საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე:
დიდი მადლობა, მდივანო რამსფელდ,
ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი საქართველოში სტუმრობა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო რამსფელდის ფონდსა და ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტს, ასევე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტს CAMCA-ს რეგიონალური ფორუმის ორგანიზებისთვისა და წელს ფორუმის ჩატარების ადგილად თბილისის შერჩევისთვის. მოხარული ვარ, რომ თბილისი ამგვარი რეგიონალური ღონისძიებების ჩატარების ცენტრი ხდება. დიდი მადლობა, მდივანო რამსფელდ, აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლის სტატუსით და შემდგომში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზარმაზარი მხარდაჭერისთვის. მსოფლიოს ამ სირთულეებით სავსე რეგიონში გადასარჩენად, უმნიშვნელოვანესია თქვენნაირი მეგობრების ყოლა. მოხარული ვარ, რომ ბატონი თედო ჯაფარიძის სახით მყავს შესანიშნავი მასწავლებელი და მენტორი და მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ჩემს მიმართ კეთილი სიტყვები არ დაიშურეთ.
აღფრთოვანებული ვარ, რომ დამსწრეთა შორის ვხედავ რამსფელდის პროგრამის მრავალ სტიპენდიანტს, რომლებიც აგრძელებენ თავიანთი ქვეყნების განვითარებაში წვლილის შეტანას. მე საკუთარ თავზე გამოვცადე აშშ-ში სასწავლო სტიპენდიის ღრმა ეფექტი. 1990-იან წლებში, ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩარიცხვა ამ რეგიონის წარმომადგენლისთვის თითქმის შეუძლებლად ითვლებოდა. მე მომეცა შესაძლებლობა, ილინოისის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე მასკის პროგრამის სტიპენდიანტის სტატუსით მესწავლა - ეს პროგრამა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული.
ამ გამოცდილებამ სრულად შეცვალა ჩემი ცხოვრება და დღემდე აგრძელებს ჩემს მოტივირებას, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის უფრო მჭიდრო კონტაქტები დავამყარო.
მე აღფრთოვანებული ვარ, რომ თქვენ ხართ აქ, რათა განიხილოთ მნიშვნელოვანი რეგიონალური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების საკითხები. ჩემი გადმოსახედიდან, ფორუმის ჩატარებისთვის იდეალური დროა შერჩეული, რადგან გასულ თვეში ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავი.
ჩვენმა პატარა ერმა მოახერხა სიღარიბის დაძლევა, გამოიარა სამოქალაქო ომი, რუსეთის თავდასხმა და ჩვენზე ბევრად დიდი მეზობლის მიერ განხორციელებული ნაწილობრივი ოკუპაცია. ჩვენ შევქმენით თანამედროვე, დინამიური, დემოკრატიული სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, საქართველო ვაქციოთ შესანიშნავ ქვეყნად და სამაგალითო ინსტიტუციური დემოკრატია შევქმნათ.
ეს ყველაფერი ჩვენ მარტოებს არ გაგვიკეთებია. მეგობრები და მოკავშირეები დაგვეხმარნენ იმ პოზიციის მოპოვებაში, რომელიც ახლა გვიჭირავს. პირველ რიგში, აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ სრულად ვიაზრებთ ამ ვალს და მზად ვართ, პირნათლად შევასრულოთ ჩვენი ვალდებულება ამ გარიგების ფარგლებში - საერთო ღირებულებების შენარჩუნების კუთხით.
ჩვენი ერის წარმატება სამ სვეტზე დგას. ესენია - ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას ეკონომიკურ განვითარებაზე გავამახვილებ, მიზანშეწონილად მიმაჩნია მოგაწოდოთ ინფორმაცია სამივე მიმართულებასთან დაკავშირებით, რადგან ისინი ურთიერთდაკავშირებულნი არიან.
გასული წლების მანძილზე, საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით, მნიშვნელოვნად დავწინაურდით. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მანძილზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 376.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.
მეზობლებთან და ახლო მეზობლებთან, ჩვენი, ზოგადად პარტნიორული დამოკიდებულების წყალობით, ჩვენ, კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა, ან თუნდაც რუსეთში ბიზნესის წარმოების შესანიშნავი საწყისი წერტილი ვართ.
ინვესტორები დღეს საქართველოს სახით ხედავენ სტაბილურ, სტუმართმოყვარე და სწრაფად განვითარებად ქვეყანას.
მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოში ბიზნესის კეთება ერთ-ერთი უმარტივესია. მსოფლიოს მასშტაბით საგადასახადო ტვირთის სიმცირით მე-9 ადგილს ვიკავებთ. ყველა ძირითადი სარეიტინგო სააგენტო სტაბილურ სახელმწიფოდ მიგვიჩნევს.
ჩვენ გვჯერა, რომ შიდა ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი წინაპირობაა. ჩემი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი მიზნად ისახავს უზრუნველყოს მდგრადი განვითარება და ინკლუზიური ზრდა.
რეფორმები მოიცავს საგადასახადო სისტემას, კაპიტალის ბაზრებს, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებსა და საპენსიო სფეროს. ეს გეგმები ცხადყოფს მთავრობის მონდომებას, შექმნას თანამედროვე, განათლებული და ჯანსაღი ქართული მუშახელი, რომელიც მზადაა გლობალურ ეკონომიკაში კონკურენციისთვის.
წარმატებული რეფორმებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიციების ათწლეულზე მეტის შემდეგ, საქართველო ხდება აბრეშუმის გზის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და სატრანზიტო რგოლი.
ჩვენ ვმუშაობთ საჭირო „ტექნიკის" შექმნაზე, რაც გულისხმობს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას. პარალელურად, ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ „პროგრამული უზრუნველყოფის" - საერთაშორისო ვაჭრობის კუთხითაც.
სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ჩვენი შავი ზღვის პორტების შემდგომი განვითარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის გეგმა შემუშავდა აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში დაფუძნებული „Conti ჯგუფის" და ქართული „თიბისი ჯგუფის" მონაწილეობით შექმნილი კონსორციუმის მიერ - მისი წლიური ტვირთბრუნვა 100 მილიონი ტონა იქნება და აქ შესაძლებელი იქნება პანამაქსის ტიპის დიდი გემების განთავსება.
ჩვენ ასევე ვიღებთ ზომებს ჩვენი სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაციის მიზნით. საქართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებლად შენდება ორი დიდი გვირაბი, რაც სარკინიგზო სიჩქარეს 50%-ით გაზრდის და გაასამმაგებს ჩვენი ქსელის შესაძლებლობებს.
ჩვენს აზერბაიჯანელ და თურქ პარტნიორებთან ერთად, ვაშენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზს, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს თურქეთის გავლით ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს შესაძლებელს გახდის აზიიდან ევროპაში საქონლის 45% -ით უფრო სწრაფ მიწოდებას.
მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის და სხვა დონორების დახმარებით, ასევე მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის - საქართველოს მთავარი სატრანსპორტო არტერიის გაუმჯობესების პროცესი.
ლოგისტიკის სფერო განუწყვეტლივ ინვესტირებას საჭიროებს. შთამბეჭდავია, რომ საერთაშორისო კომპანიებმა იგრძნეს არსებული პოტენტიალი და მზად არიან ინვესტირებისთვის. მაგალითად, Gebruder Weiss, ავსტრიული სატრანსპორტო გიგანტი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად საქართველოს პირველი ა კლასის ლოჯისტიკური ცენტრის აშენების მიზნით „თეგეტა მოტორსთან" თანამშრომლობდა.
ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ შესაბამისი „ტექნიკის" შესაქმნელად და ამავდროულად, ვცდილობთ, „პროგრამული უზრუნველყოფის" დანერგვასაც. ჩვენ უკვე ვსარგებლობთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ბაზრებზე, რომლებიც 900 მილიონ ადამიანს ფარავს, დაწყებული ევროკავშირით, თურქეთითა და დსთ-ს ქვეყნებით და დამთავრებული აშშ-თი, კანადით, იაპონიითა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციით, რომელშიც არიან ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია.
საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA), რომელიც ძალაში 2014 წელს შევიდა, საქართველოს ევროკავშირის ბაზრებზე შემდგომი ინტეგრაციისა და თავისი ეკონომიკის დივერსიფიცირების საშუალებას აძლევს.
DCFTA მნიშვნელოვან შეღავათებს უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორებისთვისაც, ჩინურ და სხვა კომპანიებს პოტენციურად მისცემს ევროკავშირის ბაზარზე უფრო ხარჯთეფექტური გზით წვდომის საშუალებას .
ვაჭრობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ჩინეთი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩატარდა ჩინურ-ქართული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონმიკური მიზანშეწონილობის კვლევა და უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები. ჩვენი ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზის თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ქართული პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით გაზრდის, მათ შორის, დაგეგმილია თითქმის 29%-იანი ზრდა ღვინის პროდუქციაზე. უფრო მეტიც, თავისუფალი ვაჭრობის სივრცის გაფართოების კუთხით, ჩინეთთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, საქართველოს მსოფლიოს მოსახლეობის ერთ მესამედზე მისცემს წვდომას.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარდა, საზღვრის მართვის მოდერნიზაციის კუთხითაც ჰოლისტიკური მიდგომა გვაქვს. ვაჭრობის ხელშეწყობისა და საბაჟო კონტროლის კუთხით ჩვენ მიერ მიღწეული შესანიშნავი ბალანსი აისახება მკვეთრად გაზრდილ შესაძლებლობებში და საქართველო ახლა ფართოდ განიხილება საბაჟო ადმინისტრაციის რეფორმირების მაგალითად.
ჩვენ ასევე ვმუშაობთ ტარიფებისა და საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაციაზე. უკვე დღეს, საქართველოს გავლით აზიიდან ევროპაში და პირიქით საქონლის ტრანზიტი შთამბეჭდავად მარტივი და იაფია.
ნება მომეცით, ყურადღება გავამახვილო უსაფრთხოების საკითხებზე, რადგან ჩვენი ეკონომიკური განვითარება დიდად არის დამოკიდებული მშვიდობასა და სტაბილურობაზე.
უსაფრთხოების სფეროში, ჩვენი ურთიერთობები NATO-ს მოკავშირე სახელმწიფოებთან შესანიშნავია. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, რომელიც სრულად ასახავს მოსახლეობის ნებას, შეუქცევადია. ეს არის ყველასთვის უსაფრთხო მომავლის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი.
სამწუხაროდ, საქართველოს სწრაფვა, შეუერთდეს ევროპული ერების დემოკრატიულ ოჯახს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ არასწორად აღიქმება მის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ.
საქართველოს NATO-ში გაწევრიანება უზრუნველყოფს ევროპაში უსაფრთხო და სტაბილური ზონის გაფართოებას. ჩვენ ვიცით, რომ სტაბილური რეგიონი ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა.
უსაფრთხოება და კეთილდღეობა არაფერია თავისუფლების გარეშე.
წარსულში, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა ქვეყანაში დემოკრატიულობის დონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო.
ჩვენ ვდგამთ თანმიმდევრულ ნაბიჯებს სასამართლო სისტემის პოლიტიკური, ფინანსური და სხვა ტიპის გავლენებისაგან დასაცავად.
ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მოსამართლეები და პროკურორები უვადოდ ინიშნებიან და შიდა რეგულატორულ ზედამხედველობას ექვემდებარებიან.
ასევე მტკიცედ გვწამს გამოხატვისა და მედიის თავისუფლების. „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე"-ს მონაცემებით, 2015 წელს საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანაა, ხოლო საქართველოს მაჩვენებლები ამ კუთხით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
გამოხატვის თავისუფლების მიმართ ჩვენი თავდადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წელს - ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით.
2012 წლის შემდეგ, ჩვენ ჩავატარეთ თავისუფალი არჩევნები როგორც ადგილობრივ, ისე საპრეზიდენტო დონეზე. მოუთმენლად ველით სადამკვირვებლო მისიას, რათა უზრუნველვყოთ, 2016 წლის არჩევნები, როგორც ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი საქართველოს ისტორიაში.
დემოკრატიული პროგრესი ქართველი ერის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაშია.
ქართველები ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული პროგრესი რეგიონალური სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი წყაროა.
ჩვენ ვაფასებთ CAMCA-ს ფორუმის მნიშვნელოვან როლს რეგიონში ეკონომიკური ზრდასა და განვითარებაში გაწეული დახმარების კუთხით.
ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კი სტიპენდიანტებს, ვუსურვებ, ამ შეხვედრამ გააძლიეროს თქვენი ერთმანეთთან თანამშრომლობის სურვილი, მშვიდობის, სტაბილურობისა და დემოკრატიის უზრუნველსაყოფად.
კიდევ ერთხელ, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს საქართველოს მიმართ ერთგულებისთვის და გისურვებთ აქ დროის მაქსიმალურად პროდუქტიულად გატარებას!