ოლიგარქ იგორ კოლომოისკის და ზელენსკის ტანდემი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ, დარჩენილი სახელმწიფო ანუ სახალხო ქონების განაწილებაა საჭირო, მეორე მხრივ, კი უზარმაზარი საგარეო ვალის მომსახურებას გვერდს ვერ აუვლიან.
უკრაინის ეკონომიკა 2019 წელს $140 მილიარდს შეადგენდა. სახელმწიფო საგარეო ვალი $84.4 მილიარდს, ხოლო საერთო საგარეო ვალი, კერძო კომპანიების ჩათვლით, $120 მილიარდს. 2019 წელს ვალის მომსახურებაში $6.6 მილიარდი გადაიხადეს. 2020 წელს კი ჯამში $17 მილიარდის გადახდა უწევთ, საიდანაც $13 მილიარდი ვალის ძირია, ხოლო $4 მილიარდი კი პროცენტი.
დეფოლტის გამოცხადება შეუძლიათ, მაგრამ ამ შემთხვევაში ახალ ვალებს ვერ აიღებენ და ვალის რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ მძიმე პირობების შესრულება მოუწევთ. გადაწყვიტეს შეასრულონ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნა და სახელმწიფო აქტივები საპრივატიზაციოდ გამოიტანონ და მიწის ბაზარი გახსნან. მომზადებულია 3643 სახელმწიფო საწარმოს სია, რომლის გაყიდვას ისინი ეტაპობრივად დაიწყებენ. აქ შედის ისეთი გიგანტები, როგორიცაა ოდესის პორტისპირა სასუქების ქიმიური ქარხანა, ცენტრენერგო, სუმის ქიმიური ქარხანა, რამდენიმე ოლქის ენერგოქსელი, ნიკოლაევის "ზორია-მაშპროექტი", "ელექტროტიაჟმაში", გაერთიანებული სამთო-ქიმიური კომპანია, შემნახველი "ოშადბანკი", "პრივატბანკი", "არტიომსოლი", სახელმწიფო სასურსათო-მარცვლეულის კორპორაცია, "უკრაინის პური", მანქანათმშენებელი ქარხანა "ბოლშევიკი" და სხვა.
მომზადდება საპრივატიზაციოდ უკრაინის ჰოსპიტალური სისტემა, რომლის ჯამური ღირებულება $300 მილიარდია. მთავარი აქტივი კი უკრაინული მიწაა. თავის დროზე უორენ ბაფეტს როცა ჰკითხეს: სად გვირჩევთ ინვესტიციების ჩადებასო, მან უპასუხა მიწაში, რადან ღმერთი მიწას აღარ ქმნისო. უკრაინას 40 მლნ სასოფლო-სამეურნეო მიწა აქვს, რომელიც მთლიანად სახელმწიფოს საკუთრებაა და მისი საბაზრო ღირებულება $200 მილიარდია, თუ 1 ჰექტარის ფასს $5000 დოლარად ჩავთვლით.
მეზობელ პოლონეთში 1 ჰექტარი $7000 ღირს, ხოლო ჰოლანდიაში 60 000 ევრო. უკრაინული მიწა მსოფლიოს საუკეთესო მიწების სამეულში შედის ბანგლადეშის და დანიის მიწებთან ერთად. მისი დამუშავება ნაკლებ ქიმიკატს მოითხოვს, რადგან მავნებლები ზამთრის ყინვების დროს იღუპებიან, შესაბამისად, მისი დამუშავების რენტაბელობაც მეტია. განსაკუთრებით დიდია უკრაინაში შავმიწა ნიადაგების მასივები, რომელთა სიღრმე ზოგ შემთხვევაში 38-40 მეტრს აღწევს, მაგალითად პოლტავის და ჩერკასის ოლქებში. შავმიწა ნიადაგები 28 მლნ ჰექტარს შეადგენს და ის მსოფლიო შავმიწა ნიადაგების თითქმის 10%-ია. მიწის კანონი, მსოფლიო ბანკის მოთხოვნით, პარლამენტმა მიიღო. 2021 წლის 1 ივლისიდან ფიზიკური პირების მიერ მიწის შესყიდვა დაიწყება, სადაც ერთ პირზე 100 ჰექტარის ლიმიტია დაწესებული. 2024 წლიდან კი ყიდვა-გაყიდვაში კომპანიებიც ჩაერთვებიან. უკრაინული მედია იუწყება, რომ ფინანსისტი ჯორჯ სოროსი 9 მლნ ჰექტარის შესყიდვას აპირებს და სპეციალურად ამისთვის უკვე იყიდა სხვადასხვა უკრაინული ბანკის ფილიალები, რათა შექმნას საკუთარი ბანკი, რომელიც "მიწასთან იმუშავებს".
ნათელია, რომ გასაყიდად გამოტანილ საუკეთესო აქტივებს უკრაინელი ოლიგარქები დაეპატრონებიან, თუმცა ისინი უცხოელებსაც დაუთმობენ 25-30 %-ს, შემოსულობების ნაწილს კი საგარეო ვალის გადახდას მოახმარენ.
რაში დასჭირდა სააკაშვილი ზელენსკი-კოლომოისკის ტანდემს?
ის, რომ სააკაშვილი რეფორმებისთვის სჭირდებათ - ზღაპარია. უკრაინელებმა ჩვენზე უკეთ იციან სააკაშვილის "ქართული რეფორმების" არსი და "ქართული რეფორმების" ანალიზიც ჩვენზე უკეთესი აქვთ გაკეთებული. იციან, რომ ეს ყველაფერი ძირითადად ფასადური და არასიღრმისეული იყო. ისიც იციან, რომ სააკაშვილის მმართველობის შედეგი სახელმწიფო ანუ ხალხის კუთვნილი ქონების იაფად დატაცება იყო და ეს ლიბერალური იდეოლოგიით იხსნიდა, მაგალითად, ბენდუქიძის მიერ. სააკაშვილის მთავარი ღირებულება დღევანდელი უკრაინული მმართველი ელიტისთვის სწორედ იმ "ქართულ მიღწევაში" მდგომარეობს, თუ როგორ მოახერხონ ხალხის მასობრივი მღელვარების გარეშე სახალხო ქონების იაფად ხელში ჩაგდება, როგორც ეს საქართველოში გაკეთდა 2004-2012 წლებში, როდესაც მილიარდების ქონება - ქარხნები, მიწები, ჰესები, კლინიკები, სტრატეგიული ობიექტები, წიაღისეული, პორტები, აეროპორტები და სხვა კერძო ხელში აღმოჩნდა.
უკრაინის მმართველი პარტიის მოლაპარაკე თავები სუსტები და გამოუცდელები არიან, ხალხი მათ არ უსმენს, ისინი ვერ შეძლებენ ისეთი პიარკამპანიის წარმოებას, რომ ხალხის ყურადღება პრივატიზაციისგან გადაიტანონ სხვა თემებზე, ანუ შოუებზე, სააკაშვილი კი შოუების დიდი ხელოსანია. სხვა ყველაფერში სუსტი და ზედაპირულია - შოუები კი გამოსდის.
საინტერესოა, თუ საიდან მოდის მითი სააკაშვილის რეფორმატორობის შესახებ. 2009 წლიდან უკრაინელი ტურისტების მოსაზიდად დიდი სახელმწიფო ფული იხარჯებოდა საქართველოს პიარზე. დაახლოებით $4-5 მილიონი ყოველწლიურად. ამას "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორი დავარაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც პიარსააგენტო ჰქონდა. მაშინ უკრაინაში ვიყავი, პრეზიდენტ იუშჩენკოსთან ვმუშაობდი ამერიკულ საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად და ამ პიარკამპანიას უშუალოდ ვაკვირდებოდი. ტურისტული პოტენციალის რეკლამასთან ერთად მიდიოდა მასირებული პროპაგანდა, რომ საქართველო რეფორმების ქვეყანაა, რომ დიდ პროგრესს მიაღწია, "გაიშნიკები" აღარ არიან და ლამის შვეიცარიას გავუსწარით, რა მაგარი ლიდერია სააკაშვილი და ა.შ. ამ დროს კი ყველა მისი რეფორმა ფასადური იყო.
რეფორმამ შედეგი ხომ უნდა მოიტანოს?! ამაში არ არის მისი არსი?! მაგალითად: ჩაატარეს განათლების, მისაღები გამოცდების რეფორმა - გაიზარდა განათლების ხარისხი?! პირიქით, დაქვეითდა და ამას საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს. ჩაატარეს პატრულის რეფორმა, ჩადგეს შუშის ოფისები - პოლიცია უკეთესი გახდა?! არა, სარდაფებში ხალხის წამება, ტოტალური თვალთვალი, კასრების კადრები და პოლიციური სახელმწიფო შეიქმნა.
4-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტი - კი ბატონო გაიზარდა, მაგრამ ფული ხომ ხალხისგან ამოიღეს, პლუს $5 მილიარდი ვალი დაგვიტოვეს და ხალხს მილიარდები წაგლიჯეს. სამართლიანობა, კერძო საკუთრება, ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გაითელა და ბევრი სხვა რამ. საერთო ჯამში სააკაშვილმა დატოვა ევროპის უღარიბესი სახელმწიფო უზარმაზარი ვალით, მგონი. მხოლოდ მოლდოვას ვუსწრებდით ეკონომიკური მაჩვენებლებით 2012 წელს. ზელენსკი-კოლომოისკის ტანდემს კი ახლა "პიარშიკი ბულდოზერი" სჭირდება, ანუ სანახაობა, რომელიც ხალხის ძარცვის რეალურ პროცესებს გადაფარავს. იმ ოლიგარქებს თუ მინიოლიგარქებს, რომლებიც არ შეუთანხმდებიან უკრაინის დღევანდელ მმართველებს, სააკაშვილს მიუქსევენ და ეს იქნება მართვის მოდელი.
რა გეგმა იყო?
თავდაპირველი გეგმა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ერმაკი ლობირებდა, მდგომარეობდა შემდეგში: სააკაშვილი ინიშნებოდა ვიცე-პრემიერად, გიზო უგლავა გადადიოდა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად, ხოლო დავით საყვარელიძე კი ინიშნებოდა საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელად. ამ სამეულს კი უნდა გაეკეთებინათ ის, რაც საქართველოში წარმატებით გამოუვიდათ, ანუ კორუფციასთან ბრძოლის მოტივით, ხალხისთვის ფული წაერთმიათ. საქართველოში 800 000 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და აქედან 99,99% დასრულდა საპროცესო გარიგებით, ანუ ფულის გადახდით. 5000 ლარზე ნაკლები არავის გადაუხდია, მილიონები კი ბევრს. ეხლა თავად დათვალეთ რამდენი ფული წაიღეს მხოლოდ ამ მეთოდით. აღებული თანხები რაღაც საქველმოქმედო ფონდებში და ხშირ შემთხვევაში ოფშორებში ირიცხებოდა. საშუალოდ 20 000 ლარი რომ ვიანგარიშოთ, 16 მილიარდი ლარი გამოდის თითქმის $10 მილიარდი ამ პატარა ქვეყანაში. ეს იყო ქართველი ხალხის უპრეცენდეტნო ძარცვა. ბოლოს ყველას რომ წაართვეს ფული, 3-ოთახიანზე დიდი ბინა ვისაც ჰქონდა, იმათ სიებს აკეთებდნენ, რომ შვილებისთვის ნარკოტიკი, იარაღი ჩაედოთ, ბინების გაყიდვა აეძულებინათ და საპროცესოს თანხები ისე წაერთმიათ. ამის განხორციელება არ დასცალდათ - ივანიშვილმა ჩამოაგდო. ამ სცენარის გამეორება უკრაინაშიც არ არის შეუძლებელი.
ვინ ლობირებს სააკაშვილს უცხოეთში?
სააკაშვილს 2003 წელს ხელისუფლებაში მოსვლაში სამი ძალა დაემხარა: კრემლი, სოროსი და ამერიკელი ნეოკონსერვატორები (მაკ-კეინის და რენდი შონემანის ჯგუფი). 2005 წლის ბოლოს პუტინთან იჩხუბა, მას შემდეგ, რაც რუსებმა აჭარა გადმოულოცეს და ამან კი გადააგდო. სოროსთანაც კონფლიქტი მოუვიდა, რადგან ბოლომდე არ შეუსრულა ფინანსური ვალდებულებები, რაც "ვარდების რევოლუციის" წინ აიღო. მაკ-კეინიც გაბრაზებული იყო, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომი, რომლითაც მაკკეინს რეიტინგი ეზრდებოდა 2008 წლის აშშ-ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ბოლომდე ვერ გაუქაჩა. არადა, 100 000-იანი რეზერვის მიერ პარტიზანული ომის წარმოება იყო ჩაფიქრებული, თუმცა, რეზერვი მოუმზადებელი აღმოჩნდა, მოსამზადებელი ფული შეჭმული, ხოლო შეშინებული მთავარსარდალი ხან ჰალსტუხებს ღეჭავდა, ხან კი გორში მიწაზე ფორთხავდა.
ომის შემდეგ დასავლეთიდან მიღებული $4 მილიარდიც დღემდე უცნობია, თუ სად წავიდა.
ზემოხსნებულ ძალებს ყველას თავისი მიზანი აქვს: კრემლს შეიძლება აინტერესებდეს სააკაშვილის მეშვეობით უკრაინის დესტაბილიზაცია შიგნიდან და შემდეგ კონტროლის დამყარება უკრაინის უმეტეს ტერიტორიაზე დასავლეთ უკრაინის (ლვოვი, ტერნოპილი, ივანო-ფრანკოვსკი) გარდა.
დაახლოებით ისე, როგორც ეს მოახერხა კოდორის ხეობის და ახალგორის შემთხვევაში. სოროსს უკრაინული მიწების და სხვა აქტივების იაფად მიღება სურს, ამერიკელ ნეოკონსერვატორებს კი უკრაინა-რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაცია და ამის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის წინააღმდეგ გამოსაყენებლად სჭირდებათ. თავად სააკაშვილს კი ამ ორომტრიალში მეტი ფულის გაკეთება სურს, რათა შემდეგ ეს თანხები საქართველოს პოლიტიკისკენ მომართოს და თავისი 6%-იანი რეიტინგი როგორმე გაზარდოს. უკრაინაში მისი რეიტინგი ბოლო კვლევებით 0,34%-ია. დიდი ფულის სწრაფად შოვნის ყველაზე ეფექტური საშუალება კორუფციასთან ბრძოლაა - ეს გაკვეთილი სააკაშვილმა საქართველოში ქართველი ხალხის ძარცვისას კარგად შეითვისა.
რატომ არ გაითვალისწინა უკრაინამ საქართველოს პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით და შექმნილ რეალობაში რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ?
უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. მათი გადაწყვეტილებები ადგილობრივი ოლიგარქების და საერთაშორისო საფინანსო წრეების ინტერესების ბალანსია. ამას ხალხიც ხვდება და შედეგად არასრულ ერთ წელიწადში ზელენსკის რეიტინგი 73%-დან 42%-მდე დაეცა. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე კი ვარდნა უდაოდ გაგრძელდება.
ცხადია, საქართველოში ძებნილი პირის სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნა არ არის მეგობრული ჟესტი და საქართველოს უპატივცემლობას ნიშნავს. აუცილებელია პროტესტის დაფიქსირება დიპლომატიური გზებით. უკრაინის მიმართ რადიკალური ნაბიჯები ბრძნული ქმედება არ იქნება. პოლიტიკოსები და მით უმეტეს პოლიტიკანები მიდიან და მოდიან - ისინი ჩვენთვის ძვირფასნი არ არიან. ხალხებს შორის ურთიერთობა კი ძვირფასია და მას ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეორე მხარე ამ ურთიერთობას ჯეროვნად არ აფასებს. უფრო შორს გავიხედოთ. ზომიერი ნაბიჯები კი უდაოდ მისაღები იქნება. ჩინური სიბრძნე ამბობს: "თუ ნაპირზე დიდხანს იდგები, დაინახავ, რომ წყალი შენი მტრების გვამებს ჩამოატარებს. თუ შენ მიცურავ მდინარეში და ხედავ, რომ ნაპირზე მტერი დგას - ესე იგი, შენ ხარ გვამი". ამასობაში კი სააკაშვილი კიევთან, პრესტიჟულ დასახლება ლესნიკებში მეორე სახლს იშენებს, რომლის ღირებულება უკრაინული მედიის ცნობით $450 000 არის.
პრეზიდენტთან არსებული რეფორმების საბჭო 2014 წელს შექმნა პოროშენკომ. სწორედ ამ საბჭოს სხდომაზე ესროლა წყლიანი ჭიქა სააკაშვილს შსს მინისტრმა არსენ ავაკოვმა, რომელიც კვლავ მინისტრია და თანაც ყველაზე გავლენიანი. რეფორმების საბჭოს შეფი პრეზიდენტია. საბჭოს ჰყავს აღმასრულებელი კომიტეტი, ანუ აღმასკომი, რომლის თამჯდომარედაც დაინიშნა სააკაშვილი. უკრაინის კანონმდებლობით, სახელმწიფო თანამდებობაზე არ შეიძლება ნასამართლევი ადამიანი დაინიშნოს.
უკრაინასა და საქართველოს აქვთ სამართლებლივი თანამშორმლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მხარეები ცნობენ ერთმანეთის ნასამართლეობას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საჭიროების შემთხვევაში, თუ სააკშვილი აღარ მოემსახურება კოლომოისკის ინტერესებს და ვინმე იჩივლებს საკონსტიტუციო სასამართლოში, სააკაშვილის დანიშვნა ჩაითვლება უკანონოდ.
გლეხური ენით რომ ვთვაქთ, კოლომოისკის სააკაშვილი "ლაფატკაზე" უდევს და ნებისმიერ წამს შეუძლია მოისროლოს. ამითაც აიხსნება ის, რომ ზელენსკიმ და კოლომოისკიმ არ მოინდომეს მისი ვიცე-პრემიერად დანიშვნა, რაც პარლამენტის მიერ გაცემულ მანდატს გულისმხმობს და მეტ ლეგიტიმურობას იძლეოდა.