„ალფა-ბანკის" სათაო ოფისში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული დოკუმენტი გაყალბებულია.
2030-მა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული დოკუმენტი, მისი ნამდვილობის დადასტურების მიზნით, მოსკოვში, „ალფა-ბანკის" სათაო ოფისში გადააგზავნა, საიდანაც შემდეგი შინაარსის ოფიციალური პასუხი მიიღო.
„თქვენს მიერ ბანკის პრესსამსახურისადმი მიწოდებული დოკუმენტი არის გაყალბებული, ყალბია ასევე ბანკის თანამშრომლის ხელმოწერა. გვსურს, ასევე აღვნიშნოთ, რომ დოკუმენტში დაშვებულია უხეში შეცდომები, რომლებიც ბანკის მუშაობის სპეციფიკას ეხება, კერძოდ ანგარიშების გახსნას", - ნათქვამია „ალფა-ბანკის" პრესსამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა წარმოადგინეს დოკუმენტები, რომლებიც, მათი თქმით, ადასტურებს, რომ კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებისთვის „ალფა-ბანკში" გაიხსნა ანგარიშები, სადაც „კალა კაპიტალ ლიმიტედისგან" გადაირიცხა თანხები. ირმა ნადირაშვილის თქმით, დოკუმენტს ხელს აწერს ბანკის მთავარი ფინანსური ოფიცერი მარია შევჩენკო.