logo_geo
eng_logo
არჩილ კაიკაციშვილი: „რუსთავი 2“-ის საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია
- +

18 ივნისი. 2016. 10:48



არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელისუფლებამ პირდაპირი ზეწოლის მნიშვნელოვან წნეხს გაუძლო.



ტელეკომპანიარუსთავი 2"-ის მესაკუთრეთა შორის დავაზე არსებული მაღალი საჯარო ინტერესი არ ნიშნავს მედიის თავისუფლების შეზღუდვას და გამოხატვის თავისუფლების დასრულებას სწორედ სასამართლოს სახელით.

მნიშვნელოვანია, საზოგადოებას გააჩნდეს ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსზე, ვინაიდან არსებობდეს ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების დასაბუთების თუ კანონიერების თაობაზე მეტი დისკუსიისთვის. ორგანიზაცია მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს, სწორედ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება ხელმისწავდომი იყოს ყველა მოქალაქისთვის სასამართლოს ოფიციალური ვებ-გვერდიდან", - აცხადებს კაიკაციშვილი.



მისი თქმით, ასეთი ფორმით ახსნადი გახდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობასთან დაკავშირებული საკითხებიც. მისივე თქმით, საზოგადოებას სასამართლო სხდომების გაშუქებით და მხარეთა ქცევებით, უკვე შეექმნა სათანადო შინაგანი რწმენა, ვინ არის მართალი. ორგანიზაცია იზიარებს, მათ შორის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის იმგვარ პოზიციას, რომ საზოგადოება ვალდებულია, პატივის სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებებს.



„ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, „რუსთავი 2"-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლო საკასაციო საჩივარს წარმოებაში მიიღებს, თუმცა სავარაუდოა, რომ დასაშვებად არ ცნობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნულის გამო, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი აჟიოტაჟი, თუმცა მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს სწორი განმარტებები, თუ რა კანონისმიერი საფუძვლებით შეიძლება თქვას უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრის შემდგომ განხილვაზე უარი. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლი ადგენს, თუ რა შემთხვევაშია განსახილველი საქმე უზენაესი სასამართლოსთვის. საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.



„ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლომ შესაძლებელია მიუთითოს, რომ საქმე არ განხილულა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით. საკასაციო სასამართლო ასეთ შემთხვევებზე, მის არაერთ გადაწყვეტილებაში სტანდარტულად ამბობს, რომ „მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა".





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner