საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ალეკო ელისაშვილის ბრალდებებზე საუბრობს. მისი თქმით, ერთადერთი პირი საჯარო სივრცეში, ვისთანაც არანაირი თანამშრომლობა, საუბარი და შეხვედრა არ ჰქონია, ეს ელისაშვილია, როდესაც ის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე გახდა.
„ელისაშვილი არავის შეუყვანია შეცდომაში და დარწმუნებული ვარ, რომ განზრახ ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას. ერთადერთი პირი საჯარო სივრცეში, ვისთანაც არანაირი თანამშრომლობა, საუბარი და შეხვედრა არ მქონია, ეს გახლავთ ელისაშვილი, როდესაც ის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კომიტეტში ათასობით განცხადება შემოდის პატიმრებისა და მათ შორის შეწყალების კომისიის სახელზე გადასაგზავნი, ამ წერილებს ვაგზავნიდი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მის ზემდგომ დეპარტამენტში ისე, რომ მასთან არც კომიტეტს და არც მე პირადი კომუნიკაცია არ გვქონია. მან ვერ დაასახელა ვერც ერთი ფაქტი, შემთხვევა და საუბარი, რომელიც რაიმე ფორმით დამაკავშირებდა ამ გახმაურებულ საქმეს. ამდენად, ხომ მარტივია იმის გარკვევა, ტყუის თუ შეცდომაში შეიყვანეს? ვინმემ დააჯერა, რომ მე მასზე ზეწოლას ვახდენდი? - ასეთ რამეს როგორ დაგაჯერებენ? ეს ან ხდება, ან - არა! და როცა ასეთ რამეს ამბობს პოლიტიკოსი, ვინმემ ხომ უნდა ჰკითხოს და უპასუხოს, რა ფორმით ვახდენდი ამ „მამაც მებრძოლ" ბიჭზე ზეწოლას? ამდენ პირად ლანძღვას, ზეწოლის ფორმის ერთი ფაქტი დაესახელებინა. მანანა კობახიძის მესიჯები ახსენა და აღმოჩნდა, რომ ისიც არ ჰქონია შენახული გამოცდილ ჟურნალისტს სამხილად, მაგრამ მე როგორ ვახდენდი ზეწოლას? ფიქრით? არა, მართლა კომიკურია ეს ყველაფერი, რომ არა ის ამაზრზენი მოტივაცია, რაც ამ ყველაფრის უკან დგას", - ამბობს ბესელია.