ერთ-ერთი მე ვიყავი, რომელმაც დავსვი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა მჯდარიყო წინ დამატებით ერთი მგზავრი , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც კობახიძე განმარტავს, სწორედ იმ შეზღუდვების დამსახურებით, არ ჰყავს საქართველოს კორონავირუსით ინფიცირებული ბევრი პაციენტი, რასაც ოპოზიცია ირაციონალურს უწოდებს.
„იყო არაერთი შეხვედრა საბჭოს ფორმატში, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ექიმები, ეპიდემიოლოგები და საბჭოს ფორმატში განიხილებოდა თითოეული ეს საკითხი. რა თქმა უნდა, ასეთი კითხვები სხვადასხვა მხრიდან ისმოდა. ერთ-ერთი მე ვიყავი, რომელმაც დავსვი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა მჯდარიყო წინ დამატებით ერთი მგზავრი. ასეთი კითხვები ბუნებრივია, ისმოდა, ეს აუცილებელიც არის, რომ საბოლოო ჯამში, ყველაზე რაციონალურ გადაწყვეტილებამდე მიხვიდე. ჩვენ თითოეულ ამ კითხვაზე ვიღებდით პრაგმატულ პასუხებს, როგორც ექიმების, ეპიდემიოლოგების მხრიდან, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან. ზუსტად ეს შეზღუდვები, რომელიც ოპოზიციას ირაციონალურად მიაჩნია, გახდა იმის საფუძველი, რომ ჩვენ გვაქვს 224 აქტიური შემთხვევა და არ გვაქვს დაუშვათ, 3 500, როგორც ეს მეზობელ სომხეთშია“, - განაცხადა კობახიძემ.
ტელეწამყვანის კითხვაზე, უნდა მოიხსნას თუ არა, 23 მაისიდან მგზავრის წინ დასმაზე აკრძალვა, კობახიძე პასუხობს, რომ „თუკი, გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდება, პირველი ივლისისთვის ყველა სახის შეზღუდვა მოხსნილი იქნება“.
„თანდათანობით მოიხსნება. 22 მაისიდან არ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, მათ შორის, ეს შეზღუდვა, თუმცა, თანდათანობით უნდა მოიხსნას. დაახლოებით, ერთი თვის წინ შედგა მთავრობის მიერ ეს გეგმა. იმედი გვაქვს, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, პირველი ივლისისთვის უკვე საბოლოოდ მოიხსნება ყველა შეზღუდვა გარდა პირბადისა... ცოტა დაგვრჩა გასაძლები, საუბარია, მაქსიმუმ 2-თვიან პერიოდზე, როცა უკვე ყველა შეზღუდვა მოიხსნება, თუმცა, მანამდეც თანმიმდევრულად მოიხსნება ყველა შეზღუდვა“, - განაცხადა კობახიძემ.