„მე პირადად ვიცნობ ბატონ არსენ ტოროსიანს და ცოტა მიკვირს მისგან თუ ეს განცხადება გააკეთა“ – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას უპასუხა, რომელმაც კოვიდბრძოლაზე საქართველოს სტატისტიკა ეჭვქვეშ დააყენა.
„დასადასტურებელია ნამდვილად იყო თუ არა მსგავსი განცხადება. მე პირადად ვიცნობ ბატონ ტოროსიანს და ცოტა მიკვირს მისგან თუ ეს განცხადება ამ რაკურსით გაკეთდა.
ჩვენ და სომხეთი ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ. მეგობრობის დიდი ხნის ისტორია გვაქვს და ცოტა მეუცხოვა მისგან ეს „არადიპლომატიური განცხადება“. თუ იყო შემთხვევები, როდესაც აქედან ჩასულ მძღოლს, თუ კიდევ სხვას დაუდასტურდა ინფექცია. ჩვენც და სომხეთიც ვართ ხელმომწერნი ჯანმოს საერთაშორისო წესების კონვენციის.
გვქონდა ჩვენ სომხეთიდან შემოსული სომხეთის მოქალაქის ინფიცირების შემთხვევა. ეს უნდა ვაცნობოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და იმ კონკრეტულ ქვეყანას, რომლის მოქალაქეც არის.
ეს გავაკეთეთ რამდენიმე მეზობელის მიმართ, რომ მან შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები გაატაროს. თუ იყო სომხეთში საქართველოს მოქალაქის ინფიცირების შემთხვევები, მაშინ ბატონ არსენს უნდა ეცნობებინა როგორც ჯანმოსთვის, ასევე ჩვენთვისაც“, – ამბობს გამყრელიძე.
გამყრელიძემ საქართველოში ჩატარებული ტესტირებების რაოდენობაზეც ისაუბრა.
„არ ვიცი ის რა სტატისტიკას ეყრდნობა ტოროსიანი. მას შეუძლია ნახოს ჩვენს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელიც ინგლისურ ენაზეცაა. ის ასევე ამბობს, რომ ტესტირებას ვურევთ და აქ შედის სწრაფი ტესტირების სტატისტიკაც.
არა ბატონო არსენ! ის 48 290 ტესტირება არის PSR ტესტირება. ჩვენ ამაში არ შეგვაქვს კიდევ რამოდენიმე ათასი სწრაფი ტესტი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იყენებს. ასე რომ მიკვირს მისგან ასეთი განცხადება. მას პატივს ვცემ.
სომხეთის ძალიან ბევრ მინისტრს ვიცნობდი და ვმეგობრობ დღესაც მათთან. ამიტომ მიკვირს ასეთი განცხადება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა საქართველო სტატისტიკის გაყალბებაში დაადანაშაულა და ასევე განაცხადა, რომ სომხეთს საქართველოზე უკეთესი ჯანდაცვის სისტემა აქვს.