მართლმადიდებელი ეკლესია 22 მაისს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წირვა-ლოცვას აღასრულებს.
ღვთისმსახურება სიონის ტაძარში დილის 10:00 საათზე დაიწყება.
რელიგიური ლიტერატურის თანახმად, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. სასწაულმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოავლინა. ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა. დედის რძესაც ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს იღებდა.
წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დასვენებული მისი წმინდა ნაწილებიდან, რომელსაც მირონი სდის. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა მღვდელმთავრის წმინდა ნაწილების გადასვენება 1087 წელს მოხდა.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.
ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეა.