შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ჯ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 მაისს, თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე, ყოფილი კინოთეატრის შენობაში, თავის ნაცნობს - 1966 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ბ.ჭ. ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.