„2018 წელს საქართველო წარმოდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, როგორც სტუმარი ქვეყანა. ეს ბევრ გერმანელს მისცემს საშუალებას, გაიცნოს ქართული კულტურა, ქართველი მწერლები უკეთესად, ვიდრე აქამდე", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივი ბრიფინგისას.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამასა და მის მოსამზადებელ სამუშაოებს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან მოლაპარაკებები 2010 წელს დაიწყო, ხოლო ოფიციალურად შეთანხმება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას შორის 2014 წელს გაფორმდა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის მოპოვება საუკეთესო საშუალებაა ევროპული საზოგადოებისთვის ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე პროცესების წარსადგენად.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობს საპატიო სტუმარი ქვეყნის როგორც ლიტერატურული ასევე კულტურული პროგრამის დაგეგმვა-განხორციელებაზე. ამჟამად, მიმდინარეობს ქართული ლიტერატურის გერმანულ ენაზე თარგმნისა და გერმანულენოვან ქვეყნებში გამოცემის პროცესი, სისტემატურად იმართება თანამედროვე მწერლების ლიტერატურული ტურები სხვადასხვა გერმანულენოვან ქალაქში.
პროგრამის დაგეგმვის მიზნით, თბილისს არაერთხელ სტუმრობდნენ გერმანიის წამყვანი გამომცემლობების, მუზეუმების, სხვადასხვა სახელოვნებო ცენტრის ხელმძღვანელები, ასევე გერმანელი ჟურნალისტები და ლიტერატურის კრიტიკოსები.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა (Frankfurter Buchmesse) ყველაზე პრესტიჟული და დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა არა მარტო ლიტერატურულ და საგამომცემლო, არამედ ზოგადად, კულტურულ სფეროში. ყოველწლიურად ბაზრობა 300 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს და 400 000-მდე წიგნს გამოფენს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 500 წლიანი ისტორია აქვს და ყოველი წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ფრანკფურტის საგამოფენო სივრცეში ტარდება. ღონისძიებას პირველი სამი დღის განმავლობაში მხოლოდ საქმიანი ვიზიტორები სტუმრობენ, ხოლო ბოლო ორ დღეს ბაზრობა ღიაა ფართო საზოგადოებისთვის. ბაზრობა 5 დღის მანძილზე მიმდინარეობს; 100-მდე ქვეყნის 7000-ზე მეტ მონაწილეს საშუალება ეძლევა შეხვდნენ თავიანთ საერთაშორისო პარტნიორებს, დაამყარონ და განავითარონ საქმიანი ურთიერთობები. ყოველწლიურად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დაახლოებით 9000-მდე საერთაშორსო აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ შუქდება.