logo_geo
eng_logo
ქართველი მწერალი, რომლის წიგნზეც ჰოლივუდში ფილმი გადაიღეს
- +

11 მაისი. 2020. 10:03

 

 

1952 წელს ამერიკელმა რეჟისორმა ჯორჯ სითონმა ჰოლივუდში გადაიღო ფილმი „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ („Anything Can Happen“).  მასში მთავარი როლები ითამაშეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა – ხოსე ფერერმა და კიმ ჰანტერმა. ფილმში გამოყენებული იყო ქართული მელოდიები. ამ ფილმს საფუძვლად დაედო ქართველი ემიგრანტის, მწერალ გიორგი პაპაშვილის ბესტსელერად ქცეული წიგნი „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.  1952 წლის 3 აპრილს შედგა ფილმის პრემიერა. 1953 წლის 26 თებერვალს, ლოს–ანჯელესის კინოფესტივალზე, ფილმმა „ოქროს გლობუსი“ აიღო ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანხმობას“. მაინც ვინ იყო გიორგი პაპაშვილი?

 

გიორგი პაპაშვილი 1898 წლის 23 აგვისტოს დაიბადა სოფელ კობიაანთკარში, ვანო და იამზე პაპაშვილების ოჯახში. ჯერ კიდევ პატარას, დედა გარდაეცვალა. უსახსრობის გამო, მამამ მისი სკოლაში შეყვანა ვერ შეძლო, სამაგიეროდ, ტყავზე მუშაობა და ხანჯლების კეთება შეასწავლა. სრულიად ახალგაზრდა I მსოფლიო ომში წავიდა. 1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება რომ დამყარდა, გიორგი ისევ ჯარში მსახურობდა და რუსული არმიის ნაწილთან ერთად კონსტანტინოპოლში იმყოფებოდა. იქვე დარჩა კიდეც. სად აღარ მუშაობდა:  თხრიდა ჭებს, ტაქსის მძღოლიც იყო და ტახებზეც კი ნადირობდა ანატოლიის ველებზე. შემდეგ მოახერხა ვიზის შოვნა და ამერიკაში ჩასვლა. რამდენიმე დღე სიმონ სიდამონ–ერისთავის ოჯახთან ერთად, ნიუ–იორკში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და შემდეგ კალიფორნიას მიაშურა. მისი ამერიკული ცხოვრება ჭურჭლის მრეცხავობით დაიწყო, მზარეულიც იყო, მუშაობდა ლითონჩამომსხმელ საამქროში. ერთხანს ჰოლივუდშიც კი მოღვაწეობდა.

 

რამდენიმეწლიანი ხეტიალის შემდეგ, გიორგი პაპაშვილმა ცოლად ამერიკელი მწერალი ქალი ჰელენ უაიტი შეირთო. მათ პენსილვანიის შტატში პატარა ფერმა იყიდეს და გიორგიმ ხვნა–თესვას მიჰყო ხელი. თავისუფალ დროს კი ნოველებს წერდა.

 

1938 წელს გიორგი პაპაშვილმა და ჰელენ უაიტმა დაწერეს ავტობიოგრაფიული ნოველების კრებული „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ („Anything Can Happen“). თხზულება 1945 წელს გამოიცა და ნამდვილ ლიტერატურულ სენსაციად იქცა – 1.5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა მთელ მსოფლიოში, ითარგმნა დაახლოებით 20 ენაზე (მათ შორის, იაპონურად, ჩინურად). ნაწარმოები დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკელ ჯარისკაცებსა და ოფიცრებში. აქვე გეტყვით, რომ წიგნი 1965 წელს თბილისშიც დაიბეჭდა სათაურით „ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

 

1952 წელს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სწორედ ამ წიგნის მიხედვით, ჰოლივუდში გადაიღეს ფილმი  „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“. ფილმის რეჟისორი ჯორჯ სითონი გახლდათ,  მთავარი როლები ჰოლივუდის ვარსკვლავებმა – ხოსე ფარერმა და კიმ ჰანტერმა შეასრულეს. ეპიზოდური როლი წიგნის ავტორმაც შეასრულა. ფილმში გამოყენებულია ქართული სიმღერები, მელოდიები, ცეკვები. გარდა ამისა, ფილმის ტექნიკური დირექტორი იყო ლადო ბაბიშვილი, მუსიკა შექმნეს კომპოზიტორებმა იუნგიმ და ალექსანდრე ფუტკარაძემ. 1952 წლის 3 აპრილს შედგა ფილმის პრემიერა. უნდა ითქვას, რომ ფილმმა დადებითი რეცენზიები კი მიიღო, თუმცა, რომანზე პოპულარული მაინც არ აღმოჩნდა. და მაინც, 1953 წლის 26 თებერვალს, კალიფორნიის შტატში, ლოს–ანჯელესის კინოფესტივალზე, ამ ფილმმა „ოქროს გლობუსი“ აიღო ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანხმობას“.

 

გიორგი პაპაშვილისა და ჰელენ უაიტის კალამს ეკუთვნის აგრეთვე წიგნები: „ჰო და არა“, „შინისაკენ, კვლავ შინისაკენ“, „ქართულ–რუსული კულინარია“, „მადლობა ნოეს“, „ძაღლი და ადამიანი“.

 

გიორგი პაპაშვილი ქანდაკებების შექმნითაც იყო დაინტერესებული. მართალია,  მას აკადემიური სამხატვრო განათლება არ მიუღია, მაგრამ შესანიშნავი თვითნასწავლი შემოქმედი იყო, მუშაობდა ხესა და ქვაზე. საინტერესოა, რომ ნამუშევრებს, თავის ინიციალებს არასდროს აწერდა, რადგან, მიაჩნდა, რომ „ხელმოწერა თავად ხელოვნების ნიმუშშია“. მან 600-ზე მეტი შესანიშნავი ნამუშევარი შექმნა. რეტროსპექტულ კატალოგში ასეთი რამ წერია: „გიორგი პაპაშვილი ლიჰაის ველის ხელოვნების ალიანსის, ფილადელფიის ხელოვნების ალიანსის, ოდიუბონის ხელოვანთა და ფილადელფიის ხელოვანთა თანასწორობის ორგანიზაციის წევრი იყო“.

 

მასზე, როგორც მოქანდაკეზე, დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს - „Beauty in Stone“ - „სილამაზე ქვაში“.

 

1979 წელს პენსილვანიაში გამოიცა მისი სკულპტურული ნამუშევრების ალბომი. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშიც დაცულია პაპაშვილის ერთ–ერთი საუკეთესო ნამუშევარი – „რაში“.

 

გიორგი პაპაშვილის სახელი შეტანილია გამოცემებში: „ვინ ვინ არის ამერიკულ ხელოვნებაში“ და „ვინ ვინ არის XX საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში“. მისი არქივი დაცულია პენსილვანიის შტატის ლიჰაის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. 1961 წელს გიორგი პაპაშვილი მეუღლესთან ერთად ეწვია საქართველოს, მოინახულა მშობლიური სოფელი, ახლობლები, შეხვდა ქართველ მწერლებს.

 

გიორგი პაპაშვილი 1978 წელს გარდაიცვალა 80 წლის ასაკში.

 

 

იხილეთ ფილმი „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ („Anything Can Happen“): 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner