დანიელ ჭონქაძის ქუჩა უწინ გუდოვიჩის სახელით მოიხსენიებოდა, ეს ქუჩა ძველი თბილისის რეალობაშიც და ახლაც ერთ - ერთ პრესტიჟულ უბნად ითვლება. დანიელ ჭონქაძის №12 -ში უზადო გემოვნების მქონე კომერსანტი ბოზარჯიანცი ცხოვრობდა. მან
ულამაზესი სახლის აშენება დაუკვეთა, სურვილი მალევე შესრულდა.
არსებობს ლეგენდა, რომ ამ სახლის საძირკველში ბრილიანტებია ჩაყრილი. ბოზარჯიანცები და მათი მეგობრები ფაეტონებიდან ყრიდნენ ძვირფას თვლებსა და ბრილიანტებს სახლის ფუნდამენტში, ისინი თვლიდნენ, რომ ბრილიანტები ბედნიერების მომტანი იყო. 1915 წელს ეს სახლი თბილისის საუკეთესო სახლის გამოსავლენ კონკურსში მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მიიღო. თუმცა, საუკეთესო ფასადის მქონე სახლი მაინც ეწოდა, რადგან, ოქროს მედალი და, შესაბამისად, პირველი ადგილი, არავის მიაკუთვნეს. ორგანიზატორებმა ვერ ნახეს თბილისში სახლი, რომელიც ოქროს მედლის ღირსი გახდებოდა.
ოდესღაც დიდებული სახლი დღეს საერთო კორპუსადაა გადაკეთებული და მისი ულამაზესი დარბაზიც გადატიხრულია.დანიელ ჭონქაძის № 12 - ში მდებარე სახლის ისტორიის უკეთ გასაცნობად, ამავე სახლში მცხოვრებ, ოპერის მომღერლის ბათუ კრავეიშვილის ქალიშვილს, თამარ კრავეიშვილს მივმართე.
-ქალბატონო თამარ, ვინ იყო ამ სახლის არიტექტორი?
- ამბობენ, ამ სახლის არქიტექტორი ოგაჯანოვი იყო, მაგრამ ეს არასწორია. დაახლოებით 80 წელია, რაც ამ ბინაში ჩვენი ოჯახი ცხოვრობს და, როგორც ვიცი, სახლი, ავსტრიული და აღმოსავლური სტილის დაცვით, ქართველებისა და ბელგიელების აშენებულია. საქართველო სპარსეთის და მთლიანად აღმოსავლური სტილის გავლენას განიცდიდა. ვინ მოთვლის, რამდენი საუკუნე ვებრძოდით მტრებს, თურქებს, ირანელებს და ამან შედეგიც გამოიღო, საკუთარი კულტურა დაამკვიდრეს საქართველოში. სახლის ფანჯრები ბროლის მინითაა გაწყობილი, შემორჩენილია ულამაზესი თაღი, რომელიც უზარმაზარ დარბაზს გაუყვება. თუმცა ახლა სახლი კორპუსადაა გადაკეთებული და დარბაზიც გადატიხრულია. ბოზარჯიანცები ვაჭრები იყვნენ, სანამ სახლის აშენებას გადაწყვეტდნენ, ცნობილნი იყვნენ იმითაც, რომ თამბაქოს აწარმოებდნენ.
- რატომ შეწყვიტეს თამბაქოს წარმოება?
- თამბაქო შემოჰქონდათ თურქეთიდან და აქ ყიდდნენ. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში ილია ჭავჭავაძეს ბანკი დაარსებული ჰქონდა. ვიცით, რომ პირველი ქართული ბანკის დამაარსებლების, მათგან კი, უპირველესად, ილია ჭავჭავაძის მიზანი იყო არა გამდიდრება, არამედ სხვადასხვა საზოგადოებრივი ღონისძიების, საჭიროების ფინანსური მხარდაჭერა, ეროვნული საქმის კეთება, რასაც აღნიშნული საფინანსო
ინსტიტუტი, ილიას ძალისხმევით, წარმატებით ახერხებდა. ბანკთან შეიქმნა საგანგებო ფულადი ფონდი ,,საერთო-სასარგებლო კაპიტალის'' სახელწოდებით. ბოზარჯიანცს დაზღვეული ჰქონდა ილიას ბანკში ის ჯიხური, სადაც თამბაქოს ყიდდა. მან ჯიხურს ცეცხლი წაუკიდა და გადაწვა. მოგვიანებით, ბანკმა ფული ოქროს მონეტების სახით აუნაზღაურა, რის შედეგადაც ბოზარჯიანცი ძალიან მდიდარი გახდა და არქიტექტორებს ამ სახლის აშენება დაუკვეთა. სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასში ცხოვრება ბოზარჯიანცს დიდხანს არ დასცალდა.
1917 წელს ბოზარჯიანცის ოჯახმა ევროპას მიაშურა. პატრონის გარეშე დარჩენილი ძვირფასი სახლი კი მუნიციპალიზებული ბინების რიცხვს მიემატა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელიტის „უბინაო" ნაწილის საცხოვრებლად გადაიქცა. ერთი ოჯახის მყუდრო ცხოვრებისთვის გამიზნული სახლი, რომელსაც თბილისელები „მადამ ბოზარჯიანცის სახლს" უწოდებდნენ, საერთო საცხოვრებელს დაემსგავსა.
ბოზარჯიანცი იყო თბილისში პირველი, რომელსაც ჰყავდა ავტომობილი და მას პარიზიდან ჩამოსული მძღოლი ემსახურებოდა. ავტომობილის სადგომი სახლის ეზოში დღემდეა შემორჩენილი. ეს სახლი გამორჩეულია იმითაც, რომ იქ მრავალი ქართული ფილმის ეპიზოდია გადაღებული. მათ შორის არის ,,დათა თუთაშხია", ,,მეტიჩარა'', „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება" და ,,ტიფლისი''.