საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტ თომას ჰამერბერგს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე თომას ჰამერბერგმა ოკუპირებულ აფხაზეთში მისი სტუმრობისა და ადგილზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.
მინისტრმა საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი სოფელ ხურჩაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ მკვლელობაზე გააკეთა. მან ხაზი გაუსვა ბრალდებული პირის დაუყოვნებლივ დაკავების აუცილებლობას, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი პროვოკაცია და ვითარების შემდგომი ესკალაცია.
თავის მხრივ, თომას ჰამერბერგმა აღნიშნა, რომ 19 მაისს მომხდარი მკვლელობა ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება მის მიერ აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებაში.
თომას ჰამერბერგი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის, დავალებით, დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში, შეაფასებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებას.
ამისთვის იგი უკვე მეორე ვიზიტით საქართველოს ეწვია, რომლის ფარგლებშიც, თბილისში, ზუგდიდში, გალში და სოხუმში რიგი შეხვედრები გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, თომას ჰამერბერგი საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
მისია ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურება და ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება.