19 წლის ირაკლი მელიქიძეს სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოების დახმარება სჭირდება. ირაკლის ოჯახი წერილს ავრცელებს, რომლის მეშვეობით საზოგადოებას ირაკლი მელიქიძის მდგომარეობის შესახებ აწვდის ინფორმაციას და დახმარებას სთხოვს:
„ჩემი შვილი - ირაკლი მელიქიძე ეხლა უკვე 19 წლისაა. 2014 წელს დაამთავრა რუსთავში საშუალო სკოლა. თანაკლასელებთან ერთად ექსკურსიაზე წავიდა დასავლეთ საქართველოში. მარტვილში მდინარეში საბანაოდ წყალში გადახტომით მიიღო ზურგის ტვინის დახურული ტრავმა, ზურგის ტვინის კისრის მიდამოს დაჟეჟილობა, ქ/ტვინის დახურული ტრავმა, თ/ტვინის შერყევა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ო. ღუდუშაურის სახ. კლინიკაში ჩაუტარდა ძვირადღირებული უმძიმესი ოპერაცია- კისრის მე-4 მალის იმპლანტაცია და მე-5 მალის ფიქსაცია. ამ კლინიკაში 57 დღე დავყავით. ამის მატერიალური უზრუნველყოფა შევძელით. სახლში გამოგვწერეს მაღალი სიცხეებით ქრონიო-სეფსისის დიაგნოზით. სამი კვირის თავზე მოგვიწია რუსთავის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში შებრუნება და თვეზე მეტხანს იქ ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ძალისხმევას არ იშურებდნენ, მაინც უიმედოდ იყვნენ. იძულებული გავხდით, საზღვარგარეთ გაყვანაზე გვეფიქრა და შევძელით თურქეთში გასვლა. იქაური ექიმების შეფასებითა და სწორი მკურნალობით გამოჯანმრთელების შანსი გამოჩნდა. თურქეთიდან დაბრუნებულები მოვთავსდით სხივური დიაგნოსტიკის ცენტრ „დიღომში" (დღეს ამ ცენტრს წმინდა ლაზარეს სახელობის კლინიკა ჰქვია), რეანიმაციულ განყოფილებაში. სამი კვირის თავზე გამოგვწერეს და ბინაში მოვაწყვეთ რეანიმაციული განყოფილება (შევიძინეთ ძვირადღირებული სუნთქვის მართვის, სატურაციის, სანაციის აპარატები) და დავაკომპლექტეთ პალიატიური სამსახური (24-საათიანი საექთნო მომსახურება). ამის შემდეგ კიდევ გაგვირთულდა სიტუაცია, ირაკლიმ შეიძინა დაავადება - უშაქრო დიაბეტი. დავბრუნდით წმ. ლაზარეს კლინიკაში სამკურნალოდ. იქ მოგვიწია ორ თვეზე მეტ ხანს ყოფნა. იქაური ექიმების დიდი მონდომებით პროცესები დადებითად განვითარდა და იქიდან უკვე შევძელით სარეაბილიტაციო ცენტრში - შპს „თერაპიის სახლი" შესვლა, სადაც შვიდი კვირა დავყავით.
ამჟამად ირაკლი იმყოფება ბინაში. უკვე ახერხებს ეტლში ჯდომას, არის შანსი დიდი შედეგების მიღების. მას სახლში უკეთდება რამდენიმე სპეციალისტის მეშვეობით აქტიური რეაბილიტაცია, ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტური მკურნალობაც.
მთელი ეს განვლილი დრო და პროცესების ფინანსურად უზრუნველყოფა შევძელით სახელმწიფოს, ნათესავებისა და კეთილი ადამიანების თანადგომით. მისი რეაბილიტაცია არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, თხოულობს დიდძალ ძალისხმევასა და ფინანსურ უზრუნველყოფას. სავარაუდოდ, იქნება საჭიროება უცხოეთშიც კვლავ გასვლის. ოჯახმა ყველანაირი ფინანსური შესაძლებლობა ამოვწურეთ, მათ შორის შემწეობებისა და ბანკიდან აღებული სესხების ჩათვლით.
ვართ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონენი. ამჟამად ორივე მშობელი ვართ უმუშევარი. მე - მამა, ავღანეთის ომის მონაწილე ვარ. პროფესიით მშენებელი ინჟინერი. დედა პედაგოგია. არანაირი საშუალება აღარ გვაქვს მისი მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის.
უმორჩილესად გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება, გაიზიაროთ ჩვენი უბედურება, გამონახოთ სახსრები და დაგვეხმაროთ. რომ არა ასეთი ფორმით მოძიებული თანხები, ვერანაირად ვერ შევძლებთ ირაკლიზე ზრუნვას.
კიდევ ერთხელ მოკრძალებულად გთხოვთ, შეგვაძლებინოთ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენა. ვიქნებით თქვენზეც მლოცველნი.
წინასწარ გიხდით მადლობას
პატიცისცემით,
ირაკლი მელიქიძის მამა ზვიად მელიქიძე", - ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გთავაზობთ საბანკო ანგარიშის ნომრებს, სადაც სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ირაკლი მელიქიძეს დაეხმაროთ.