ავტორი თენგიზ ჩობანიძე
გზა კაფეს მიმტანიდან - მსოფლიოში აღიარებამდე
მისი აღიარება თბილისიდან დაიწყო. იყო დრო, როცა სასტუმრო „ივერიასთან“ მდებარე კაფეში მიმტანად მუშაობდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა რომ, უბრალო ასურელი ქალი ევგენია იუშაის ასული სარდისი, წლები შემდეგ, მსოფლიოში ცნობილი ნათელმხილველი, მკურნალი, ასტროლოგი და ალტერნატიული მეცნიერებების საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი ჯუნა დავითაშვილი გახდებოდა.
ის 1949 წლის 22 ივლისს კრასნოდარის მხარის სოფელ ურმიაში დაიბადა, ირანიდან ემიგრირებული იუვაშ სარდისის (ზოგიერთი წყაროს ცნობით, იუვაში წარმოშობით სომეხი სარქისიანი იყო) ოჯახში.
როსტოვის სამედიცინო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, თბილისში ჩამოვიდა, თუმცა, შესაბამისი სამსახური ვერ იშოვა და თავი რომ ერჩინა, სასტუმრო „ივერიასთან“ მდებარე კაფეში მიმტანად დაიწყო მუშაობა.
ცხოვრობდა ყაზბეგის ქუჩის 23 ნომერში. სადაც მიიღო პირველი პაციენტები.
თბილისშივე გაიცნო მომავალი მეუღლე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის რეფერანტი ვიქტორ დავითაშვილი, რომელსაც რამდენიმე თვეში ცოლად გაჰყვა.
ჯუნა სიცოცხლის ბოლომდე მეუღლის გვარს ატარებდა და მას მუდამ პატივისცემით მოიხსენიებდა. ჯუნას მული ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, რომ თავიდან პერსპექტიული პარტიული მუშაკის ოჯახი სკეპტიკურად შეხვდა უბრალო ოფიციანტ რძალს, მაგრამ მალე გოგონამ ყველას თავი შეაყვარა.
კეთილი ბუნების ჯუნა ყველას ეხმარებოდა, ამიტომ ალტერნატიული მედიცინით მკურნალობის მსურველთა რაოდენობა დღითი დღე იზრდებოდა. სხვათა შორის, ჯუნას პირველ პაციენტებს შორის იყვნენ საქართველოს ცკ-ს პირველი მდივნის ედუარდ შევარდნაძის მეუღლე ნანული შევარდნაძე, ილიკო სუხიშვილი, ნინო რამიშვილი...
ჯუნას ფენომენი შეუმჩნეველი არც მოსკოვში დარჩენიათ. მალე თბილისს ეწვია მეცნიერთა ჯგუფი ყოფილი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლაი ბაიბაკოვის ხელმძღვანელობით. მათ დაადგინეს, რომ ჯუნას ბიოველი ასჯერ აღემატებოდა ჩვეულებრივი ადამიანის ბიოველს და აქედან დაიწყო მისი აღიარება.
1980 წლის აპრილში, 5 წლის შვილ ვახტანგთან ერთად, ჯუნა ლამის იძულებით წაიყვანეს მოსკოვში. ქალმა ძალიან განიცადა მეუღლესთან და ოჯახთან დაშორება. მოგვიანებით, ჯუნა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „ვიქტორს უნდოდა ჩვენს გვერდით ყოფნა. ის მოსკოვში შინაგან საქმეთა მინისტრმა შჩოლოკოვმა გამოიძახა და სთხოვა, - თუ შეიძლება, თავი დაანებეთო და ისიც დაემორჩილა“.
ჯუნა დავითაშვილის, როგორც მკურნალისა და ექსტრასენსის, სახელი მალე მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა.
სულ 1980 წლიდან მოყოლებული, ჯუნა დავითაშვილმა 10 000-ზე მეტი ადამიანის მიღება შეძლო. ის უარს არავის ეუბნებოდა და სრულიად უსასყიდლოდ მკურნალობდა ბავშვებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც თანხის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ.
რაც შეეხება „ელიტარულ პაციენტებს“, სხვადასხვა დროს ჯუნა დავითაშვილთან მკურნალობდნენ: ყოფილი საბჭოთა კავშირის ლიდერები ლეონიდ ბრეჟნევი და მიხეილ გორბაჩოვი; რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ბორის ელცინი; მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი; მსახიობები – რობერტ დე ნირო, მარჩელო მასტროიანი, ჯულიეტა მაზინა, არკადი რაიკინი; რეჟისორები – ფედერიკო ფელინი, ანდრეი ტარკოვსკი და ბევრი სხვა.
მოსკოვში გასტროლებზე მყოფმა მაიკლ ჯექსონს რომ ჰკითხეს, ვის ნახვას ისურვებდითო, ამ უკანასკნელმა ჯუნა დაასახელა და ესტუმრა კიდეც.
1994 წლის ივნისში, ჯუნა დავითაშვილი კოლომბოს არატრადიციული მედიცინის საერთაშორისო ღია უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერად აირჩიეს 5 წლის ვადით. მოგვიანებით, ალტერნატიული მეცნიერებების საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტიც გახდა. იმავე პერიოდში რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის მრჩეველი იყო. 1994 წელს ჯუნა დააჯილდოეს ხალხთა მეგობრობის ორდენით.
გარდა ამისა, ჯუნა ლექსებსაც წერდა, კარგად მღეროდა და ხატავდა კიდეც. სცენაზეც გამოსულა რამდენჯერმე.
ჯუნა ხშირად მოგზაურობდა და რომის პაპ იოანე-პავლე მეორეს ესტუმრა. ამის შესახებ იგი წერდა:
„ვგრძნობდი, რომ აუცილებლად შევხვდებოდი რომის პაპს და სპეციალურად მისთვის ნახატი „მარია მაგდალინელი“ შევქმენი. ვატიკანში, მასთან შესახვედრად, ნახატებით ხელში როცა მივდიოდი, უცებ საშინელი წვიმა წამოვიდა. გონებაში ღმერთს ვთხოვდი, წვიმას გადაეღო და ასეც მოხდა. შენობაში ისე შევედი, რომ ნახატები არ გამიფუჭებია და ჩემი შესვლის შემდეგ წვიმამ ისევ დასცხო… რომის პაპი დიდხანს ათვალიერებდა ჩემს ხელებს…“
უნდა აღინიშნოს, ჯუნას მოღვაწეობას დადებითად აფასებდა მართლმადიდებელი ეკლესია, რაც იშვიათი შემთხვევა იყო. რუსეთის პატრიარქი პიმენი ხშირად იწვევდა ჯუნას თავისთან. ერთხელ ამეთვისტოებით დამშვენებული ოქროს საათიც უჩუქებია. ჯუნას ხშირად სტუმრობდა მაშინდელი ლენინგრადის მიტროპოლიტი კირილიც (1981 წ.), რომელიც ამჟამად სრულიად რუსეთის პატრიარქია.
ჯუნას მედიცინის სფეროში 13 გამოგონება ეკუთვნის. მათ შორის უმთავრესი ბიოკორექტორი „ჯუნა-1“ იყო, რომელსაც გამოიყენებდა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის კარდიოლოგიაში, უროლოგიაში, გინეკოლოგიასა და სხვა სფეროებში.
„მე შევიმუშავე აპარატი-ბიოკორექტორი „ჯუნა-1“. ამ გამოგონების საფუძვლად გამოვიყენე სამკურნალო პროცესის მიმდინარეობისას ჩემი ხელებიდან გამოსხივებული ენერგიის პარამეტრები. ამ პარამეტრებს საბჭოთა კავშირის წამყვანი სპეციალისტები ზომავდნენ და ასახულია ის ამერიკის შეერთებული შტატების პატენტებშიც არის ასახული“, – წერდა ჯუნა დავითაშვილი.
მეცნიერები, რომლებსაც ჯუნა დავითაშვილის უნიკალური შესაძლებლობები აეჭვებდათ, განუწყვეტლივ იკვლევდნენ მას. არაერთმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ეს ფიზიკური ზემოქმედება იყო და არა ჰიპნოზი.
ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში ჯუნა თავისი ბიოველის მოქმედებით, მკვდარ, იზოლირებულ გულებს ამუშავებდა. მართალია, ცდებს ბაყაყებისა და კურდღლების გულებზე ატარებდა, მაგრამ ამ ფაქტებმა ყველა გააოცა.
ერთხელ ამერიკელმა მეცნიერებმა ასეთი კვლევა ჩაატარეს. კონვერტში ჩადეს მავანი ადამიანის სურათი და ჯუნას სთხოვეს, გამოეცნო, სად იმყოფებოდა აღნიშნული პიროვნება. ისინი გაოცდნენ, როცა ჯუნამ სურათზე ასახული გარემო დაასახელა...
2001 წელს ჯუნას უბედურება დაატყდა თავს – მისი ერთადერთი შვილი ვახტანგი 26 წლის ასაკში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
ავტომანქანით მოძრაობისას, ვახტანგს გზაზე ბავშვმა გადაურბინა. ბავშვთან შეჯახება რომ აეცილებინა, მძღოლმა საჭე მკვეთრად მოაბრუნა და ბეტონის კედელს შეასკდა. ვახტანგს ხერხემალი და ფუძის ძვალი დაუზიანდა. თავში კი უზარმაზარი სისხლჩაქცევა გაუჩნდა. მისი მდგომარეობა თითქმის უიმედო იყო, თუმცა, ჯუნამ უკონტაქტო მასაჟის წყალობით, შვილის ფეხზე დაყენება შეძლო. ამის შემდეგ კი ვახტანგისთვის საბედისწერო აღმოჩნდა მეგობრებთან ერთად აბანოში წასვლა, სადაც გულის შეტევით გარდაიცვალა.
ვახტანგი დედის დაბადების დღეს – 22 ივლისს იყო დაბადებული და, როგორც თავად ჯუნა აღნიშნავდა, მათ განსაკუთრებული სულიერი კავშირი ჰქონდათ.
შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯუნა სახლში ჩაიკეტა და სიცოცხლის ბოლომდე განდეგილივით ცხოვრობდა. ჯუნა დარწმუნებული იყო, რომ შვილი მტრებმა მოუკლეს. ორჯერ სუიციდის მცდელობაც ჰქონდა, თუმცა, დეპრესიული მდგომარეობის დაძლევაში ხატვა და თავისი საყვარელი საქმე ეხმარებოდა.
„ჯუნას აკვიატებული იდეა ჰქონდა, - შვილი უნდა გაეცოცხლებინა. გარდაცვლილი შვილის კლონირება სურდა. ავუხსენი, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან კლონირებისთვის ცოცხალი უჯრედებია საჭირო, იმ დროისთვის კი მისი ვაჟი დიდი ხნის გარდაცვლილი გახლდათ“, – იხსენებს ხელოვნური განაყოფიერების კლინიკის „ალტავირას“ გენერალური დირექტორი, ბიოფიზიკოსი სერგეი იაკოვნენკო, -. ჯუნამ შვილის გარდაცვალებისთანავე მედიკოსებს მისი სპერმა ააღებინა. ეს ბიომასალა გაყინული იყო რამდენიმე წელი და ლაბორატორიაში ინახებოდა. შემდეგ ჯუნამ ის ჩვენი კლინიკის ბანკში გადმოიტანა - საკუთარი მომავალი შვილიშვილის ემბრიონის მიღება სურდა. შესაძლებელი იყო, დონორი კვერცხუჯრედის მოძებნა და ხელოვნური გზით მისი განაყოფიერება და ასე გამოვიდოდა ჯუნას ვაჟის შვილი. თუმცა, ჯუნა ამბობდა, რომ თავად სურდა, კვერცხუჯრედის დონორი ყოფილიყო და საკუთარი შვილიშვილი თავადვე გაეჩინა. მაგრამ მას ჯანმრთელობა და ასაკი არ უწყობდა ხელს.
ჯუნას უნდოდა, შვილთან კავშირი არ გაეწყვიტა და დიდი ხნის განმავლობაში, იმ მობილური ტელეფონის ნომრის გადასახადებს იხდიდა, რომელიც შვილს საფლავში ჩააყოლა. თურმე, პერიოდულად ურეკავდა ხოლმე მას, ცდილობდა იმქვეყნად ვახტანგთან დაკავშირებას, მიუხედავად იმისა, რომ აბონენტი მიუწვდომელი იყო...
2015 წლის 8 ივნისს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოსკოვში, მაღაზიაში ყოფნისას ინსულტი მიუღია. ორი დღე კომაში ყოფილა და ექიმებმა ვერაფრით უშველეს. მის დასაფლავებას ერთი საინტერესო ისტორია ახლდა: გამომშვიდობებისას, ყველას მიცვალებულთან უკანასკნელად შეხების სურვილი ჰქონდა და სწორად ამას მოჰყვა სრული ქაოსი: ქალები ძლიერ თავბრუსხვევას უჩიოდნენ და კივილი ატეხეს.
რამდენიმე მეგობრის განცხადებით, სასახლეში ჩასვენებული ჯუნას წამწამები ამოძრავდნენ, სხეულმაც გათბობა დაიწყო და მისი ძაღლიც უცნაურად იქცეოდა. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ დამსწრე საზოგადოებამ სასწრაფო მანქანის გამოძახება გადაწყვიტა, რათა გაერკვიათ, რატომ თბებოდა სხეული.
ჯუნა დავითაშვილი რამდენიმე საათის დაგვიანებით საკუთარი შვილის, ვახტანგის გვერდით დაასაფლავეს…