ტურიზმის ინდუსტრიის პირველი, „გადაუდებელი დახმარების“ ეტაპის ფარგლებში შეთავაზებული შეღავათებით უკვე 6118-მა ტურისტულმა ბიზნესმა ისარგებლა - კერძოდ, მათ 4 თვით გადაუვადდა ქონების გადასახადი, ასევე საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე, - ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას ისაუბრა.
„არ გასულა, პრაქტიკულად არცერთი თვე, ჩვენ რომ რაიმე სიახლე და დახმარება არ შეგვეთავაზებინა ტურისტული ინდუსტრიისთვის. პირველი ეტაპი დავიწყეთ მარტში, რომელსაც ჩვენ „გადაუდებელი დახმარების ეტაპი“ დავარქვით, რადგან იმ მომენტისთვის ყველაზე მეტად დაზარალდა ტურისტული ინდუსტრია და უკვე ჩანდა, რომ ეს ტენდენცია უფრო გაძლიერდებოდა შემდეგ თვეებში. დღემდე, ტურიზმის სექტორს მათთან შეხვედრის და კონსულტაციის შედეგად, მართლაც უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები შევთავაზეთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას ინფორმაციით, ტურისტული სექტორი ასევე აქტიურად ჩაერთო დახმარების სხვა მიმართულებაშიც, კერძოდ, მცირე სასტურმოების დახმარების პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც მცირე სასტუმროებს სახელმწიფო უსუბსიდირებს საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის 80%-ს. მინისტრის განცხადებით, დღეის მონაცემებით უკვე 2200-მა სასტუმრომ დააფიქსირა თავისი სურვილი, რომ ამ შეღავათით ესარგებლა.
„ასევე ჩვენ მყისიერად გავაფართოვეთ მცირე სასტუმროების დახმარების პროგრამა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ეგიდით ხორციელდება - როდესაც სახელმწიფო ასუბსიდირებს ბანკის პროცენტის დიდ ნაწილს, 80%-იანი სუბსიდირება ხდებოდა. თუ აქამდე ეს იყო 20 ნომრამდე სასტუმროები, ჩვენ მარტში მივიღეთ გადაწყვეტილება და 50 ნომრამდე სასტუმროებზე გავავრცელეთ იგივე პროგრამა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მთავრობამ ტურისტულ ინდუსტრიას შუამდგომლობა გაუწია კომერციულ ბანკებთან და უმეტესი მათგანისთვის მოხდა საბანკო სესხის რესტრუქტურიზაცია.