logo_geo
eng_logo
„ბევრმა მომმართა განქორწინებისთვის, უმეტესობა ქალია“- მარიამ კუბლაშვილი თვითიზოლაციის შედეგებზე საუბრობს
- +

23 მაისი. 2020. 21:39

 

 

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილსა და მის მსახიობ მეუღლეს, ლევან ხურციას საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი მუდმივად დატვირთულ დღის რეჟიმში ცხოვრობენ. მარიამს ხშირად უწევს ბრალდებულების დაცვა და არაერთი სკანდალური და ხმაურიანი საქმის განხილვაში მონაწილეობა. აღიარებს, რომ მოუცლელობის გამო ოჯახური ცხოვრებისთვის დრო თითქმის აღარ რჩებოდა. შვილები დედას მონატრებულები იყვნენ და დღეს თურმე, ყველაზე ბედნიერები თვითიზოლაციით ისინი არიან.

 

 

მარიამ კუბლაშვილი:

 

- მეტი თავისუფალი დრო მაქვს, ნაკლებ დროს ვხარჯავ ჩაცმაში, მაკიაჟში, ტრანსპორტით გადაადგილებაში, ქუჩაში გასვლაში, უფრო მობილიზებული გავხდი, მეტ დროს ვუთმობ სამუშაოს, ამავდროულად, საკუთარ თავს და ოჯახს, ბევრად პროგრესული ვარ. ბევრად ნაყოფიერია ჩემი სამუშაო დღე.

ყველაფერს მაქსიმალურად ვიცავ. თუ ძალიან აუცილებელი არ არის, საერთოდ არ გავდივარ გარეთ. ყველა წესს ვიცავ, პირბადით სიარულიდან და ხელთათმანებიდან დაწყებული. ეს იქნება სადეზინფექციო საშუალებებით ყველაფრის დამუშავება თუ სხვა რამე, მართლა ყველაფერს ზედმიწევნით ვასრულებ. ვფიქრობ, ასე დაცული ვარ.

 

- კარგა ხანია დისტანციურ რეჟიმში მუშაობს სასამართლო, სასამართლო განხილვებში ალბათ მონაწილეობთ. რას იტყოდით ამ რეჟიმში მუშაობაზე?

- ვფიქრობ, დისტანციური რეჟიმი გარკვეულ საქმეებზე აუცილებელიც კი არის. მაგალითად, თუ მოწმის დაკითხვა არ ხდება, თუ დასკვნითი სიტყვა არ გაქვს სათქმელი ან შესავალი, იმავე სამოქალაქო საქმეებზე არ წარმოადგენ პოზიციას, მაშინ მისაღებია დისტანციური ფორმა. ადვოკატები, პროკურორები, მხარეები რომ დასხდნენ, ჩამოიწეროს კონკრეტულად რისი განხილვა შეიძლება დისტანციურად, ამ გზით ჩვენ დროსა და რესურსსაც დავზოგავთ მომავალში. ჩვენი ოფისებიდან რომ ჩავერთოთ, მერწმუნეთ, მომგებიანი იქნება ეს. თუმცა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაიკითხოს მოწმე დისტანციურად, მით უმეტეს, მთავარი მოწმე, ეს კატეგორიულად დაუშვებელია!

 

- ციხეშიც პატიმრებთან ურთიერთობა დისტანციურად გიწევთ. ამ დროს ბრალდებულთან პოზიციების შეჯერებას ახერხებთ?

- რაც შეეხება ციხეში დისტანციურ ურთიერთობებს, საქმისთვის ეს ცუდია. გაქვს იმის შიში და ეჭვი, როცა ადვოკატი და ბრალდებული შუშის სხვადასხვა მხარეს დგახართ და ტელეფონით საუბრობთ, ამ დროს ძალიან მარტივია საუბრის ჩაწერა, თვალყურის დევნება და მოსმენა. თუმცა, თუკი მოინდომებენ, ადვოკატის ოთახშიც შეუძლიათ თვალთვალი და მოსმენა, ამისგან დაცული არავინ ვართ. დღეს ორ პატიმარს შევხვდი. მათ აქვთ განცდა, რომ უსმენენ. ტელეფონით მელაპარაკება და მანიშნებს, ვთქვა თუ არაო? როცა პატიმარს შეზღუდვის გარეშე ვხვდებით, მაშინაც კი, როცა ისეთ რამეს ამბობს, რაც არ მინდა სხვამ იცოდეს, მივდივარ და ჩურჩულით ვეუბნები, ჯობია, არ თქვა-მეთქი... ეს ბარიერები ბუნებრივია, გარკვეულ წინააღმდეგობას ქმნის. რაც მთავარია, ნდობის მოპოვებაა ასეთ დროს რთული. არადა, პატიმრისთვის უცხო ადამიანი ხარ, ის კი ბოლომდე უნდა გენდოს, შენთან გულწრფელი უნდა იყოს, რომ შემდეგ შეარჩიო მისი დაცვის ტაქტიკა.

