ექიმმა ნინო კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა. კუზანოვამ პარტიიდან წასვლის მიზეზებზე ტელეკომპანია „პირველის" ეთერში ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, პარტიაში იყო ისეთი ხალხი, რომელთა გვერდით ყოფნასაც არ ისურვებდა.
„მქონდა საუბარი თავიდან ბატონ პაატასთან და მის ერთ-ერთ თანამშრომელთან. ფაქტობრივად არ ვიცნობდი პარტიის სხვა წევრებს. პაატა ბურჭილაძეს ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი, დღემდე ძალიან დიდ პატივს ვცემ. მოვითხოვე პარტიის პროგრამა, რომ მცოდნოდა. ყველას უარი განვუცხადე ინტერვიუზე, სანამ დეტალურად არ გავივლიდი. მე მიყვარს ციფრები, ფაქტები, სტატისტიკა, დადასტურებული ყველაფერი. მოვითხოვე პროგრამა, ჩავუჯექი, გადავხედე ხალხს, რომლებიც ყოველდღე იმატებდა და აღმოვაჩინე ბევრი ისეთი ადამიანი, ვის გვერდზეც არ ვისურვებდი ყოფნას და მათთვისაც არ იქნებოდა ეს სასურველი",-აღნიშნა კუზანოვამ.
მისივე თქმით, პროგრამა, რომელიც ნახა, უნდა დახვეწონ და რეალურს მიუახლოვონ.
„ერთი ციფრით მაინც გაამყარონ, რომ არ იყოს კიდევ ერთი მეზღაპრე პარტია",-აღნიშნა კუზანოვამ.
პაატა ბურჭულაძის პარტიის დამფძნებელი ყრილობა 28 მაისს გაიმართა.
„როგორც წესი, როცა სადღაც რაღაცის გასაკეთებლად მივდივარ, ძირითადად ცენტრალურ მოთამაშედ მოვიაზრები.აქედან გამომდინარე სავარაუდოდ სიაში ვიქნები, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში 28 მაისს ნინო კუზანოვამ.
"საქართველოში არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს იმის მიზანი, რომ დააკნინოს ქვეყანა .ორად-ორი კითხვა დავსი, იყო თუ არა ეს პარტია ვინმეს სატელიტი პარტია და გადაეცემოდა თუ არა ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ხმა ვინმე სხვა ძალას, რაზეც მივიღე დაბეჯითებითი უარი. ჩემთვის ეს საკმარისი არგუმენტი იყო, რომ ამ პარტიის მუშაობაში ჩავრთულიყავი."- აღნიშნა ნინო კუზანოვამ.