logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: რაულ ჩილაჩავა - 72... ვულოცავ უთბილესი სურვილებით
- +

16 მაისი. 2020. 22:38

 

 

რაულ ჩილაჩავა - 72

 

ვულოცავ უთბილესი სურვილებით.

 

გავიმეორებ ერთ პოსტს, რომელივ მას მიეძღვნა. ახალს ვერაფერს ვიტყვი, რამეთუ ოქროზე რომ იტყვი ოქროო, მეტი დამატება აღარ ჭირდება არც "ბზვინვარების", არც "ფასის", არც "გამძლეობის" ხაზგასმით.

 

ეს პოსტი, საიდანაც ამონარიდს გაწვდით, მაშინ გამოვაქვეყნეთ, როცა ჩვენმა მეცნიერებათა აკადემიამ რაული დააფასა.

 

"...თავად ფაქტი უკვე არის სასიხარულო და, პირადად ჩემთვის, როგორც მისი მეგობრისთვის, საამაყო.

 

უკრაინულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობის განსამტკიცებლად იღწვოდა ბევრი გამოჩენილი უკრაინელი და ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე. მათი ღვაწლი ფასდაუდებელია და შედეგი ჩანს არა მარტო ლიტერატურულ ურთიერთობაში, არამედ უკრაინელი და ქართველი ხალხების განსაკუთრებულ სიახლოვეში. და ამ კავშირის სიმბოლოები იყვნენ და დღესაც არიან დიდი დავით გურამიშვილი და ლესია უკრაინკა. ქართველი და უკრაინელი მწერლების მეგობრობა სამაგალითო გახლდათ და თაობები იზრდებოდნენ ამ სულისკვეთებით.

 

გავიდა დრო. შეიცვალა პოლიტიკური ატმოსფერო. გაძნელდა ცხოვრება და, ბუნებრივია, ამან ზეგავლენა მოახდინა ამ ურთიერთობებზე, იშვიათი გახდა შეხვედრები, ლიტერატურული საღამოები, შენელდა მთარგმნელობითი და საგამომცემლო საქმიანობა. იმძლავრა კონიუნქტურამ. რუსეთთან ორივე ქვეყნის ჯერ გართულებულმა დამოკიდებულებამ. მერე ომმა კი გააჩინა საერთო პოლიტიკური ინტერესები, მაგრამ სულიერი კავშირების აღდგენისთვის, მათი გაღვივებისთვის ერთეულების გარდა ვერ მოიცალეს ოფიციალურმა სტრუქტურებმა და საზოგადოებრივმა გაერთიანებებმა. სწორედ ამ ერთეულებს უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ არ ჩაქრა და ისევ დაიწყო გაღვივება იმ კავშირებმა, რომელსაც კულტურათა, ლიტერატურათა, ხელოვნებათა დიალოგი ქვია და რომლის გარეშეც, უბრალოდ, უღარიბესია სახელმწიფოებს, ხალხებს შორის ურთიერთობა, რომლის გარეშეც საუბარი მეგობრობაზე და ახლობლობაზე პრაქტიკულად არის უაზრობა.

 

ამ ერთეულებს შორისაც არის გამორჩეული, განსაკუთრებული, ყველასგან განსხვავებული პერსონა, რომელსაც ამ მეგობრობის, ამ ურთიერთობების, ამ დიალოგის მედროშის მოვალეობა იკისრა და რომელიც ამ უმძიმეს და საამაყო მისიას უღირსეულესად ასრულებს.

 

ეს პერსონა გახლავთ რაულ ჩილაჩავა, პოეტი, მოღვაწე და რაინდი კაცი, რომლის უცხოელ (!!!!!) წევრად არჩევა განუზრახავს საქართველოს ეროვნულ აკადემიას.

 

თავად ფაქტი, ქართველი (!) პოეტი, ქართველი (!) მეცნიერი, ქართველი (!) კაცი ქართული ეროვნული აკადემიის უცხოელ (!) წევრად რომ მოიაზრება, უკვე არის არაჩევეულებრივი მოვლენა და მეტყველებს აკადემიის სიბრძნესა და კეთილშობილებაზე, მისი მხრიდან მადლიერებისა და დაფასების გამოხატვაზე.

 

მადლობა აკადემიას, რომლის ამ გადაწყვეტილებამ დაადასტურა ერთ პოეტურ სტრიქონში გაჟღერებული სიბრძნე: "საქართველო, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი!"

 

დღეგრძელობა არ მოაკლდეს ჩვენს რაულს!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner