logo_geo
eng_logo
თენგიზ ჩობანიძე: აღმასვლიდან კრახისკენ - სამი სცენარი ტრამპისათვის
- +

12 მაისი. 2020. 13:20

 

 

მიმდინარე წელს, აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებია და მანამდე, დონალდ ტრამპს უმძიმესი გზა ელის. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე პანდემიის მდგომარეობით, აშშ ინფიცირებულთა რაოდენობით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა: დღეისათვის ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ-ნახევარს უახლოვდება, დაღუპულია 80 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 230 ათასზე მეტი. ჯონს ჰოპკინსის მეცნიერებისა და ინჟინერიის უნივერსიტეტის პანდემიურ გრაფიკს თუ გადავხედავთ, ქვეყანამ პიკი გადალახა, თუმცა, კიდევ დიდი ხანი დასჭირდება ჩვეულ ცხოვრების რიტმში დაბრუნებას.

 

რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპს, სწორედ პანდემიიდან ქვეყნის  გამოყვანისა და სიკვდილიანობის შემცირებაზეა დამოკიდებული მისი შანსები მოახლოებულ არჩევნებში. ექსპერტები დონალდ ტრამპისათვის სამ სცენარს განიხილავენ:

 

პირველი სცენარი - ტრიუმფი

 

ბოლოდროინდელი გამოკითხვებით, ტრამპისადმი დადებითადაა განწყობილი გამოკითხულთა 49 პროცენტი, ხოლო უარყოფითად 47 პროცენტი. ყველა ხვდება, რომ ამ უპირატესობის შენარჩუნებისათვის, ტრამპს ქმედითი ღონისძიებების გატარება მოუწევს. მის ბოლო დროინდელი განცხადებებს, ჩინეთთან დაკავშირებით, ბევრი ამერიკელი სიტყვების „რახა-რუხს“ უწოდებს. ტრამპის დაპირება, ვირუსის უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ მტკიცებულებების საზოგადოების გაცნობის შესახებ, ისევ დაპირებად დარჩა. ჯერჯერობით, იმით შემოიფარგლა, რომ სპეცსამსახურებს გამოძიების ჩატარება დაავალა.

 

პანდემიის ამჟამინდელი დინამიკა, შეიძლება, ტრამპისათვის სასარგებლოც იყოს: თუ ნოემბრამდე, შტატებში საპანდემიო შეზღუდვები მოიხსნა და შრომის ბირჟაზე სიტუაცია მკვეთრად გამოსწორდა, მაშინ ის დააანონსებს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და ამით საკმარის ხმებს მოიგებს. რა თქმა უნდა, უფრო უკეთესი სვლა, ჩინეთისათვის სანქციების მიღებაა და ეს პროცესი, ექსპერტთა ვარაუდით, მძაფრ ხასიათს, ალბათ, ზაფხულში მიიღებს. ტრამპი ხომ  სპეცსამსახურებისგან გამოძიების შედეგებსაც ელოდება.

 

მეორე სცენარი - სრული ქაოსი

 

პანდემიის დიდხანს გაგრძელება და შეზღუდვები, ცხადია, ტრამპს უფრო დააზარალებს. ნებისმიერ შტატში შეიძლება, უკონტროლო  გახდეს სიტუაცია. ცნობილია, რომ სექტემბერში ვირუსის ახალ ტალღას ვარაუდობენ. ამ რამდენიმე დღის წინ, სინგაპურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა, პანდემიის მათემატიკურ მოდელირებაზე დაყრდნობით, გამოიანგარიშეს ეპიდემიის დასრულების თარიღები მთელი რიგი ქვეყნებისათვის, თუმცა, გუშინ ყველა პროგნოზი ანულირებულ იქნა იმის გამო, რომ სიტუაცია ბოლო სამ დღეში ისევ შეიცვალა - საუბარია იმაზე, რომ გარკვეულ ქვეყნებში (მაგ: გერმანია) შეზღუდვების მოხსნამ ისევ გაზარდა ახლად დაინფიცირებულთა რაოდენობა. სწორედ ეს ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს ტრამპისათვის სავალალო - შეზღუდვების მოხსნის კიდევ უფრო გადაწევით, აშშ-ის მოსახლეობაში უკმაყოფილება მკვეთრად გაიზრდება.

 

მესამე სცენარი - სრული კრახი

 

პრეზიდენტობის კანდიდატი ბაიდენი უფროსი თაობის ამომრჩეველთათვის ფავორიტია. ამ კატეგორიას არ მოსწონს ტრამპი თავისი პოპულისტური განცხადებების გამო. გარდა ამისა, ბევრი ამერიკელი ქაოსურ და  არასათანადოს  უწოდებს ამჟამინდელი პრეზიდენტის ღონისძიებებს პანდემიასთან ბრძოლაში. ასეთი კატეგორიის ამერიკელთათვის ერთადერთი შანსი ბაიდენის არჩევაა. ცხადია, ეს უკანასკნელი ბევრ საფუძვლიან განცხადებას გააკეთებს, პანდემიის დროს ტრამპის მიერ დაშვებულ შეცდომებზე. ბაიდენის მომხრეები უკვე აღნიშნავენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა ამჟამინდელი რაოდენობა უკვე აჭარბებს ვიეტნამის ომში დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცთა ოდენობას.

 

გარდა ამისა, როგორც „შპიგელი“ წერს, ამ პირობებში, ტრამპი ვერ ჩაატარებს მისთვის საყვარელ მიტინგებს, რათა მხარდაჭერებს სტიმული შემატოს. ეს კი ბაიდენის უპირატესობას ზრდის. საერთო ჯამში, პანდემიით უფრო დიდი ზარალის მიღება, შეზღუდვების გაჭიანურება და უმუშევრობის ზრდა, ამერიკის ახლანდელ პრეზიდენტს არჩევნებში დამარცხებამდე მიიყვანს. ასე რომ, 2 ნოემბრამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ყველაფერი თავად ტრამპზეა დამოკიდებული.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner