logo_geo
eng_logo
თენგიზ ჩობანიძე: ზესაიდუმლო იარაღის ქართველი გამომგონებელი
- +

9 მაისი. 2020. 11:09

 

 

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს, ფაშისტებს ბლოკადაში მოქცეული ლენინგრადის (ამჟამად სანკტ-პეტერბურგის) აღებაში, მოსალოდნელ დიდ დანაკარგებზე ფიქრმა შეუშალა ხელი. საქმე ეხებოდა მოულოდნელ აფეთქებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გერმანელების მიერ აღებულ სხვა ქალაქებში.  სწორედ ასე წერია  ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გერმანიის მაშინდელი ხელისუფლების საიდუმლო დოკუმენტებში. შემდგომში გაირკვა, რომ გერმანელებმა დიდი ზარალი მიიღეს ვლადიმერ ბექაურის მიერ გამოგონებული ხელსაწყოებიდან, რადიოსიგნალებით მართვით, ნაღმების აფეთქებების შედეგად.  ასეთ რადიომოწყობილობებს, რომლებსაც შეეძლოთ ნაღმების აფეთქება  170 კილომეტრი მანძილიდან, იმ პერიოდში ანალოგი არ გააჩნდა მთელ მსოფლიოში... მოწყობილობებმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა გერმანელთა დამარცხებაში. მისი გამომგონებელი კი მეორე მსოფლიო ომი დაწყების მომენტში ცოცხალი აღარ იყო.

 

ვლადიმერ ბექაური 1882 წელს თბილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის სოფელ კიტოხში ივანე ბექაურისა და ეკატერინე ნოზაძის ოჯახში დაიბადა. მამა ადრე გარდაეცვალა და მარჩენალის გარეშე დარჩენილი ოჯახი ხაშურის მაზრის სოფელ ალში, ნათესავებთან გადასახლდა. ვლადიმერი ხაშურის რკინიგზის სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის მიხეილის რკინიგზის ტექნიკურ სასწავლებელში სწავლობდა.

 

1903-1904 წლებში, ის ტექნიკოსად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მე–13 სამშენებლო უბანზე. აღსანიშნავია, რომ მისი ხელმძღვანელობით, ხარაგაულსა და ძირულას სადგურებს გაიყვანეს 64 მეტრი სიგრძის გვირაბი. გვირაბის შესასვლელთან მარცხენა კედელზე ქვაზე ამოკვეთილი იყო ვ.ი. ბექაურის ინიციალები. გარდა ამისა, ტექნიკოსად მუშაობდა ჯულფა–თავრიზისა და კაუჩანძი–ჩუნჯულინის სარკინიგზო გზების მშენებლობაზე.

 

1907 წელს საცხოვრებლად ჯერ  ციმბირში, შემდეგ  პეტერბურგში გადავიდა, სადაც ცოლად შეირთო ლიდია ვალსტრემი (პუტილოვოს ქარხნის, წარმოშობით შვედი მჭედლის ქალიშვილი), რომელთანაც ერთი ქალიშვილი – ნინო შეეძინა.

 

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე ვლადიმერ ბექაური ოჯახს  წვრილ–წვრილი ტექნიკური გამოგონებებისა  და ნახაზებისთვის მიღებული ფულით არჩენდა. იმ პერიოდში გამოიგონა  ავტომატური დამცავი სიგნალიზაციის ხერხი, რომლის პატენტი შეისყიდეს გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, იტალიასა და იაპონიაში. ეს ბოლშევიკებს არ გამოჰპარვიათ და 1921 წლის 15 აგვისტოს მთავრობის დადგენილებით დანიშნეს სპეციალური დანიშნულების სამხედრო გამოგონებების ბიუროს ხელმძღვანელად. სამუშაოებისათვის ქართველ გამომგონებელს 150 ათასი შვეიცარიული ფრანკი გამოუყვეს, თანაც ინჟინრებისა და ხელოსნებისგან შემდგარი 77-კაციანი ჯგუფი დაუქვემდებარეს. ბექაურის ხელმძღვანელობით იწარმოებოდა ნაღმები, ტორპედოები (როგორც სახმელეთო ტექნიკისთვის, ისე წყალქვეშა ნავებისთვის), კავშირგაბმულობის საშუალებები, საპარაშუტო ტექნიკა და მრავალი სხვა. ქართველმა გამოიგონა აპარატურა საჰაერო–სადესანტო ოპერაციათა ტექნიკის უზრუნველყოფისათვის. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის რადიოტექნიკის დარგის განვითარებაში.

