მერია მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომლის კვლევა უკვე მზად არის და უახლოეს მომავალში ათ ლოკაციაზე კონკურსი გამოცხადდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ საცობების განტვირთვის მიზნით გასატარებელი პროექტებიც უკვე შემუშავებულია.
„დაინტერესებულ ინვესტორებს სიმბოლურ ფასად გადავცემთ მიწას, რომელიც არის მუნიციპალურ საკუთრებაში, რათა მათ პარკინგი ააშენონ და იქიდან შემოსავალი მიიღონ. მიმდინარეობს საცობების განტვირთვის მიზნით გასატარებელი პროექტების განხორციელებაც.
პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის მიზნით ხორციელდება პროექტი და დაახლოებით ერთ თვეში იქ მოძრაობა აღდგება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზა, რომელიც იმისთვის დავიწყეთ, რომ ქალაქის ისტორიულ უბანში - ასათიანის ქუჩა და სხვა მიმდებარე ქუჩები ავტომობილებისგან განიტვირთოს. ჩვენ ასევე სამება- მახათას მთის დამაკავშირებელი ახალი გზა გავაკეთეთ, რომლის მშენებლობა სულ მალე დასრულდება. საბურთალოს ქუჩაზე უშუქნიშნო მოძრაობის განხორციელების ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყება. გარდა ამისა, გრძელდება ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების პროექტი", - განაცხადა ნარმანიამ.