logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: თურქეთსა და რუსეთში ბიზნესის წარმოების შესანიშნავი საწყისი წერტილი ვართ
- +

18 ივნისი. 2016. 12:48




საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საქართველო, საერთაშორისო საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით მნიშვნელოვნად დაწინაურდა.



მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მანძილზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 376.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.

 

მეზობლებთან და ახლო მეზობლებთან, ჩვენი, ზოგადად პარტნიორული დამოკიდებულების წყალობით, ჩვენ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა, ან თუნდაც რუსეთში ბიზნესის წარმოების შესანიშნავი საწყისი წერტილი ვართ", - განაცხადა პრემიერმა.



მისი თქმით, ინვესტორები დღეს, საქართველოს სახით სტაბილურ, სტუმართმოყვარე და სწრაფად განვითარებად ქვეყანას ხედავენ.



მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოში ბიზნესის კეთება ერთ-ერთი უმარტივესია. მსოფლიოს მასშტაბით საგადასახადო ტვირთის სიმცირით მე-9 ადგილს ვიკავებთ. ყველა ძირითადი სარეიტინგო სააგენტო სტაბილურ სახელმწიფოდ მიგვიჩნევს.

 

ჩვენ გვჯერა, რომ შიდა ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი წინაპირობაა. ჩემი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი მიზნად ისახავს უზრუნველყოს მდგრადი განვითარება და ინკლუზიური ზრდა.

 

რეფორმები მოიცავს საგადასახადო სისტემას, კაპიტალის ბაზრებს, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებსა და საპენსიო სფეროს. ეს გეგმები ცხადყოფს მთავრობის მონდომებას, შექმნას თანამედროვე, განათლებული და ჯანსაღი ქართული მუშახელი, რომელიც მზადაა გლობალურ ეკონომიკაში კონკურენციისთვის.

 

წარმატებული რეფორმებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიციების ათწლეულზე მეტის შემდეგ, საქართველო ხდება აბრეშუმის გზის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და სატრანზიტო რგოლი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner