ავტორი თენგიზ ჩობანიძე
ვინ შეიყვანა პირველად რკინიგზა და ავტომანქანა „ფორდი“ ირანში?
XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ქართველ მეწარმე-მეცენატთა შორის განსაკუთრებით დიდი ფიგურა გახლდათ აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარია. მისი საქმიანობის არეალი მოიცავდა სამხრეთ კავკასიას, თურქეთსა და ირანს. სამეწარმეო და სავაჭრო საქმიანობით, აკაკის დიდი გავლენა ჰქონდა ირანის შაჰის კარზე. მაშინდელი დასავლეთევროპული პრესა აკაკი ხოშტარიას მოიხსენიებდა, როგორც „ირანის უგვირგვინო შაჰს“.
აკაკი ხოშტარია 1873 წელს, აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში, ტახტის აზნაურის ოჯახში დაიბადა. მისი მამა - მეთოდე, დადიანების მოურავი გახლდათ და სადადიანოს მეურნეობას განაგებდა. დედა - ვარდიკო ავალიანი განათლებული ქალი ყოფილა. სანკტ-პეტერბურგის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის დამთავრების შემდეგ, აკაკი რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრაში, პრინც ოლდენბურგთან, სუპერინტენდანტად მუშაობდა. მეთვალყურეობას უწევდა ყველა ბულვარისა და ბაღის მოწყობას შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და დაფინანსებით, გაშენდა ახალი ათონის ცენტრალური პარკი, იალტის მთავარი ბაღი, ბათუმის მთავარი ზღვისპირა ბულვარი და მახინჯაურის ბოტანიკური ბაღი. 10-წლიანი მუშაობის შემდეგ, აკაკი ხოშტარია სავაჭრო და სამეწარმეო საქმიანობაში ჩაება. იგი ფოთში მეგობრობდა მეწვრილმანე ვაჭარ ზოდელავასთან. მათ გადაწყვიტეს, სავაჭრო გემით ნავთი სარეალიზაციოდ წაეღოთ ოდესაში, მაგრამ ტუაფსეში ამოვარდნილმა ქარიშხალმა გემი თურქეთში გაიტანა, სადაც ნავთი ოქროს ფასად გაყიდეს. აკაკი თურქეთიდან ბაქოში გაემგზავრა, ნავთობმრეწველ მუსა ნაგიევისგან ნავთობსარეწი დანადგარები, ბათუმში კი სავაჭრო აქციები შეიძინა და მთლიანად ნავთობსამრეწველო საქმიანობაზე გადაერთო.
პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში აკაკი ხოშტარიამ ბაქოში ჩამოაყალიბა მსხვილი სამრეწველო კომპანია. დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი მერაბ კვიტაშვილი თავის მემუარებში წერდა: „ამ ჯგუფს სათავეში ედგა აკაკი ხოშტარია, იმ დროის საქართველოში ერთადერთი ნამდვილი მილიონერი, რომელმაც ნავთობის კონცესიები შეიძინა სპარსეთში და ჩამოაყალიბა ფირმა, სახელად „რეპენტო” (Русско-персидское нефеяное товарищество). ეს იყო ყველაზე დიდი და ფინანსურად ყველაზე ძლიერი ფირმა, რომლის მსგავსიც კი ქართველებს ოდესმე შეუქმნიათ – მისი პრეზიდენტი იყო აკაკი ხოშტარია“.
გარდა ამისა, აკაკი ხოშტარიამ ბაქოში დააარსა კომერციული ორგანიზაცია – თურქულ-სპარსული „ხოშტარიას ბანკი“, ასევე, 1913 წელს აკაკი ხოშტარიამ დადო 99-წლიანი კონტრაქტი ჩრდილოეთ ირანის მიწათმფლობელებთან, დააარსა კომპანია „პერსლესი“, რომლის კაპიტალი შეადგენდა რამდენიმე მილიონ ოქროს რუბლს. ააშენა თავისი საკუთარი ქარხნები და გაიყვანა სარკინიგზო ხაზი - „ტალრუდი“, ხის მორების გადასაზიდად. აღსანიშნავია, რომ ეს ირანისთვის პირველი რკინიგზის ხაზი იყო.
ასევე, ირანში ჰქონდა მონოპოლია ხე-ტყის, საპნის, ბრინჯის წარმოებაზე, თევზის სარეწები, ვაჭრობდა მატყლით ინგლისელებთან და, რაც მთავარია, იყო ჩრდილოეთ ირანის ნავთობის კონცესიებისა და მთელი ამ ტერიტორიის მიწების კერძო მფლობელი, რომელიც მან შეისყიდა მოჰამედ ალი შაჰის პირველი მინისტრის, მოჰამედ ვალი ხანისგან. მის ხელში იყო კასპიისპირა ქალაქ ენზელის ელექტროფიკაციაც.
1914 წელს აკაკიმ დააარსა სატრანსპორტო კომპანია თეირანსა და ფეჰლევს შორის. იგი იყო პირველი, რომელმაც ავტომობილი „ფორდი“ შეიყვანა ირანში, პირველ ავტომანქანას სამკაულად ოქროს ფრთები ჰქონდა და ის აკაკიმ საჩუქრად მიართვა აჰმედ შაჰს.
1916 წელს ხოშტარიამ მიიღო კონცესიები მიწისქვეშა საკუთრების ექსპლუატაციაზე, რომელიც გულისხმობდა მინერალების, ნავთობისა და სხვა წიაღისეულის მოპოვებას ჩრდილოეთ ირანში აზერბაიჯანის ჩათვლით. გარდა ამისა, ქართველ მილიონერს თბილისში ეკუთვნოდა მექანიკური ქარხანა, სამიწათმოქმედო იარაღების ფაბრიკა, საპნის ქარხანა, მეტალურგიული ქარხანა და სხვ.;
ნ. ნიკოლაძის ინიციატივით, აკაკი ხოშტარიამ თავისი ხარჯით გაიყვანა რკინიგზა ფოთსა და აბაშას შორის; სამხედრო-საზღვაო ფლოტის შესაქმნელად, მან 1920 წელს, საქართველოსთვის საზღვარგარეთ შეიძინა 4 სამხედრო გემი - „პრეზიდენტი ჟორდანია“, „საქართველო“, „თამარ მეფე“, „რუსთაველი“, და კიდევ, საფრანგეთში ლადო გუდიაშვილისა და ცნობილი კუბისტის, ანდრე ლოტის სურათები შეისყიდა და საჩუქრად გადმოუგზავნა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს; მისი ხარჯით, უცხოეთში განათლება მიიღო უამრავმა ნიჭიერმა ქართველმა სტუდენტმა, რომელთაგან ბევრი შემდგომში მეცნიერი გახდა. ხოშტარიას ყველა საქველმოქმედო საქმის ჩამოთვლა ნამდვილად შორს წაგვიყვანდა.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ხოშტარია თბილისიდან ჯერ თურქეთში გადაბარგდა, შემდეგ - პარიზში, 1923 წელს კი კვლავ თეირანში დაბრუნდა. ამავე წელს მან მიიღო კონცესიები ნავთობის ექსპლუატაციისთვის სემნანში და დააარსა კომპანია „ქავირეხურიან“. ამ კომპანიის უდიდესი წილი მას ეკუთვნოდა.
აკაკი ხოშტარია შემდეგ ყველანაირად ცდილობდა, დახმარებოდა ეკონომიკურად დაუძლურებულ სამშობლოს. გასული საუკუნის 20-იანი წლების შიმშილობის დროს, კომუნისტების თხოვნით, მან დააარსა კომპანია „საბჭოთა კავშირი და ხოშტარია“. ის საკუთარი სახსრებით, პურს ირანში ყიდულობდა და ბაქოში გზავნიდა, აქედან კი „ხოშტარიას პური“ სხვა ქვეყნებში ნაწილდებოდა. საბოლოოდ, კომუნისტებმა შეპირებული თანხა არ გადაურიცხეს და საერთაშორისო მასშტაბის სკანდალის თავიდან ასაცილებლად, მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს. აკაკიმ გაქცევა მოასწრო...
ფოთში სამსახურის დროს გაიცნო მომავალი მეუღლე - მინადორა ეგნატეს ასული თურქია, რომელიც დიდი მრეწველის, ფოთის სახელმწიფო ბანკის მმართველის ქალიშვილი იყო. მამამისს ეკუთვნოდა მთელი შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ყველა საკონდიტრო მაღაზია თუ საწარმო. მინადორამ ღირსეული მეგობრობა გაუწია აკაკის მთელი სიცოცხლის მანძილზე და დიდი როლიც ითამაშა მის ფინანსურ წარმატებებში.
აკაკის მეუღლე 1924 წელს გარდაიცვალა ინფარქტით. დაკრძალულია დულაბის მართლმადიდებლურ რუსულ სასაფლაოზე თეირანში. საინტერესოა, რომ მისი ცხედარი 1932 წლამდე (აკაკის გარდაცვალებამდე) მუმიფიცირებული იყო ეგვიპტელი სპეციალისტების მიერ.
აკაკიმ საყვარელი მეუღლის საფლავზე ააგო სამლოცველო და აკლდამა, რომელიც დღეს ქართული ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
1932 წელს, 59 წლის ასაკში, აკაკი ხოშტარია მოულოდნელად, პარიზის სასტუმროში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ღომის ქერქი გახდა, რომელმაც სადილობისას შემთხვევით სასულე გაუკაწრა. ამის შედეგად აკაკის, რომელიც დიაბეტით იყო დაავადებული, ყელის შეშუპება დაეწყო და ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს. ქართველი ბიზნესმენი პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს.
აკაკის და მინადორას საკუთარი შვილი არ ჰყოლიათ. მათ იშვილეს გოგონა - მუსინკა, რომელიც პარიზში გათხოვდა მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელზე.
ირანში, გილანის პროვინციაში, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქ ენზელში, დღესაც დგას აკაკი ხოშტარიას სასახლე უმშვენიერესი ბაღით. პირველ სართულზე სამხედრო–საზღვაო მუზეუმია, მეორეზე კი გამოფენილია აკაკის პირადი ნივთები. რაც შეეხება მის ბიზნესწილებს, ისინი ირანის ხელისუფლებამ მიისაკუთრა.