logo_geo
eng_logo
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილები განიხილა
- +

20 მაისი. 2020. 20:15

 

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ  სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ კანონპროექტთან ერთად.

 

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, დიმიტრი მხეიძე, კობა ნაკაიძე.

 

კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს, პრინციპების დონეზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა და მისი მიღების ძირითად მიზეზებსა და მიზნებზე გაამახვილა ყურადღება.

 

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, კანონის მიღების აუცილებლობა დღის წესრიგში პანდემიამ გამოიწვია, რომლის შედეგები მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის არც თუ სახარბიელოა. აქედან გამომდინარე, ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების დახვეწას ითვალისწინებს,  რომლებიც საკარანტინო ღონისძიებების ეფექტიანად და სწორად გატარებასთან და პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის მართვასთან არის დაკავშირებული.

 

დიმიტრი ხუნდაძემ, მიმოიხილა რა პანდემიის თვალსაზრისით მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში არსებული ვითარება,  აღნიშნა, რომ გარკვეული თვალსაზრისით იგი მილევადია, მაგრამ არც თუ სახარბიელო. როგორც მომხსენებელი მიიჩნევს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება თუ კი მნიშვნელოვანია მოსახლეობისა და ქვეყნის ეკონომიკისათვის, შესაძლოა, შეზღუდვების გარეშე პანდემია იყოს მზარდი და საკონსტიტუციო ცვლილებებსაც საფრთხე შეექმნას.

 

ამგვარად, კანონპროექტის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ მიუხედავად საქართველოს გარკვეული წარმატებებისა ამ კრიზისულ პერიოდში, აუცილებელია კანონით გარკვეული შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება, რათა გლობალური პანდემიის პირობებში დაცული იყოს ადამიანების ჯანმრთელობა და, ამასთანავე, დღევანდელ ვითარებაში შესაძლებელი გახდეს დაგეგმილი კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება.

 

 მიუხედავად ამ ბოლოდროინდელი განვითარებული პროცესებისა, ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ. თუ პანდემია იქნა მზარდი, რა თქმა უნდა, ამ პროცესს საფრთხე შეექმნება და თუ ჩვენ ეს რეგულაციები სწორედ ამის გამო არ შემოვიტანეთ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებებს არ შევუშალოთ ხელი. რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს - ის, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მე ვერ ვხედავ ამ წინააღმდეგობას, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და თუ ვინმე მაინც ჯიუტად დადგება ამ პოზიციაზე, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, არსებობს ამის ბერკეტიც - საკონსტიტუციო სასამართლო და შეუძლია გასაჩივრებაც კი, თუკი ვინმეს ამის სურვილი ექნება,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 მისი თქმით, ქვეყანა სამი არჩევანის წინაშე დგას: გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობა და ამით დაიცვას საზოგადოება პანდემიის გავრცელებისგან, იზრუნოს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეჭვქვეშ დგება კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება, რადგან საგანგებო მდგომარეობის დროს აკრძალულია კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა; მეორე არჩევანი, ეს არის საგანგებო მდგომარეობის გაუქმება და  კონსტიტუციური ცვლილებების მიღებისათვის ხელის შეწყობა, მაგრამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო საფრთხე შეიძლება შეექმნას მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მესამე არჩევანი: საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, კონსტიტუციური კანონპროექტის მიღებისათვის ხელისშეწყობა, მთავრობის უფლებამოსილების დაზუსტების გზით პანდემიასთან ბრძოლის გაგრძელება და ადამიანების ჯანმრთელობისათვის საფრთხის არ შექმნა. სწორედ ამ მესამე ვარიანტის განხორციელებას უწყობს ხელს განსახილველად წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი.

 

როგორც მან აღნიშნა, საჭირო და მნიშვნელოვანია, რომ დაიხვეწოს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები, რათა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც შესაძლებელი იყოს ეფექტიანი ღონისძიებების გატარება პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროცესების სწორად წარმართვას. მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პრობლემის გადაჭრისა და მიზნების მიღწევის ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა.

 

კანონპროექტის მიღებით ქვეყნის შესაბამის უწყებებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც გააგრძელონ ეფექტიანი ბრძოლა კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ და კვლავ გაატარონ ყველა ის აუცილებელი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიება, რომელიც შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ იქნება მიმართული. განახლებული საკანონმდებლო ნორმები სახელმწიფოს მომავალშიც მისცემს შესაძლებლობას, რომ სხვა მსგავს სიტუაციებში შესაბამისად იმოქმედოს.

 

ოპოზიციონერი დეპუტატების გიორგი წერეთლის და ლევან კობერიძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით კნინდება პარლამენტის როლი, რაც  არ შეესაბამება საპარლამენტო ქვეყნის მოდელს, ამავე დროს ეს მთავრობას  დამატებით ბერკეტებს აძლევს გარკვეული შეზღუდვების დასაწესებლად, რითაც  შეიძლება დაირღვეს ადამიანის უფლებები.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ზოგ-ზოგიერთის პოლიტიკურ თამაშებს აყვეს. მისივე თქმით, ასევე აუცილებელია მიღებულ იქნეს საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავი ღონისძიებები, ეს კი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე წარმოუდგენელია.

 

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრის მირიან წიკლაურის განცხადებით, ხელისუფლებას ნამდვილად უნდა ჰქონდეს საშუალება სწრაფი რეაგირების მოსახდენად, რადგან ეს ადამიანების  ჯანმრთელობას ნაკლები საფრთხის წინაშე დააყენებს, მაგრამ  გარკვეული რეგულაციები  უნდა ჩაიდოს კანონში, რომ ზოგმა ხელისუფალმა ბოროტად არ გამოიყენოს.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, კანონში უფრო მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს, როგორ მოახდინოს პარლამენტმა საპარლამენტო ზედამხედველობა, რათა არ მოხდეს მოქალაქეების არაკანონიერად შეზღუდვა.

 

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, აუცილებელია რომ ქვეყანას ჰქონდეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მთავრობას პანდემიის პირობებში სწრაფი რეაგირების საშუალებას მისცემს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, მართოს კრიზისული ვითარება, რაც ერთობ მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ბუნებრივია, მისაღებია იურისტების რეკომენდაციები სამართლებრივ ნაწილში.

 

საბოლოოდ, კომიტეტმა კანონპროექტის  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner