ადიგენის მუნიციპალიტეტში წუხელ რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 156 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC).
„ადგილობრივი მუსლიმი თემის განმარტებით, ადგილობრივი ქრისტიანების ჯგუფი (20-30-მდე ადამიანი) სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს, რომლებიც ადიგენის გამგებელთან და მის მოადგილესთან ერთად სოფელში მუსლიმური საფლავისთვის მიწის გამოყოფის საკითხს იხილავდნენ, თავს დაესხნენ. კოლექტიური თავდასხმის შედეგად სამმა მუსლიმმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, მათ აღენიშნებათ დაზიანებები სახეზე და თავზე", - აცხადებენ ორგანიზაციაში.