საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა, თუმცა მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში, ის შედეგის მომტანი ვერ იქნება.
„მე პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ ქვეყნების რეალობაში ორი გზა არსებობს. ერთია ომი, მეორე კი დიალოგი. მე სხვა გზა არ ვიცი. ვინმემ თუ იცის მესამე გზა, ძალიან მაინტერესებს. ამიტომ მე ვარ, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები დიალოგის მომხრე, მაგრამ დიალოგი დიალოგისთვის არასდროს ყოფილა გამოსავალი. მე მაქვს ერთი-ერთზე დიალოგის გამოცდილება. სხვათა შორის, ჩვენს ისტორიაში ერთადერთი შეთანხმება, რომელსაც რუსეთი გაყვა და არ დაარღვია მისი პირობები, იყო პირდაპირი დიალოგის შედეგი“, - განაცხადა პრეზიდენტმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
„არ მითქვამს, რომ შესაძლებელია მივაღწიოთ რამე შეთანხმებას, მე ვთქვი ზოგადად, რომ პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ, მაგრამ შემდეგ მოდის ჩვენი დღევანდელი სიტუაცია და პირობები. გაეროს გენმდივანმა თქვა, რომ ყველგან, სადაც კონფლიქტებია და დაძაბულობა, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სიტუაცია უნდა დამშვიდდეს და რაღაც საკითხები გადაწყდეს. ამ დროს ჩვენი შეთავაზებები, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებული რეგიონებში, არ იყო მიღებული, პირიქით - ამან გამოიწვია მეტი დაძაბულობა. ეს ყველაფერი არ ქმნის დღეს პირდაპირი დიალოგის საშუალებას. სხვადასხვა ფორმატი არსებობს. ალბათ, დღეს სიტუაცია ჯერ სხვა ფორმატებში უნდა მომზადდეს, სადაც ჩვენი პარტნიორები არიან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.