ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „ალფა ბანკთან" დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს.
მისი თქმით, აღნიშნული ბრალდებები „ნაციონალური მოძრაობის" წინასარჩევნო მარათონის დასაწყისია და კიდევ ბევრ „კომპრომატს" შეთხზავენ.
„ვიცით ყველამ, რომ ეს მათი წინასარჩევნო მარათონის დასაწყისია და კიდევ ბევრ „კომპრომატს" შეთხზავენ. მე მწამს, რომ ვინც კი დღეს პოლიტიკურ სპექტრში ჯანსაღად აზროვნებს, ყველა მაქსიმალურად ეცდება, იზრუნოს ოპონირების დონის და ხარისხის აწევაზე, და ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაზე საქართველოში. კონკრეტულად „ალფა-ბანკის" წერილებზე კი რა ვთქვა? გაბრაზება კი არა, დაცინვაც არ გამომდის ამ ცილისწამებაზე. ვერაფრით დავეხმარები ენმ-ს, არ ავყვები ამ ბინძურ თამაშში",- წერს კალაძე სოციალურ ქსელში.
ვიცე-პრემიერის თქმით, ის პოლიტიკაში მოსვლისთანავე მოუწოდებდა ყველას, პოლიტიკური ურთიერთობები ახალ საფეხურზე აეყვანათ.
„ცივილიზებულ საფეხურზე - მორალი ყოფილიყო ჩვენი ხალხთან ურთიერთობის, ერთმანეთთან ოპონირების და თუნდაც კონფრონტაციის მთავარი განმსაზღვრელი. მე ჩემი წინა კარიერა რა ღირებულებებითაც გავიარე, იმავე ღირებულებებით დავიწყე ეს კარიერაც და ვერანაირი ამორალური, ლოგიკის და ღირსების, ხშირ შემთხვევაში გონიერების ზღვარს მიღმა მდგარი საქციელი, უფრო სწორად - უსაქციელობები, ჩემში განწყობის ცვლილებას ვერ გამოიწვევს. ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყნის სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა" როგორი ამორალურიც იყო ხელისუფლებაში ყოფნისას, ისევე ამორალურია ოპოზიციის სახითაც, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს მათი „პოლიტიკური ბრძოლის" მეთოდები, არ იშლიან თავის სტილს და ოპონირების ერთადერთ საშუალებად იყენებენ ცილისწამებას, სიცრუეს და მოსახლეობის დაზაფვრას დეზინფორმაციით. ეს არის პარტია, რომელსაც არც არასდროს ჰქონია არსენალში პოლიტიკური მუშაობის, ბრძოლის სხვა მეთოდი, ეს არის პარტია, რომელიც ქვების და ტალახის სროლით მოვიდა ხელისუფლებაში და თავის „მეორედ მოსვლა" იმავე მეთოდებით სურს. სხვა რეალობაა, ძვირფასებო: ხელისუფლება სხვაა, ხოლო ამომრჩეველი კი, ბევრად გამოცდილია - მას ყველაფერი ახსოვს! ამიტომაც დაგტოვათ სამუდამოდ წარსულში და გაქციათ ზურგი", - აცხადებს კახა კალაძე.