logo_geo
eng_logo
თენგიზ ჩობანიძე: „შენ გენაცვალე, ჭიჭიკო!“
- +

8 მაისი. 2020. 14:49

 

 

9 მაისს სრულდება ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75 წლისთავი.  დიდ სამამულო ომში 700 ათასამდე ქართველი იბრძოდა. აქედან 300 ათასამდე დაიღუპა. დღეს სამამულო ომის ვეტერანები ცოტანი დარჩნენ. მივულოცოთ გამარჯვების დღე! მათ სწამდათ, რომ საბჭოთა კავშირი კარგი ქვეყანა იქნებოდა. არ გამოვიდა ასე, მაგრამ მათ ხომ ასე სწამდათ... ნუ ვატკენთ გულს ვეტერან ბებია-ბაბუებს. ისედაც ძალიან ცოტანი დარჩნენ... მათ ცხოვრებაში ხომ ერთ-ერთი საუკეთესო დღე - 9 მაისი, გამარჯვების დღე იყო...

 

მეორე მსოფლიო ომში უამრავმა ქართველმა სამაგალითო გმირობა უჩვენა. მათ შორის იყო მფრინავი ჭიჭიკო ბენდელიანი. ჩოხატაურის რაიონის სოფელ გორაბერეჟოულში 1914 წლის 29 იანვარს დაბადებულა ჭიჭიკო, რომელიც ბავშვობიდანვე ოცნებობდა მფრინავობაზე. სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა სევასტოპოლში, სამხედრო-საავიაციო სასწავლებელში გააგრძელა, რომელიც 1937 წელს დაამთავრა.

 

1941 წლის 22 ივნისს დიდი სამამულო ომი დაიწყო და იმავე დღეს შედგა მისი საბრძოლო ნათლობა. თავიდანვე ნათელი გახდა, რომ ჭიჭიკო ბენდელიანი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი იყო: კიევის დასაბომბად მოფრენილ 20 გერმანულ „იუნკერსს“ ოთხმა საბჭოთა მფრინავმა მოძველებული ტიპის „И-16“ თვითმფრინავით  გზა გადაუღობა. მათ შორის ჭიჭიკოც იყო. ისეთი საჰაერო ბრძოლა გაუმართეს, რომ გერმანელები დაფრთხნენ. 4 „იუნკერსი“ ჩამოაგდეს საბჭოელებმა და ერთი მათგანი ქართველის ანგარიშზე „აღმოჩნდა“. იმ პერიოდში, ჭიჭიკოს მეუღლე ნადია არჩვაძე და ქალიშვილი ჯულიეტა კიევთან სამხედრო ბაზაში ცხოვრობდნენ. ბრძოლიდან მობრუნების შემდეგ, ბენდელიანმა, სხვების მსგავსად, თავისი ოჯახის ევაკუაცია მოახდინა. ეშელონს, რომელსაც სამხედროთა ოჯახები საქართველოსკენ მოჰყავდა, ბენდელიანის საჰაერო ეკიპაჟი აცილებდა. თავგანწირულ ბრძოლაში, არ მიუშვეს ეშელონის დასაბომბად გერმანელები და ამ ბრძოლას ეშელონის მგზავრებიც უცქერდნენ... წერილი გაუტანებია ჭიჭიკოს ცოლისთვის: „სალამი გადაეცი, ნადია, საყვარელ საქართველოს, გადაეცი, რომ მისი შვილი არ შეარცხვენს და არ შედრკება მტრის წინაშე...“

 

ბენდელიანმა სულ 410 საბრძოლო გაფრენა მოასწრო, აქედან, 85 საჰაერო შეტაკება ჰქონდა მოწინააღმდეგეებთან - პირადად მან 9 და ჯგუფურად 12 გერმანული თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის შედეგად მაიორის წოდებაც მიიღო.

 

„როცა თვითმფრინავით დავდევ ვერაგ მტერს, ასე მგონია, ჩემი საქართველოს ძალა მიდგას მკლავში. რაც უფრო მაღლა მივფრინავ, მით უშიშარი ვხდები. არ დავზოგავ ძალ-ღონეს და სიცოცხლეს მტრის გასანადგურებლად. აქ, უკრაინაში, მე ვიცავ ჩემს საქართველოს, ჩემს მოხუც დედ-მამას, პაწია შვილს... ჩვენ გავიმარჯვებთ“, - წერდა ჭიჭიკო თავისი მეუღლისათვის გაგზავნილ ერთ-ერთ ბარათში...

 

ბენდელიანი პოლკში ყველას უყვარდა და ქართულად მიმართავდნენ ხოლმე: „შენ გენაცვალე, ჭიჭიკო!“

 

ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, მისმა გმირობამ მტერიც და მოყვარეც აალაპარაკა: გასაოცარი სიზუსტით შესრულებული საჰაერო ტარანით (ტარანი ითვლება უკიდურეს ნაბიჯად) - თავისი თვითმფრინავის ფრთით, მტრის „მესერშმიტს“ კუდი მოაჭრა და მიწას დაანარცხა. გერმანული მოიერიშე თვითმფრინავის შტურვალთან მჯდარა ლეგენდარული გერმანელი მფრინავი, რკინის ჯვრის კავალერი, ობერ-ლეიტენანტი კურტ სოხაცკი. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს მანამდე 38 თვითმფრინავი ჰყავდა ჩამოგდებული...

 

სოხაცკის დაღუპვამ მესამე რაიხის თავკაცები იმდენად შეაშფოთა, რომ ბენდელიანის ეკიპაჟზე ნადირობა გამოაცხადეს.

 

1942 წლის 21 მაისს, ოთხი გამანადგურებლისგან შემდგარმა ბენდელიანის ეკიპაჟმა ფაშისტთა 24-თვითმფრინავიანი ესკადრილიის დაშლა და გაძევება მოახერხა. თავად ქართველმა მფრინავმა უსასტიკეს შეტაკებაში, მტრის ორი გამანადგურებელი და ერთი მოიერიშე ჩამოაგდო. ბენდელიანის თავგანწირვით თავგზააბნეულმა ფაშისტებმა ბომბები საკუთარ ჯარებს დააყარეს თავზე... ეს ამბავი ჰიტლერს რომ მოახსენეს, გაცოფებულა.

 

ბენდელიანს სტალინგრადის დამცველთა რიგებშიც მოუწია ყოფნა და არც იქ შეურცხვენია თავი - მტრის 5 თვითმფრინავი ჩამოაგდო...

 

თანამემამულის გმირობის ამბავმა სტალინის ყურამდეც მიაღწია და ძალზე გახარებია -  1943 წლის 24 აგვისტოს ქართველ მფრინავს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს.

 

რამდენიმე წარმატებული საჰაერო ბრძოლის შემდეგ. ჭიჭიკოსთვის გმირის წოდება მეორედაც უნდა მიენიჭებინათ, მაგრამ, როგორც ჩანს, მავანს შურდა მისი წარმატება. ეს შემდგომში გაირკვა - მისმა საუკეთესო მეგობარმა, თბილისში სტუმრობის დროს,  ჭიჭიკოს ქალიშვილს ასეთი ამბავი მოუთხრო: ერთ-ერთი საბრძოლო გაფრენა წარმატებით რომ დაასრულეს, ბენდელიანმა და მისმა ეკიპაჟმა თვითმფრინავები სარემონტოდ დააყენეს და არყით სავსე რამდენიმე ჭიქით აღნიშნეს მტრის განადგურება. წესით, მათ მეორე დილამდე უნდა დაესვენათ, მაგრამ...  ვიღაცამ ჭიჭიკო სასიკვდილოდ გაწირა: ნასვამი ქართველი აიძულეს, დავალების შესასრულებლად წასულიყო. საბედნიეროდ, უვნებელი დაბრუნდა, თუმცა, მისმა თანამებრძოლებმა ვერაფრით ვერ ახსნეს, რატომ გაიმეტეს სიკვდილისთვის პოლკის საუკეთესო მეთაური...

 

ცოტა ხანში, ჭიჭიკო ბენდელიანი ამერიკული წარმოების „აეროკობრაში“ გადაჯდა  და ამჯერად, ამ ტიპის თვითმფრინავით აწიოკებდა მტერს.

 

1944 წლის 20 ივლისს, პოლონეთის საზღვართან ბრძოლების დროს, ბენდელიანის საავიაციო პოლკს დაავალეს მტრის მრავალრიცხოვანი რეზერვის განადგურება. ბომბებით აღჭურვილ საბჭოთა „Ил“-ებს მცველებად ბენდელიანი და პოლკის მეთაურის მოადგილე ვერხოვსკი გაუძღვნენ. დანიშნულების ადგილის სიახლოვეს, მათ თავს დაესხა 6 „ფოკე-ვულფისგან“ შემდგარი ეკიპაჟი. გერმანელებმა ასეთი მანევრი ჩაატარეს - ორი „ფოკე-ვულფი" ძირს დაეშვა, ოთხი კი 1700 მ სიმაღლეზე დარჩა და კურსი მზის მიმართულებით აიღო, რათა მხედველობის არე შეეზღუდათ ბენდელიანისა და ვერხოვსკისთვის. 1700 მეტრ სიმაღლეზე მყოფმა გერმანელებმა „Ил“-ები  გაატარეს და მათ მცველებს შეუტიეს... ჭიჭიკომ ერთი „ფოკე-ვულფი“ ჩამოაგდო, დანარჩენები კი გაიფანტნენ. ბენდელიანი ახლა დაბალ სიმაღლეზე დარჩენილ მტრის თვითმფრინავებს დაერია, რომლებიც „Ил“-ებს ავიწროებდნენ.... მანამდე კი ვერხოვსკის თვითმფრინავი ჩამოაგდეს.  გაქცეული გერმანელი მფრინავებიც მობრუნდნენ და ჭიჭიკო მარტო დარჩა მტრის 5 თვითმფრინავის წინააღმდეგ. ბენდელიანი ყოველი მხრიდან წამოსულ მტერს ოსტატურად იგერიებდა და იქით ავიწროებდა. კიდევ ერთი გერმანული თვითმფრინავი ჩამოვარდა, ქართველი მარტოდმარტო აგრძელებდა ბრძოლას დარჩენილ ოთხეულთან - არ აძლევდა საშუალებას, მიახლოებოდნენ საბჭოთა „Ил“-ებს, რომლებმაც მტრის რეზერვი სრულად გაანადგურეს და აეროდრომისკენ გაფრინდნენ.  სწორედ ამ დროს გერმანელების ახალშემომატებული ორი „ფოკე-ვულფი“ დიდი სისწრაფით, „Ил“-ებს აედევნა. ქართველი გმირიც მეგობრების მისაშველებლად გაეშურა... მისმა თავგანწირვამ მშვიდობას გაიყვანა საბჭოთა „Ил“-ები...

 

გამწარებულმა ოთხმა გერმანელმა ზურგიდან ესროლეს ბენდელიანს.

 

ქართველის დაცხრილული და ალმოდებული „აეროკობრა“ ძირს დაეშვა. მძიმედ დაჭრილმა ბენდელიანმა მაინც მოახერხა თვითმფრინავის მშვიდობიანად დასმა... თანამებრძოლების ხელებზე დალია სული ჭიჭიკო ბენდელიანმა...

 

გლოვის გამო, ერთი დღით საბრძოლო გაფრენები შეწყდა. თანამებრძოლები კვლავ ქართული სიტყვებით გამოეთხოვნენ - „შენ გენაცვალე, ჭიჭიკო!“ და დაკრძალეს უკრაინაში, კოველის რაიონის სოფელ გოლობიში.

 

საქართველოში კი ლექსი მიუძღვნეს ჭიჭიკოს:

„თბილისს მოვიდა ამბავი,

დაიწვა გული მზიანი,

ვარსკვლავებს მოსწყდა ვარსკვლავი,

ჭიჭიკო ბენდელიანი!“

 

2008 წლის 6 მაისს მისი ნეშტი თბილისში ჩამოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner