logo_geo
eng_logo
თენგიზ ჩობანიძე: ავლიპ ზურაბაშვილი - კაცი, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება
- +

6 მაისი. 2020. 13:54

 

 

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ხშირად ჩნდება ფრაზები: „ღმერთო, ავლიპა გვესროლე...“, „ავლიპ, გვიშველე...“, „ავლიპა პაპა სჭირდება საქართველოს...“ და ა.შ. თანამედროვე თაობის დიდმა ნაწილმა ავლიპ ზურაბაშვილის შესახებ ბევრი არაფერი იცის. არადა, ის იყო მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრი და ნეირომორფოლოგი, საქართველოში თავის ტვინის კვლევის ევოლუციური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი, თავის ტვინის ნატიფი აღნაგობის, ნერვულ უჯრედთა აღდგენადი დაზიანების, პათოფსიქოლოგიის, პერსონოლოგიისა და პათოპერსონოლოგიის შესახებ ავლიპისეულმა ფუნდამენტურმა გამოკვლევებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

 

ავლიპ ზურაბაშვილი დაიბადა 1902 წლის 15 თებერვალს კახეთში, სოფელ ბოდბისხევში. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრაზე ჯერ ასისტენტად და შემდეგ დოცენტის ხარისხიც მიიღო. 1930–1938 წლებში, ავლიპი ლენინგრადში პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის და ბეხტერევის სახელობის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის ასპირანტი გახდა, შემდეგ - უფროსი მეცნიერ-მუშაკი. 1938–1964 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. 1946 წელს მიანიჭეს საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება, ცოტა ხანში კი იუნესკოსთან არსებული ტვინის შემსწავლელი ორგანიზაციის (იბრო) წევრის სტატუსი.

 

და კიდევ,  - 1938 წლიდან მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტსაც დირექტორობდა და პარალელურად,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგეობასაც ითავსებდა.

 

ავლიპ ზურაბაშვილს გამოქვეყნებული აქვს 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა ნაწილი თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ და სხვა ენებზე.

 

ზურაბაშვილის გამოკვლევები ძირითადად ეხებოდა კლინიკური ფსიქიატრიისა და ნეირომორფოლოგიის საკითხებს. მან ამ სფეროში შეიტანა ბევრი სიახლე, განავითარა დებულებანი ფსიქონევროლოგიაში პერსონოლოგიური კვლევის მნიშვნელობის შესახებ. ფსიქოლოგიასა და კლინიკურ ფსიქოლოგიაში იკვლევდა ეთიკის, მორალისა და ჰუმანიზმის პრობლემებს, ადამიანთა და ცხოველთა ცენტრალური ნერვული სისტემის ნატიფი სტრუქტურის, აგრეთვე ნეიროდინამიკური ფსიქიატრიის პრობლემებს, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის პრობლემებს,. ღრმად შიზოფრენიის მაგვარი მდგომარეობები.

 

მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ზურაბაშვილის დებულებას შიზოფრენიის დროს პრეფქისოზური სიმყიფის შესახებ და აგრეთვე მისმა შეხედულებას პარაშიზოფრენიის თავისებურებათა შესახებ.

 

1955 წელს ავლიპ ზურაბაშვილი ჯერ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა, ხუთი წლის შემდეგ კი ყოფილი საბჭოთა კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მისი ჯილდოების ჩამონათვალი შორს წაგვიყვანდა. დიდი ფსიქიატრი 1994 წლის 15 აგვისტოს გარდაიცვალა.

 

ავლიპ ზურაბაშვილთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო და მხიარული ისტორიებია შემონახული.

 

ამბობენ, რომ კომუნისტების ხანაში მამა გაბრიელმა 1 მაისის დემონსტრაციაზე ლენინის პორტრეტს ცეცხლი მოუკიდა, რის გამოც, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოუთავსებიათ, მამა გაბრიელს, ავლიპ ზურაბაშვილის დახმარებით, ფსიქიატრიული კლინიკიდან თავი დაუღწევია,

 

ისე, დიდი ფსიქიატრი კომპარტიის უმაღლესი საბჭოს დეპუტატიც იყო და ხშირად ესწრებოდა სხდომებს. ერთ-ერთ შეკრებაზე უთქვამს, - ჩვენი პარტია ბოლოკს მაგონებსო. როცა ჰკითხეს, - რატომაო? უპასუხია - გარედან წითელია და, რომ გაჭრა, შიგნიდან სულ თეთრიაო...

 

კომპარტიის ყრილობებზე, თურმე ხშირად იგვიანებდა და პარტერის პირველ რიგში, ჩვეულებრივ პარტიულ მუშაკთა შორის იკავებდა ადგილს. როდესაც ეტყოდნენ, -  ბატონო ავლიპ, თქვენი ადგილი ხომ პრეზიდიუმშია, ამობრძანდითო, პასუხობდა, - აქედან უკეთესად გაკვირდებითო.

 

მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე ავლიპ ზურაბაშვილთან დაკავშირებულ ერთ შემთხვევას ხშირად ჰყვებოდა ხოლმე... ამ ისტორიაში ბრიჯიტ ბარდო, სოფი ლორენი და ჯინა ლოლობრიჯიდა ფიგურირებდნენ.

