მგონი სწორედ ის სიძულვილია, რომელიც დამკვიდრდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და კერძოდ ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში ევროპაში დარჩენის და ევროპიდან გასვლის მომხრეთა შორის... მერკელმა მოითხოვა სრული და სწრაფი გამოძიება (ასეთ მოთხოვნებს ჩვენ კი ვიღებთ როგორც უადგილო ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში, თუმცა ეს ევროპულ ქვეყნებს შორისაც მოსულა)...
ამერიკაში ტრამპის საარჩევნო კამპანია მთლიანად საზოგადოების გახლეჩას, იდეოლოგიურ დაპირისპირებას და სიძულვილის დათესვას ემსახურება... და კიდევაც აღწევს თავის მიზანს... მედიასივრცე უკვე ობიექტურობას გასცილდა და იქაც ორივე მხარე თავის ჭეშმარიტებას ჰქადაგებს, იდეოლოგიას ავრცელებს, ფაქტების ანალიზის მაგივრად.
ევროპის ბევრ ქვეყანაში ასევე რადიკალიზებული მხარეები ერთმანეთს უპირისპირდებიან... ულტრანაციონალისტები და დემოკრატები, ულტრარელიგიურები და ლიბერალები...
ჩვენ კი ეს სიძულვილი და დაპირისპირებული, ორად დაყოფილი ქვეყნის ბედი, ვიცით კარგად, თუ რას ნიშავს და რამდენი ხნით გბლოკავს ეს, უკან გაბრუნებს და სწორ განვითარების გზიდან გაცდენს...
ეს იმას ნიშნავს, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, არ ავყვეთ ზოგის სიძულვილის ენას და დაპირისპირების მცდელობას, არეულობის დათესვას, ორ ბანაკად დაყოფას... ერთია პოლიტიკური ბრძოლა და მჯერა, რომ ძალას, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ლახავს და გარეთ თუ შიგნით მათ ეწინააღმდეგება, არ უნდა მიეცეს პოლიტიკური გასაქანი ქვეყანაში. მჯერა, რომ ტყუილს წინ უნდა დაუდგეს საზოგადოება, მეორედ არ მოტყუვდეს და ცრუ მითებით მანიპულირების საშუალება არავის მისცეს... მაგრამ ამავე დროს მჯერა, რომ ეს ბრძოლა უნდა დარჩეს ცივილიზებულ, სამართლებრივ სივრცეში, და არჩევნების გზით გადაწყდეს... როგორც 7 წლის წინ, როცა ვიწყებდით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ „100-დღიან დგომას", მიდგომა პირადად ჩემი უკვე ასეთი იყო, საჯაროდ გამოცხადებული და დღემდე არ შეცვლილა: „არც გადატრიალება და არც გარიგება ან შეგუება"... დღესაც არ უნდა შევეგუოთ ან გავურიგდეთ იმ ძალას, რომელიც სიძულვილის ენით გვესაუბრება, რომელიც ქვეყნის გარეთ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ავრცელებს ცრუ ინფორმაციებს, მხოლოდ და მხოლოდ თავის ვიწრო პოლიტიკური ინტერესების, ფულადი მოგების და პროდასავლური იმიჯის გადასარჩენად... მაგრამ ამავე დროს ბრძოლის ფორმა უნდა დარჩეს ცივილიზებული, როგორც ჩვენ გვეკადრება... მტკიცე და პრინციპული ბრძოლა, არა ვიღაც-ვიღაცეებივით გარიგებები მოკლევადიანი გამარჯვებებისთვის, არამედ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა ამ ბრძოლის და შეჯიბრის შედეგად უფრო ძლიერი და უფრო მშვიდი გვენახოს! უფრო ევროპული, ვიდრე ზოგი თვით ევროპელიც კი!
ამ პრინციპების და ცხოვრების წესის დასაცავად ხვალ საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს თუნდაც იგივე ძველი ევროპისთვის და ზოგი ჩვენი მეზობლებისთვის სამაგალითო!" - წერს ზურაბიშვილი.