ავტომობილით სამზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა და მხოლოდ ტაქსებზე ვრცელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მიმდინარე წლის 30 მარტს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული №204 დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალებოდა სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან ერთად, მგზავრები უნდა განთავსებულიყვნენ მძღოლის უკანა მხარეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, თუ სატრანსპორტო საშუალების სალონის მოწყობა ამის შესაძლებლობას იძლეოდა.
საგანგებო მდგომარეობის მოხსნასთან ერთად მოიხსნა აღნიშნული შეზღუდვაც, თუმცა კვლავ მოქმედებს ტაქსების შემთხვევაში.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.