 

 „ავლიპი შემოვლაზეა პალატებში. ერთ პალატაში ერთ პაციენტს ჩამოუჯდა საწოლთან და ალერსიანად ეკითხება:

 

– აბა, ჯემალიკო, როგორა ხარ, თავს როგორა გრძნობ?

 

– რა ვიცი, აბა... ძალიან მაგარ გასაჭირში ვარ, ექიმო.

 

 – რათა, რა მოხდა?

 

– გადამრევენ ეს ქალები (ეტყობა, ამ „პროფილით“ მოხვდა სტაციონარში)!

 

– რაო, რა უნდათ?

 

– მეც კაცი ვარ, ადამიანი... განა ამდენი შემიძლია?

 

– რა შეგიძლია და რა არ შეგიძლია, შეიძლება, მიამბო?

 

– კი, ბატონო, ოღონდ, არ გამთქვათ... ერთ ღამეს სოფი ლორენთან ვწევარ, მეორე ღამეს – ლიზა ტეილორთან, მესამე ღამეს – ჯინა ლოლობრიჯიდასთან...  აგე, წუხელ ბრიჯიტ ბარდოსთან ვიწექი, ამაღამ მირეი მატიესთან უნდა დავწვე, მიცდის... ხვალ საღამოს კიდევ, ანი ჟირარდო და მილენ დე მონჟო ერთად მელოდებიან... შემიძლია მე ამდენი?!

 

ავლიპმა ცოტა ხანში „გამოსავალი იპოვა“.

 

– კარგი... შენა ამაღამ მიდი იმ შენს მირეი მატიესთანა, ხვალ საღამოსა ანი ჟირარდოსთან და მილენ დე მონჟოსთან მე მივალ... შეგენაცვლები, გაიგე შენა?

 

– აგაშენა ღმერთმა, – გაიხარა პაციენტმა.

 

– შენ როგორ ხარ? – ახლა მეორეს ეკითხება, ჟორჟიკას.

 

– ცუდად, ექიმო... მატარებლის მემანქანე ვარ და სამ-სამი სმენა გადაბმულად ვმუშაობ. ამაღამაც მატარებელი უნდა ჩავიყვანო ქუთაისში, ხვალ საღამოს ისევ უნდა წამოვიყვანო. გავსავათდი კაცი, აღარ შემიძლია, ბატონო, აღარც ეგეთი ხელფასი მინდა, რა!..

 

აბა, ანალოგს რაღა მოფიქრება უნდოდა?

 

– მოკლედ, შენ ჩაიყვანე ამაღამ მატარებელი ქუთაისში და ხვალ საღამოს იქიდან მე წამოვიყვან.

 

– მართლა? – ამოისუნთქა ჟორჟიკამ.

 

– ჰო, მართლა, მართლა... თუმცა, მოიცა, ხვალ საღამოს არ მცალია, ორი ფრანგი ქალი მიცდის და, ხომ არ მოვატყუებ? იჰ! – გამოერკვა მაშინვე, – ნეტა მეც არ გამაგიჟებდეთ თქვენა და... – წამოხტა და გავარდა პალატიდან“.

 

ავლიპი ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების „კლასიფიკაციას“ ახდენდა. პაციენტები, რომლებიც მომავალზე „პროგნოზებს“ აკეთებდნენ (ზოგნი არწმუნებდნენ მას, რომ დადგებოდა დრო, როცა ტელევიზორებს შპალერივით კედელზე გააკრავდნენ, ფოტოსურათებს ტელეფონით გადაიღებდნენ და ა.შ.), ფსიქიატრს „პროგრესულად მოაზროვნეთა კლასში“ გადაჰყავდა. მას „დროში მოგზაური“ პაციენტებიც ჰყავდა (ამის დამადასტურებელი ვიდეო პოპულარულია სოცქსელებში)...

 

და ბოლოს, ერთი ისტორიაც: ერთ-ერთ იუბილეზე, ავლიპ ზურაბაშვილს მსოფლიოს წამყვანი რამდენიმე ფსიქიატრი სწვევია. სტუმრები საქართველოს ცეკას მაშინდელი შემადგენლობიდანაც იყვნენ. ავლიპს კახურად მოულხენია. სტუმრებს რომ აცილებდა, ცეკას თანამშრომლებისთვის ხელგაშლით უთქვამთ: თქვენ შემოგევლოთ ჩემი თავი, ჩემი ორგანიზაციის კარი მუდამ ღიაა თქვენთვისო...

 

შევარდნაძეს სიცილი აუვარდა და თანაპარტიელ პავლე გილაშვილისთვის უთქვამს - სად მეპატიჟება ეს კაციო...

 

ისე, კი, ხუმრობით, მიმდინარე მოვლენებს თუ გადავხედავთ, აუცილებლად მივალთ დასკვნამდე, რომ საქართველოს დღეს ნამდვილად სჭირდება დიდი ფსიქიატრი ავლიპ ზურაბაშვილი...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner