„ველოდებით სადამკვირვებლო მისიას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 2016 წლის არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი იყოს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, უსაფრთხოება და კეთილდღეობა არაფერია თავისუფლების გარეშე.
„წარსულში, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა ქვეყანაში დემოკრატიულობის დონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ჩვენ ვდგამთ თანმიმდევრულ ნაბიჯებს სასამართლო სისტემის პოლიტიკური, ფინანსური და სხვა ტიპის გავლენებისაგან დასაცავად. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მოსამართლეები და პროკურორები უვადოდ ინიშნებიან და შიდა რეგულატორულ ზედამხედველობას ექვემდებარებიან. ასევე მტკიცედ გვწამს გამოხატვისა და მედიის თავისუფლების. „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშეს" მონაცემებით, 2015 წელს საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანაა, ხოლო საქართველოს მაჩვენებლები ამ კუთხით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა", - განაცახადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლების მიმართ თავდადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით.
„2012 წლის შემდეგ, ჩვენ ჩავატარეთ თავისუფალი არჩევნები როგორც ადგილობრივ, ისე საპრეზიდენტო დონეზე. მოუთმენლად ველოდებით სადამკვირვებლო მისიას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 2016 წლის არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი იყოს. დემოკრატიული პროგრესი ქართველი ერის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაშია", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.