logo_geo
eng_logo
საფრანგეთი სიძულვილის ენის რეგულირებას ტელევიზიების შემდეგ ონლაინ-მედიაშიც იწყებს
- +

22 მაისი. 2020. 18:40

 

 

საფრანგეთი ონლაინ-მედიის რეგულაციას იწყებს. კერძოდ, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ონლაინ-პლატფორმებიდან სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის ამოღების ან დაბლოკვის შესახებ კანონი უკვე მიიღო.

 

კანონი ძალაში 2020 წლის 1 ივლისს შევა. ახალი კანონის თანახმად, ონლაინ-პლატფორმებმა, მაგალითად: Youtube, Twitter, Facebook, Google და სხვა, უნდა ამოიღონ ან დაბლოკონ სიძულვილის ენის შემცველი მესიჯები საკუთარი პლატფორმებიდან. რეგულაციის მიხედვით, ონლაინ-გამოცემებმა რეაგირება მომხმარებლის მიმართვიდან 24 საათში უნდა მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული პლატფორმები 250,000 ევროთი დაჯარიმდებიან, თუ საქმე სასამართლომდე მივიდა, ჯარიმა შესაძლოა 1,25 მილიონ ევრომდეც გაიზარდოს. მსგავსი რეგულაცია ევროპის კიდევ ერთმა ქვეყანამ,  გერმანიამ 2017 წელს მიიღო.

 

კანონის მიხედვით, სიძულვილის ენის შემცველ მესიჯებად მიიჩნევა ისეთი მესიჯები, რომლებიც: აღვივებს სიძულვილს, შეიცავს პედოფილიის ნიშნებს, ან შეიცავს შეურაცხმყოფელ შინაარსს რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით; ხელს უწყობს, ან აქეზებს ტერორიზმს; ლახავს ადამიანის ღირსებას; შეურაცხყოფს გენდერულ იდენტურობას, შეიცავს საომარი მოქმედებებისკენ მოწოდებას.

 

კანონის მიხედვით, ტერორიზმის წამქეზებელი ან პედოფილიის ნიშნების შემცველი შინაარსის მესიჯები ონლაინ-გამოცემებმა უნდა აიღონ, ან დაბლოკონ არა 24 საათში, არამედ სახელმწიფო ორგანოების ჩარევით  შეტყობინების მიღებიდან 1 საათში.

 

სასამართლოებს, რომლებიც გასცემენ კონტენტის დაბლოკვის, ან პლატფორმებიდან ამოღების ბრძანებას, ექნებათ უფლებამოსილება პროვაიდერ-კომპანიებს იმ ვებგვერდებზე და სერვერებზე დაშვების შეზღუდვა მოსთხოვონ,  რომლებიც არ შეასრულებენ კანონის მოთხოვნას. აღნიშნული კანონის მიღებას საფრანგეთში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მოწინააღმდეგეების აზრით, კანონი ძალიან მკაცრ ვალდებულებებს უსაზღვრავს ონლაინ-პლატფორმებს, თუმცა, აღნიშნული მოსაზრებები საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ არ გაითვალისწინა.

 

ონლაინ-მედია ვალდებული იქნება, დაიცვას საფრანგეთის მედიის მარეგულირებლის CSA-ს რეკომენდაციები, უკანონო მესიჯების პლატფორმებიდან ამოღების ვალდებულების სათანადოდ შესრულების შესახებ, ასევე, ექნებათ ვალდებულება, უკანონო კონტენტის ამოღების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით გაავრცელონ შეტყობინება. ონლაინ პლატფორმებს დაევალებათ შეტყობინების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც პირდაპირ ხელმისაწვდომი იქნება სიძულვილის შემცველი კონტენტის გასაჩივრების მსურველებისათვის; ვალდებულების ნაწილია, სათანადო ზომების მიღება სწრაფი რეაგირების მოხდენის მიზნით, ასევე, ისეთი პირების გამოყოფა, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან სასამართლოებისა და უმაღლესი აუდიოვიზუალური საბჭოს მოთხოვნების მიღებასა და შესრულებაზე.

 

ახალი კანონი ითვალისწინებს ჯარიმას იმ პირებზეც, რომლებიც ბოროტად გამოიყენებენ გასაჩივრების საშუალებას და გაასაჩივრებენ კონტენტს, რომელიც არ შეიცავს უკანონო მესიჯებს, ასეთ პირებს შესაძლოა 15 ათას ევრომდე  ჯარიმა დაეკისროთ.

 

ახალი კანონის შესრულებას საფრანგეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი უწყება გააკონტროლებს, უმაღლეს აუდიოვიზუალურ საბჭოს უფლება ექნება, დარღვევის შემთხვევაში ონლაინ-პლატფორმებს დააკისროს ფულადი ჯარიმა მათი მთლიანი წლიური ბრუნვის მაქსიმუმ 4%-ის ოდენობით. საბჭო, აგრეთვე, უფლებამოსილია, შეიმუშაოს სახელმძღვანელო წესები და ვალდებულია, უზრუნველყოს წლიური ანგარიშგების მომზადება იმის შესახებ, როგორ ასრულებენ ონლაინ-პლატფორმები კანონის მოთხოვნებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner