logo_geo
eng_logo
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც ვერ შეძლო სიტუაციის გაკონტროლება, ხელს იშვერს საქართველოსკენ
- +

23 მაისი. 2020. 17:28

 

 

გუშინ  სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა გამოთქვა ეჭვი, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ზუსტი არ არის. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნიდან სომხეთში ჩასულ მოქალაქეებს კორონავირუსი დაუდგინდათ და აქედან გამომდინარე, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა შესაძლოა, ბევრად უფრო მეტი იყოს.

 

ვიდრე ტოროსიანის განცხადებას გავაანალიზებდეთ, მოდით, გადავხედოთ სომხეთის სტატისტიკას, რომელსაც ამ ქვეყნის მინისტრი „გამჭვირვალეს“ უწოდებს.

 

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა სომხეთში 1 მარტს დაფიქსირდა.  მეორე შემთხვევა - (3 ინფიცირებული) 11 დღის შემდეგ(!). რაც მეტად საეჭვოა.   დაინფიცირებულთა რაოდენობა სტაბილურად იზრდებოდა 29 აპრილამდე და მაშინ, როცა ეგონათ, რომ პიკს მიაღწიეს და დაღმა უნდა დაშვებულიყვნენ, ერთბაშად კატასტროფულად იმატა დაინფიცირებულთა რიცხვმა. სომხეთის მთავრობამაც აღიარა, რომ ვეღარ შეაკავა ეპიდემია... დღეის მდგომარეობით, სომხეთში დაინფიცირებულთა რიცხვი არის - 5928, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2874-ია, ხოლო 74 გარდაიცვალა.

 

ამ დროს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ტოროსიანი, რომელმაც ვერ შეძლო სიტუაციის გაკონტროლება,  ხელს იშვერს საქართველოსკენ, რათა პასუხისმგებლობა აიცილოს და არ წამოაძახონ პარლამენტში საქართველოს მაგალითი.

 

„ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა უკეთესია“, - ამბობს ტოროსიანი, - და იქვე ამატებს, - „ჩვენთან სწრაფ ტესტებს არ აკეთებენ, ვინაიდან ისინი არ არის ზუსტი და სარწმუნო“.  არადა, ამ ტესტებს ბევრ ქვეყანაში ეფექტურად იყენებენ.

 

სტატისტიკური მონაცემებით, ყველაფერი ნათელია და ამასაც რომ თავი დავანებოთ, მაშინ, როცა პიკი არ არის გადავლილი, სომხეთის მთავრობამ 18 მაისიდან ყველანაირი შეზღუდვები მოხსნა.

 

სომხეთში ხალხი ქუჩებში ხელთათმანებით და ნიღბებით რომ  დადის, გასაგებია, -კარგი ნაბიჯია უსაფრთხოების მხრივ, მაგრამ ტესტებს არ აკეთებენ, სავაჭრო ცენტრებთან დგანან ადამიანები ალკოგელებით და ყველა შემსვლელს უზომავენ სიცხეს, და თუ ვიზიტორს სიცხე არ აქვს 36,6-ზე მაღალი, არ ახველებს (ეტყობა. ელოდებიან, 10 წუთი, იქნებ დაახველოსო) და სხვა სიმპტომები არ გააჩნია, სავაჭრო ცენტრის კარისკენ მწვანე სინათლე აენთება, ესეც კარგია, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა პიკი გადავლილია და ინფიცირებულთა რაოდენობა კლებულობს. სომხეთში კი პანდემიის გრაფიკი ჯერჯერობით „ციცაბო აღმართზეა“.

 

ცხადია, ტოროსიანის განცხადება ემსახურება იმას, რომ პანდემიური სიტუაციის დროს დაშვებული შეცდომები მხოლოდ მას არ დაბრალდეს და ამიტომაც იშვერს ხელს საქართველოსკენ, რადგან, საქართველო პანდემიასთან ბრძოლაში ამიერკავკასიაში საუკეთესოა და არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმაც არაერთხელ აღნიშნეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner