არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ" პროექტის „რესტორნები სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად" ფარგლებში, რიგით მესამე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ამჯერად, რესტორან „შატროვანსა" და თბილისში მცხოვრები ერთ-ერთი, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის მეგობრობას ჩაეყარა საფუძველი. კერძოდ, რესტორანმა „შატროვანმა" გოლაძეების 5-შვილიანი ოჯახი გაიცნო, სადილით უმასპინძლა და აიღო პასუხისმგებლობა, აღნიშნული ოჯახი 12 თვის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ მთელი კვირის საკვები მარაგით უზრუნველყოს. გოლაძეების მრავალშვილიანმა ოჯახმა მადლიერება გამოხატა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მათ ამგვარი გრძელვადიანი თანადგომა გამოუცხადა.
აღნიშნული სახელწოდების პროექტის ფარგლებში, „პოზიცია" თბილისში, 12 დიდ რესტორანთან თანამშრომლობის საფუძველზე, 12 თვის განმავლობაში 12 სოციალურად დაუცველი, მათ შორის მრვალშვილიანი ოჯახებისთვის საკვებით უზრუნველყოფის ორგანიზებას ახდენს. პროექტის ფარგლებში, 12 რესტორნიდან თითო რესტორანი თითო ოჯახს მზრუნველობას 1 წლის მანძილზე გაუწევს და იღებს ვალდებულებას, მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ოჯახი კვირაში სულ მცირე 2-ჯერ, მთელი კვირის განმავლობაში საკმარისი, მზა საკვებით უზრუნველყოს.