კარანტინის რეჟიმში ძალიან ბევრი ვიწვალე რამდენიმე საქმეზე. ბევრ უცხოეთის მოქალაქეს ვიცავ ამწუთას და რთულია მათთან კომუნიკაცია, ამიტომ გამიჭირდა. საექსტრადიციო პატიმრობებს ვადები შეზღუდული აქვს და მართლა ძალიან ვიწვალე.

 

- ამბობთ, რომ ბოლომდე ვერ იხსნებიან პატიმრები ამ რეჟიმში. პოზიციების ჩამოყალიბებისთვის კი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. ასეთი არასრულყოფილი კომუნიკაცია დაცვის ხარისხზე ხომ არ აისახება?

- მე მგონია, საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. რა კითხვა როდის უნდა დავსვა, ვიცი. ალბათ წლების წინ რომ აღმოვჩენილიყავით ამ მდგომარეობაში, გაცილებით რთული იქნებოდა ყველაფერი.

 

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის აუდიტორია, როცა პროცესზე გამოდიხართ და მხარეებს უსაბუთებთ პოზიციას?

- აუდიტორია აუცილებელია. ეს არ არის აუცილებელი წინასასამართლო სხდომისას ან მაშინ, როცა ელემენტალური საპროცესო შეთანხება ფორმდება და ფორმალური როლი გაქვს. თუმცა, როცა ბრალდებულს ჰკითხავ, მის გვერდით უნდა იყო; დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას, მნიშვნელოვანია აუდიტორია, მოსამართლესთან პირდაპირი კომუნიკაცია. ასევე მოწმის დაკითხვისას მნიშვნელოვანია, მას თვალებში უყურო.

 

- ქუჩაში გადაადგილების დროს პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ?

- არა, რადგან ადვოკატთა ასოციაციამ აამუშავა "ცხელი ხაზი", სადაც განცხადებას გზავნი, მიუთითებ მარშრუტს, თუ სად მიდიხარ, რომელ საქმეზე, უთითებ ბრალდებულს და გაძლევენ საშვს. მე აღმასრულებელი საბჭოს წევრიც ვარ ადვოკატთა ასოციაციაში. ეს წესები ჩვენ შემოვიღეთ. ვიცოდი, რომელ საქმეზე მომიწევდა გასვლა, თითოეული ჩამოვწერე და გამოვწერე საშვი, ამიტომ გადაადგილების პრობლემა არ შემქმნია.

 

- თქვენი დღის რეჟიმი ყოველთვის დატვირთული იყო. თვითიზოლაციაში ყოფნა ალბათ, გარკვეულწილად კარგიც იყო, რადგან ოჯახთან ურთიერთობისთვის მეტი დრო გაქვთ. როგორი იყო თვითიზოლაციაში მარიამ კუბლაშვილის ოჯახური ცხოვრება?

- წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენი რამ გადავახარისხე, როგორც ნებისმიერმა ადამიანმა. რაც მთავარია, დავწყნარდი, გამოვიძინე. წავიკითხე წიგნები, რომლის წაკითხვაზე დიდხანს ვოცნებობდი. დრო მართლა არ დამიკარგავს განვითარების კუთხითაც. მგონი, ამ რეჟიმში ყველა სამზარეულოშია. კულინარია ჩემთვის ყოველთვის ჰობი იყო, ახლა კი განსაკუთრებით ხშირად ვტრიალებ სამზარეულოში, აზარტული გავხდი ამ საქმეშიც და განსაკუთრებული შედევრები შევქმენი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აღმოვაჩინე და გადავახარისხე, ჩემი გარდერობია. საერთოდ, ჩაცმულობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ამიტომ გადავსებულია გარდერობი. გადავახარისხე ყველაფერი და შედეგად, აღარაფერი შემრჩა. აღმოჩნდა, რომ ბევრ რამეს აღარ ვიყენებ და ამ დროს, რამდენს უჭირს. ჰოდა, ბევრი რამ გავაჩუქე. ყოველთვის ვცდილობდი ადამიანის დახმარებას, მაგრამ ამ პერიოდმა რაღაცებზე უფრო დამაფიქრა, ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე. ვფიქრობ, ადამიანები მეტად კეთილშობილები გავხდით. რაც მთავარია, ჩემი ოჯახიც დავინახე სხვა თვალით. ახლა დამშვიდებული და დაწყნარებული ვარ.

 

- როგორც ამბობთ, კულინარიას უთმობთ დიდ დროს. ბევრი წუხს, რომ წონაში მოიმატა თვითიზოლაციის პირობებში, თქვენც შეგექმნათ ეს პრობლემა?

