logo_geo
eng_logo
ოთარ მატიაშვილი: კახელებს შაჰ აბასმა ვერაფერი დაგვაკლო და კორონავირუსი როგორ მოგვერევა?
- +

20 მაისი. 2020. 10:53

 

 

92 წლის ოთარი მატიაშვილმა ჩემი ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც წელში გამართულმა, სიმპათიურმა მოხუცმა პენსიის რიგში მდგარ მასზე ასაკით გაცილებით უმცროს  ადამიანებს ომახიანად მიმართა: კახელებს შაჰ აბასმა ვერაფერი დაგვაკლო და კორონავირუსი როგორ მოგვერევაო?!

 

ე.წ. მწვანე ზონად გამოცხადებული კახეთის უხუცეს მკვიდრს გამოველაპარაკე და ჩვენი ინტერვიუც შედგა!

 

რატომ არ მიეკარათ კახელებს კორონავირუსი და რაში მდგომარეობს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საიდუმლო, აღნიშნულ საკითხებზე გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის მკვიდრი,  92 წლის გლეხი, დურგალი და გამომგონებელი ოთარ მატიაშვილი გვესაუბრება.

 

- ოთარ პაპა, რატომ გამოდიხართ ქუჩაში პირბადის გარეშე?

 

- ამ ქვეყნად არაფრის არ მეშინია, შვილო! აბა, მე კორონავირუსი როგორ მომერევა? ორი დღის წინ ჩემმა შვილებმა და შვილიშვილებმა გამოითვალეს, რომ 55 ტონა ღვინო მაქვს დალეული. 15 წლიდან ღვინოსა ვსვამ! დღეში 2 ლიტრს მაინც. საჭმელს ისე როგორ შევჭამ, ღვინო რომ არ დავაყოლო! ძალიან ღარიბი ოჯახიდან ვიყავი და დედა, საჭმელი რომ არაფერი გვქონდა, თურმე ბალღებს წითელ ღვინოში გვიყრიდა პურს და გვაჭმევდა. ისედაც, მე სიკვდილისა არ მეშინია! თუკი უფალი ინებებს და წამიყვანს, იმქვეყნად პირნათელი მივალ!

 

- თქვენი აზრით, კახეთში რატომ ვერ შემოაღწია კორონავირუსმა?

 

- წეღან არა ვთქვი, კაცო!  კახელებს შაჰ აბასმა ვერაფერი დაგვაკლო და კორონავირუსი როგორ მოგვერევა?! კახელი ხალხი სულ შრომაში და ბრძოლაში ვართ! ჯანსაღ საჭმელსა ვჭამთ და ჩვენი მარჯვენით მოყვანილ ღვინოსა ვსვამთ! ალალი და მართალი ხალხი ვართ! საერთოდ, ყველა ავადმყოფობის თავი და თავი არის ბოღმა, შური, სიზარმაცე და უვარგისი საჭმელი! ამ ხნის კაცი ვარ და ჩემი დღე და მოსწრება სულ შრომაში ვარ! ხეზე ვმუშაობ, ვაზს ვუვლი და სახლს ვაშენებ! სულ ერთი კვირაა გასული, რაც თხილის სამტვრევი  მოწყობილობა გამოვიგონე.

 

- გამომგონებელი ბრძანდებით?

 

- დურგალი ვარ. ხეზე ვმუშაობ. ჩემს აწყობილ დაზგაზე. ათასი რამე მაქვს გამოგონებული. სახლში მაქვს ჩემი აწყობილი პატარა წისქვილი. ჯვარი აქაურობას და კუბოებს ვაკეთებდი. სასახლეში ფული არასოდეს ამიღია. ვცდილობდი, სიკეთე მეკეთებინა. ეს მეამაყება ძალიან! ამიტომ ვარ ეგეთი ჯანმრთელი და ბედნიერი.

 

- 92 წლის ბრძანდებით! თვლით, რომ ჯანმრთელი ხართ?

 

- მაშ, კაცო! ექიმთან არასოდეს ვყოფილვარ! წამალი არასოდეს დამილევია! მარტო ბალახების ნაყენს და ღვინოსა ვსვამდი მთელი ცხოვრება. ბალახებს ვაზისუბნის ტყეში და სოფლის ბოლოზე ვაგროვებდი. იცით, კიდე რატომ ვარ ჯანმრთელი? ვაშენებდი. მშენებლობა მიყვარდა. ფული რომ არა მქონდა, ქვებს ხევიდან ვეზიდებოდი. ბიჭები ერთმანეთს ვეხმარებოდით მშენებლობაში. ყველა ხელობა მე თვითონ ვიცი, „სვარკის“ გარდა! აბა, რა კაცი ხარ, თუკი ერთი სახლი არ აგიშენებია, ხე არ დაგირგავს, ვაზისთვის არ მოგივლია!

 

ათასი ჭირი გამოგვივლია ქართველებს, ამასაც მოვერევით! მოუგვარებელი და უსაშველო ჭირი ის არის, რომ გაყიდულია მდინარე და ხევი, ტყე და საძოვრები. ხალხის აღარაფერია! ერთი სტალინი უნდა ამ ქვეყანას, იმის სულს ვენაცვალე! თუკი ხალხის ხელში არ გადავა ქვეყნის სიმდიდრე, მთლად რომ ოქროს კაცები დაგვისვან ხელისუფლებაში, მაინც არაფერი გვეშველება!

 

ესაუბრა მეგი საჯაია

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner