წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვითირში, ადგილობრივებმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" უმოქმედობაში დაადანაშაულეს და პარტიიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთეს.
ადგილობრივებმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაისურები დახიეს და განაცხადეს, რომ პარტიამ პრობლემების შესახებ დაპირება არ შეასრულა.
აღნიშნული პირები „პატრიოტთა ალიანსს" უერთდებიან.
„გადავწყვიტე, დამეტოვებინა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". ამ პარტიამ ოთხი წლის განმავლობაში ისიც ვერ შეძლო, რომ მათი მთავარი დაპირება შეესრულებინა და სოფლისთვის წყალი შემოეყვანა. გადავწყვიტე, „პატრიოტებს" შევუერთდე", - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ბექა გოგიბერიძემ.
სოფელ ქვითირში გამართულ აქციას წყალტუბოში პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცოტნე ზურაბიანი ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნულ აქციაზე მათი პარტიის რეალური წევრები არ ყოფილან.