პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 65 წლის ასაკის ზემოთ, მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრების ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
„ეროვნულმა ფორუმმა" „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი წარმოადგინა, რომლის თანახმადაც , ქალები 65 წლის, მამაკაცები კი, 70 წლის ასაკიდან შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდნენ, თუ მათ მსუბუქი დანაშაული აქვთ ჩადენილი.
პროექტის თანახმად, ისინი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან იმ შემთხვევაში გათავისუფლდებიან, თუ მათ ჩადენილი არ აქვთ „სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულები:
განზრახ მკვლელობა; განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში; სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება; ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება; შიდსის შეყრა; გაუპატიურება; სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება; გარყვნილი ქმედება;
თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა - ადამიანით ვაჭრობა, ტრეფიკინგი, არასრულწლოვნით ვაჭრობა, მძევლად ხელში ჩაგდება; წამება; დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა; ყაჩაღობა; ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა; ბანდიტიზმი; ბირთვული მასალის ან მოწყობილობის რადიოაქტიური ნარჩენის, ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროსადმი უკანონო მოპყრობა, ბირთვული ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მუქარა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა , შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, ან გასაღება, საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა, ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა; ტერორისტული აქტი; ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება; ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა; დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის გაქცევა; აგრესიის აქტის დაგეგმვა, მომზადება, დაწყება ან წარმოება; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების სხვა დარღვევა კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.
სასჯელისგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა მოეხსნებათ. ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც შესაბამისი დანაშაული 2015 წლის 31 დეკემბრამდე ჩაიდინეს.
როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, კანონპროექტი შეეხება დაახლოებით 116 ბრალდებულის და მსჯავრდებულის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლებას, მათ შორის 15 პიროვნება ამჟამად იმყოფება პატიმრობაში, 57 ძებნილია, ხოლო 44 პრობაციონერია. კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. „კერძოდ, არსებული სტატისტიკით, ერთი პატიმრის შენახვა სახელმწიფოს წელიწადში უჯდება დაახლოებით 4 000 ლარი (თვეში დაახლოებით 333ლარი).
შესაბამისად, ამ მიმართულებით 15 პატიმართან მიმართებაში კანონპროექტის მიღების შემთხვევაში გამოთავისუფლებული სახსრები შეადგენს თვეში დაახლოებით 5 000 ლარს, ხოლო წელიწადში 60 000 ლარს.