 

1929 წლისათვის წითელმა არმიამ  ბექაურის ბიუროს მიერ დამზადებული 11 ახალი სახის იარაღი მიიღო, პარალელურად, 24 სახეობა კი გადიოდა გამოცდას. უშუალოდ ვლადიმერ ბექაურს ეკუთვნოდა შემდეგი სახის კონსტრუქციების გამოგონებები: პარაშუტის ავტომატური გახსნის მოწყობილობა დროის გარკვეულ მონაკვეთებში გასახსნელად (1922 წ.); მოწყობილობა ტორპედოს მოცემული ტრაექტორიით მოძრაობისა და აფეთქებისათვის (1924 წ.), ფარული რადიოსიგნალიზაციის ხელსაწყო, მანძილზე მართვის ხელსაწყო მცურავი კატარღებისათვის (1926 წ.) და  სხვ.

 

საბჭოთა კავშირში რადიომაუწყებლობის სადგურების შექმნის შემდეგ, ვლადიმერ ბექაურს დაავალეს, ეხელმძღვანელა რადიოსიგნალის საშუალებით აფეთქებებისათვის. 1925 წელს შედგა პირველი საცდელი აფეთქება – ფუგასებამდე მანძილი 25 კილომეტრს შეადგენდა, მალევე ეს მანძილი 170 კილომეტრამდე გაიზარდა და რადიოთი მართული ასაფეთქებელი ხელსაწყო 1929 წელს ჩაბარდა სამხედრო წარმოებას. მისი სახელწოდება იყო „ბემი“ (ბექაურისა და მისი თანაშემწის პროფესორ მიტკევიჩის გვარების პირველი ასოების მიხედვით).

 

1932 წელს შეიქმნა მსოფლიოში პირველი ნაღმების რადიოთი მართვის საჯარისო ქვედანაყოფი. ასეთი ნაყოფიერი მუშაობისათვის და უნიკალური გამოგონებებისათვის, 1936  წლის 10 მარტს, ვლადიმერ ბექაური შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს. მაგრამ. მომდევნო წელს, ვლადიმერ ბექაური გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და 1938 წლის 8 თებერვალს დახვრიტეს. ბექაურს დაუსრულებელი დარჩა რადიომართვადი უპილოტო თვითმფრინავების, ტანკებისა და წყალქვეშა ნავების პროექტები... ასე გადაუხადეს „მადლობა“ კომუნისტებმა ქართველს, რომლის გამოგონებულმა იარაღმა თავ-ბედი აწყევლინა გერმანელებს.

 

1941 წელს II მსოფლიო ომის დასაწყისში, როდესაც საბჭოთა ჯარები უკან იხევდნენ და გერმანელები იკავებდნენ რუსეთისა და უკრაინის ქალაქებს, ყველგან ამჩნევდნენ ერთი და იმავე ტიპის მოვლენას – შენელებული მოქმედების ნაღმების აფეთქებას ფაშისტების მიერ დაკავებულ ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებზე. გერმანელებმა შენელებული მოქმედების ნაღმების აღმოჩენისა და  გაუვნებელყოფისათვის ერთი წელი დაკარგეს. გარდა ამისა, ცდილობდნენ ბექაურის გამოგონებულის ანალოგის შექმნას, მაგრამ უშედეგოდ. ვლადიმერ ბექაური რეაბილიტირებულ იქნა 1956 წელს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner