ზოგადად, მედიის გინება მოდაშია ჩვენს ქვეყანაში და ვისაც არ ეზარება, ჟურნალისტებს ხან აგინებს, ხან ჭკუას არიგებს, ხან დაბადების ადგილია მიუღებელი მავანისთვის...
რაც ყველაზე მთავარია, მედიის ლანძღვა, ჟურნალისტებისთვის ჭკუის დარიგება განსაკუთრებით უყვართ პრემიერ-მინისტრებს, მინისტრებს, პარლამენტარებს, მერებს, გამგებლებს... მოკლედ, ყველას და მათთვის კარგები, გადასარევები, პროფესიონალები, ჩასაყლაპები ვართ მხოლოდ მაშინ, როცა თავად ვჭირდებით, შემდეგ, როგორც კი თბილ სავარძლებს გაინაღდებენ, ამოიდებენ აკაკი წერეთელივით მუჭს ნიკაპის ქვეშ და ხან ჭკუას გვარიგებენ, ხან გვაგინებენ...
და ამ ყველაფრიდან, დაუსჯელობის სინდრომის ზეობიდან გამომდინარე, ჩინოვნიკების ამ უგუნურობას რიგითი მოქალაქეებიც ბაძავენ და ბაძავენ ყველაზე ამაზრზენი მეთოდებით...
თავის დროზე, როცა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის ჰორიზონტზე ჯერ არც კბენია მასაჟისტი ჩანდა, ვერც საჯდომების დაპწკენაზე იოცნებობდა, დილიდან საღამომდე „ალიაში" იჯდა და ქებადიდებით ავსებდა რედაქციას. შემდეგ კი, როცა ვაჟბატონმა გაუტია და „ალია" მიხვდა, რომ მისი რეჟიმი ქვეყანას ღუპავდა, სხვებისგან განსხვავებით, ბუჩქებში არ დამალულა და „ნაციონალურ მოძრაობას" პირდაპირ შეასკდა. ჰოდა, ამის შემდეგ გახდა „ალია" სალანძღავი სიტყვა და ამის შემდეგ იყო, რომ სააკაშვილი ლამის ყველა პრესკონფერენციას „ალიას" მიწაში ჩადებით იწყებდა და ჩვენთან ერთად, „ასავალ-დასავალსაც" ყბის მოღრეცვამდე ლანძღავდა...
13 თებერვალს საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტმა" „იუთუბიზე" გასული წლის 6 ივლისს ატვირთული ვიდეო გაავრცელა, სახელწოდებით: „დათო ამკინძავი „ალიადან" რეკავს „ასავალ-დასავალში".
ვიდეოში ახალგაზრდა მამაკაცი ტელეფონზე რეკავს, ზარს, სავარაუდოდ, „ასავალდასავალის" თანამშრომელი პასუხობს და მათ შორის შემდეგი სახის დიალოგი იმართება (სტილი დაცულია):
ახალგაზრდა მამაკაცი:
- დათო ვარ ამკინძავი, ეხლა მიწევს, მორიგეობა მაქვს ტელეფონთან. ვიღაცა რეკავს, შეგვაწუხა, აღარ შეგვიძლია, თქვენთანაც ხო არ რეკავს შემთხვევით... მაიმუნი ბავშვი, ვიღაცა ახვარი ბავშვი რეკავს, ზოოპარკიაო, გვეუბნება და თქვენთანაც ხო არ დაურეკია შემთხვევით?
სავარაუდოდ, „ასავალდასავალის" თანამშრომელი:
- ეგეთი ვიღაცა რეკავს აქა...
- ვაიმე, ვიღაცა ვირიშვილი, გამაწამა, ერთი საათი მირეკავს და რა ვიცი, თქვენ ბოლოს როდის დაგირეკათ?
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს ეხლა?
- შემაწუხა, აღარ შემიძლია. მეთქი, რა ვუთხრა, არ მინდა, რო რაღაც გადავიკიდო, შარი ვნახო, რა, არ ვიცი, როგორ მოვიშორო თავიდან, რა, არ ვიცი, რა... თქვენ რამე, ისა, რაღაც მიალანძღეთ, რო აღარ დაგირეკოთ...
- არაფერი, დედის პრ...ი შეაგინე და ეგ არი, დაანებე თავი, რა...
- ჰოდა, იცით, რას ვფიქრობ, პროსტა, მირეკავს, მირეკავს, რო დავფიქრდი ეხლა, ერთი საათი მირეკავს, რა... მეთქი, იქნებ მარტო აი, ჩვენნაირ ყ...ე გაზეთებში რეკავს, დედა მოტ...ლის ერთი გაზეთები რომ ვართ, ყ...ეობებს რომ წერენ...
- შენი დედის მუტ... მოვტ...ან.. - და ალალიც არის ჩვენზე, რას ფიქრობთ?
- შენი დედის პრო...ი მოვტ...ან...
- მე რატო მაგინებთ, კაცო, მე უბრალოდ...
აქ მთავრდება საუბარი და ისმის ვიდეოს ავტორების სიცილ-ხითხითი...
ვიდეო „იუთუბიზე" „MARIO ბურჩიკოვის" სახელითაა ატვირთული და „ალია" კატეგორიულად მოითხოვს შს სამინისტროსგან, რეაგირება მოახდინოს ამ უმსგავსობაზე, გამოავლინოს როგორც ახალგაზრდა, რომელიც უშვერი სიტყვებით მოგვიხსენიებს, ისე „MARIO ბურჩიკოვის" სახელის უკან მდგომი ადამიანი და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რომ ვიდეო სოციალური ქსელიდან წაიშალოს.
აქვე უნდა ითქვას, რომ „ასავალ-დასავალის" რედაქციაში ამ ვიდეოზე აღბეჭდილი ახალგაზრდა 2014 წლის მანძილზე საკმაოდ ხშირად რეკავდა და რედაქციის თანამშრომლებს პროვოკაციული, შეურაცხმყოფელი მიმართვებით აღიზიანებდა. გასულ წელს მისი „ვაჟკაცობები" სოციალურ ქსელში, ფაქტობრივად, აღარ გამოჩენილა, თუმცა 2015 წლის 6 ივლისს „საქმეში" უკვე „ალიაც" გაურევია...
ბუნებრივია, პირველ რიგში, „ნიუპოსტთან" გაგვიჩნდა კითხვა - რატომ გაავრცელა შარშანდელი ვიდეო სააგენტომ მაინცდამაინც ახლა?
დავუკავშირდით „ნიუპოსტის" რედაქტორ ეკა შინდაგორიძეს:
- სამწუხაროდ, მე არ მინახავს ეს ვიდეო. საერთოდ, სახუმარო ვიდეოებს ვდებთ ხოლმე საიტზე...
- კი, მაგრამ ეკა, რა არის სახუმარო იმაში, როცა თქვენს კოლეგებს ასეთი საძაგელი სიტყვებით მოიხსენიებენ?
- მე ნამდვილად არ ვიცოდი, ეს ვიდეო თუ დაიდო, მაგრამ ახლავე გავარკვევ და ავიღებთ საიტიდან.
- ეკა, იცით, რა მაინტერესებს? რატომ დაიდო შარშანდელი ვიდეო მაინცდამაინც ახლა?
- დარწმუნებული ვარ, მიზანმიმართული აქ არაფერი ყოფილა. გიდასტურებთ პატივისცემას, ყველაფერს გავარკვევ და ვიდეოს აუცილებლად ავიღებთ.
რამდენიმე წუთში შეურაცხმყოფელი ვიდეო „ნიუპოსტიდან" მართლაც აიღეს, თუმცა, ერთი მხრივ, მაინც კარგია, რომ მისი არსებობის შესახებ შევიტყვეთ - ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი მასმედიის საშუალებების ლანძღვა-გინებას, რისთვისაც „ალია" ყველაფერს გააკეთებს და ამ საქმეს ბოლომდე გაჰყვება!
კიდევ ერთი - დამატებითი ინფორმაციისთვის „ასავალდასავალის" რედაქტორის მაგიერს, დიტო ჩუბინიძესაც დავუკავშირდით:
- გიდასტურებთ, რომ ასეთი ავადმყოფები რეგულარულად რეკავდნენ და ახლაც რეკავენ ხოლმე.
- დიტო, თუ შეგიძლია იმის თქმა, ახალგაზრდები რეკავენ ძირითადად თუ ასაკიანებიც?
- არა, ძირითადად, ახალგაზრდები რეკავენ და ჯღანაობენ რაღაცებს.
- თუ გაარკვია რედაქციამ, ვინ იყო ამ ზარების ავტორი ან თუ მიმართეთ ოფიციალურ უწყებებს?
- გავიგეთ ის, რომ ვინმე გიორგია ეს ახალგაზრდა, გვარი, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს. თუ არ ვცდები, ბენდუქიძის უნივერსიტეტის სტუდენტია. თავის დროზე ვუპასუხეთ კიდეც გაზეთიდან და ცოტა ხანს კი იყო გაყურსული, მერე ისევ დაიწყო. ოფიციალური უწყებისთვის არ მიგვიმართავს, თუმცა, თუ კიდევ ასე გაგრძელდა, პასუხსაც მიიღებენ. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ესენი არიან ბაღლინჯოები, „ნაციონალური მოძრაობის" ქვედა რგოლის წარმომადგენლები. ეს გიორგი ტუალეტებში იღებს სურათებს და აბა, მაგას სერიოზულად როგორ უნდა დაელაპარაკო?
სხვათა შორის, დიტო ჩუბინიძემ უნებურად ერთი ძალიან საინტერესო რამ გვითხრა, - ზარის ავტორი ვინმე გიორგი იყოო. სულ რამდენიმე დღის წინ „ალიას" ერთ-ერთ ჟურნალისტს ახალგაზრდამ დაურეკა, გაეცნო, როგორც გიორგი და საშინელი სიტყვებით აგინა. ამის შემდეგ, „ალიას" კიდევ ერთ ჟურნალისტს სოციალური ქსელით დაემუქრნენ, „ფეისბუკს" გაგიტეხავ და ვისთან რა მიმოწერაც გაქვს, ყველაფერს გაგისაჯაროებო.
მოკლედ, ერთი მხრივ, სახეზეა პრაქტიკულად, დევნა და შევიწროება, ფსიქოლოგიური ტერორი, რაც გამოიხატება რედაქციაში გაუთავებლად რეკვასა და გინებაში, მეორე მხრივ კი - კიბერდანაშაული და პირადი ცხოვრების ხელყოფის მცდელობა.
ვინც ამ ყველაფრის უკან დგას, აუცილებელია, იცოდეს და გაითვალისწინოს, რომ „ალიას" ბევრად უარესი მუქარების არ შეშინებია და 25 წელი ებრძვის ყველა ხელისუფლების ყველანაირ უმსგავსობას.
სწორედ ეს 25-წლიანი მკითხველისა და ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლა გაითავისეთ, ძვირფასებო, როცა „ალიას" წინააღმდეგ რამეს დაგეგმავთ და მერე იფაფხურეთ!
რაც მთავარია, „ალია" არავის გამოხატვის უფლებას არ ზღუდავს - კი, ბატონო, სავსებით შესაძლებელია, რომ ვინმეს არ მოეწონოს ჩვენს გაზეთებში დაბეჭდილი მასალების შინაარსი და ეს ხმამაღლა დააფიქსიროს კიდეც, მაგრამ, როცა ადგილი აქვს ასეთ ბილწ შემოტევებს, გინებებსა და მით უმეტეს - მუქარებს, პასუხიც ადეკვატური იქნება. კანონის ძალით ყველა ასეთი თავდამსხმელის დასჯას მოვითხოვთ, თანაც კატეგორიულად!
P.S. „ალია" შს სამინისტროს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, უწყება საქმის კურსშია ჩაყენებული და ველით, რა შედეგებით დასრულდება ეს ყველაფერი.