ეგვიპტის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტ მუჰამედ მურსის ყატარის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულ საქმეზე კიდევ ექვს ბრალდებულს სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. სიკვდილმისჯილთა შორის არიან „ალ-ჯაზირას" ორი ჟურნალისტი, რომლებსაც განაჩენი სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა.
მუჰამედ მურსი უკანონო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში და საიდუმლო დოკუმენტების მოპარვაში ცნეს დამნაშავედ. ამასთან, ბრალდების მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ მუჰამედ მურსიმ ყატარს საიდუმლო მასალები პირადად გადასცა. BBC-ის ინფორმაციით, მსჯავრდებულებს განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვთ.
ისლამისტური ორგანიზაციის "ძმები მუსლიმანების" ლიდერი მუჰამედ მურსი ეგვიპტის სათავეში დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ის 2013 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად გადააყენეს.
2015 წლის ზაფხულში ეგვიპტის სასამართლომ მუჰამედ მურსის სხვა საქმეზე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. კერძოდ, სასამართლომ ექსპრეზიდენტი დამნაშავედ ცნო 2011 წლის რევოლუციის დროს ციხეებიდან პატიმრების მასობრივ გაქცევასთან კავშირში.