12 მაისს საქართველოში ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის - იმედის დღე და ამავდროულად, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს, დღესასწაულთან დაკავშირებით მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვას-ლოცვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, 10:00 საათზე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორამციით, 2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა საქართველოს თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია. საქართველოს მოსახლეობისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას და შესაბამისად - ეროვნულ დღესასწაულს.
"შესაბამისად, ეს დღესასწაული სცილდება მხოლოდ რელიგიურ საზღვრებს და საყოველთაო ზეიმის ხასიათს იძენს.ღვთისმშობელი საქართველოს მართლმადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი, სიმბოლო ურყევი სასოებისა - ანუ იმედისა. მშვიდობისა და კეთილდღეობის იმედი, ახლობელი და გამაერთიანებელია ჩვენი ქვეყნის ყოველი მოქალაქის. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი იქნება, რომ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულს დაერქვას - იმედის დღე“, - აცხადებენ საპატრიარქოში.