სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი ქვეყანაში დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად შეიწყალა. ამის შესახებ პრეზიდენტმა „ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვართ ძალიან სერიოზულ კრიზისში, რომელსაც ჰქვია COVID-ი. მსოფლიო კრიზისია, სადაც ჩვენ გავიარეთ წარმატებით პირველი ეტაპი, მაგრამ გველის მეორე, მესამე და არავინ იცის რამდენი ეტაპია. ამ პირობებში, ნებისმიერი დაძაბულობა, არეულობის მცდელობა შეიძლება ათმაგად დაგვიბრუნდეს, ეს არის ჩემი მსჯელობის მთავარი ელემენტი. ჩვენ ძალიან ბევრი შევძელით, ამას აფასებს მთელი მსოფლიო და ჩვენ ამ ყველაფრის გადაყრა წყალში და არეულობისკენ წასვლა, ეს იქნებოდა... ეს სცენარები ყველამ ვიცით, ვინც სიტუაციას აკვირდება ძალიან კარგად იცის, როგორ შეიძლება გამოიყენო ნებისმიერი სიტუაცია არეულობისთვის, ამისკენ რომ არის მიმართული ძალები, რომელთაც არ სურთ არც მშვიდობიანი არჩევნები, არც ქვეყანაში მშვიდობა, არც ქვეყნის ეს წარმატება, არც მისი პოლიტიკური და ეკონომიკური გამოსწორება, ეს ყველამ კარგად ვიცით", - განაცხადა ზურაბიშვილმა.