„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საგარეჯოს რაიონში გამართული არჩევნების შედეგებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შედეგები გაყალბებულია, რაშიც საზოგადოება ჯარისკაცების ინტერვიუების გაცნობის შემთხვევაში კიდევ უფრო დარწმუნდება.
ინაშვილი საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ ბოლო 2 დღეა მუხროვანის სამხედრო ნაწილი ჟურნალისტებისთვის ღიაა, თუმცა არჩევნების დროს ვითრება სულ სხვაგვარი იყო...
„რაც უფრო მეტი ჯარისკაცის ინტერვიუს ვისმენთ მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან, მით უფრო ნათელი ხდება, რომ თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პირები ტყუილის თანამონაწილედ აქცია.
აი, ახალგაზრდა ბიჭი, წარმოშობით ზემო ნიქოზიდან გვეუბნება, რომ 31 ოქტომბერს ორ კანდიდატს შორის არჩევანი, თურმე, მათი საგარეო პოლიტიკური ხედვიდან გამომდინარე გააკეთა და ეს მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან შიდა ქართლიდანაა.
ვეკითხები ამ ახალგაზრდა ჯარისკაცს, ჩემს პროგრამას და ხედვას სად და როგორ გაეცნო?! ჯარის ნაწილში კამპანია არ მიწარმოებია. საჯარო გამოსვლებიდან კი, ერთ ციტატას ვერ მოიტანს, სადაც ვამბობ, რომ ევროინტეგრაციას ვეწინააღმდეგები. ეს ჯარისკაცი (იმდენად ახალგაზრდაა) შეიძლება დაბადებულიც არ იყო, როცა მე 90- იან წლებში სამაჩაბლოს ომის ამსახველ კადრებს ვიღებდი. რატომ უნდა ფიქრობდეს, რომ არჩევანი ე.წ. პრორუსული კურსის საწინააღმდეგოდ გააკეთა?
ახლა სიმართლეს შევხედოთ თვალებში. ჯარისკაცი (ზემო ნიქოზიდან) იმას არ ამბობს, რასაც ფიქრობს. იმას ამბობს, რაშიც დაარწმუნეს, რომ უნდა თქვას. ეს კიდევ სულ სხვა ტიპის მავნებლობაა. დეზინფორმაციული კამპანია ჰქვია ამას.
ბოლო 2 დღეა მუხროვანის სამხედრო ნაწილი ღიაა ჟურნალისტებისთვის. კარგი იქნებოდა, ასეთ "დემოკრატიულ" საარჩევნო უბანზე არჩევნების დღესაც გაეხსნათ კარი მედიის წარმომადგენლებისთვის. არადა, არ გახსნეს. დახურეს. რატომ? აააა, არ უნდოდათ ვინმეს ენახა, რა "ჰარმონიულად" ტრიალებდა ცნობილი "კარუსელი" და როგორ აკეთებდა ჯარი არჩევანს მხოლოდ 41-ის სასარგებლოდ, როგორც ჩრდილოეთ კორეაში ხდება ხოლმე.
თავდაცვის მინისტრის ემოციური მდგომარეობა ჩემთვის ადვილადასახსნელია, მაგრამ გადაეცით კეთილისმსურველებმა,- თავი დაანებოს ჯარისკაცების ინტერვიუებით მანიპულირებას. ეს მას ვერ დაიცავს. რაც მეტი ჯარისკაცი გამოდის და ამტკიცებს, რომ საგარეო კურსის მიხედვით გააკეთა არჩევანი, უფრო მარტივად დასტურდება, რომ ჯარი პოლიტიზირებული და არათავისუფალი იყო. ეს ვითარება იმაზე მაფიქრებს, რომ ჯარი ერთი პერსონის ხელში ბერკეტი ხდება. ეს ბერკეტი საფრთხედ ექცევა სახელმწიფოსაც და საზოგადოებასაც.
P.S. როცა საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაზე და თავდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, რა საყვარლად არიან ნაცები გატრუნულები?! გატრუნულები იმიტომ არიან, რომ გარდაბანში თინიკომ "გაუგორა", ჯარის ხმები აჩუქა. ეტყობა, იორმუღანლოს ვალი გადაუხადა."