18 ივნისიდან 3 სექტემბერამდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება პროექტის - „შემოსაზღვრე საქართველო" რამდენიმე ეტაპი. პროექტი კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის კულტურულ პროცესებში ჩართვის მიზნით ხორციელდება.
18 ივნისს, 11:00 საათზე, ქართველი მწერლები სოფელ რუხს ესტუმრებიან და მკითხველებთან კულტურული დიალოგის მნიშვნელობასა და ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების გზებზე ისაუბრებენ. „ვეფხისტყაოსნის" 850 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთველოლოგი ლევან გიგინეიშვილი წაიკითხავს ლექციას „ვეფხისტყაოსნის" შესახებ; კულტურული პროცესების განვითარებისა და კულტურათაშორის დიალოგის მნიშვნელობაზე ლექციას წაიკითხავს ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი სალომე კაპანაძე. შეხვედრების პარალელურად, რუხის ციხეში კონცერტს გამართავს ფოლკლორის ანსამბლი „ოდოია". აქვე მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენა და კონცერტი როგორც მოწვეული, ასევე ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიება ქალაქ ზუგდიდშიც - ზუგდიდის კულტურის ცენტრში, 12:00 საათზე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრი „აფხაზეთი"-„ბუდრუგანა-გაგრა" ადგილობრივი მოსახლეობისათვის სპეკტაკლს გამართავს. დაგეგმილია უკანასკნელი პერიოდის სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენებაც.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნები საჩუქრად გადაეცემა ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს.
პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო" მრავალფეროვანი ღონისძიებებით 9 ივლისს - სოფელ დიცში, 6 აგვისტოს - განმუხურში, 3 სექტემბერს კი სოფელ ნიქოზში გადაინაცვლებს.