- ეს პრობლემა მეც მაქვს, წონაში აშკარად მოვიმატე, მაგრამ პრობლემა გლობალურია და თავს ვიმშვიდებ (იცინის). არაა კატასტროფა, ჩვეულებრივი ამბავია. სახლში დავიწყე ვარჯიში, მაგრამ იმდენი გონებრივი სამუშაო მაქვს, ვიფიტები.

 

- თქვენს მეუღლეს, ლევან ხურციას ხომ არ გაუჭირდა თვითიზოლაციაში ყოფნა?

- ლევანი ძალიან ბედნიერი იყო, სახლში რომ მხედავდა, რადგან ყოველთვის განიცდიდა, ნაკლები დრო რომ მქონდა ჩემი შვილებისთვის, ოჯახისთვის. ერთადერთი, თუკი რამეზე უთანხმოება გვქონია, სწორედ ამ საკითხს ეხებოდა. მართლაც, ხშირად ისეთი დაღლილი მოვდივარ სახლში, ბავშვთან თამაშის კი არა, აღარც რაიმეს კითხვის, სიცილის, არაფრის თავი არ მაქვს, მხოლოდ ძილი მინდა. ცხადია, ლევანს ეს არ მოსწონდა. ახლა ამბობს, რა კარგია ეს კარანტინი, ორივე 9 საათზე სახლში ვიქნებითო. ასე რომ დარჩეს, მგონი, ბევრი ოჯახი ბედნიერი იქნება... სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან მომწონს შინ ყოფნა და სიტუაცია, როცა საქმიანობის პარალელურად, ოჯახისთვისაც გრჩება დრო. ჩვენი ბავშვები, რომლებიც მშობლების გარეშე იზრდებიან, კაცმა არ იცის, როგორ განიცდიან ამას და ეს ყველაფერი როგორ აისახება სამომავლოდ მათზე, როგორი ფსიქიკა ექნებათ. მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ასეთი ურთიერთობები და დრო გამოინახოს ოჯახისთვის.

ბავშვებიც ბედნიერები არიან. ადრე მათ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდით, რადგან გადაღლილი მოვდიოდით მეც და ლევანიც. ჩვენი პატარა, რომელიც 4 წლის გახდება, საოცრად გახარებულია, შინ ამდენ ხანს რომ გვხედავს. უფროსი ვაჟი, რომელიც 15 წლისაა, აქამდე სულ ამბობდა, - დედა, მე უკვე ნევროზი მაქვს იმის გამო, რომ უნდა გკითხო, როდის მოხვალ სახლშიო. მას მერე, რაც თვითიზოლაციაში გვიწევს ყოფნა, ყოველ დილას მეკითხებოდა, - დედა, მიდიხარო? რატომ მეკითხები, ხომ იცი, არსად მივდივარ-მეთქი. - ვერ წარმომიდგენია, რომ არ მიდიხარო. მერე გამოტყდა, - დედაჩემი რომ არ მიდის სახლიდან, ძალიან ბედნიერი ვარო.

 

- თვითიზოლაციის პირობებში ლევანიც ხომ არ გეხმარებათ კერძების მომზადებაში?

- ლევანი კულინარიისგან შორს არის. გემოს რომ გასინჯავს, იმასაც ვერ ხვდება, გემრიელია თუ არა (იცინის). სამაგიეროდ, ბევრ დროს უთმობს ბავშვებს, ისინი მიჰყავს სასეირნოდ. ამ კარანტინის პირობებშიც კი, ლევანი ტელევიზიაში შეუწყვეტლივ მუშაობდა.

 

- რა გენატრებათ ყველაზე მეტად? კარანტინის დასრულების შემდეგ პირველად რას გააკეთებთ?

- ერთადერთი, რაც მჭირდება, სალონი და მასაჟებია, სხვა რაღაცებზე გართულება არ მაქვს. ასევე მინდა გემრიელი დასკვნითი სიტყვა სასამართლო პროცესზე, ასევე მოწმის ჯვარედინი დაკითხვა, ეს არის, რაც მჭირდება...

 

- მარიამ, ბოლო დროს რა სახის დახმარებას ითხოვენ კლიენტები?

- ბევრმა მომმართა განქორწინებისთვის, უმეტესობა ქალია. ძალადობის ფაქტებზეც იყო მომართვიანობა. ზოგი სოფელში იყო ჩარჩენილი, ზოგიერთები ერთად იყვნენ ჩაკეტილები და ალბათ ვერ გაუგეს ერთმანეთს.

 

- შს სამინისტრო კი აცხადებს, რომ ოჯახში ძალადობის მხრივ სტატისტიკა არ გაზრდილა, ანუ ამას არ ეთანხმებით? კონფლიქტის მიზეზად რას ასახელებდნენ? როგორ ფიქრობთ, კარანტინის დასრულების შემდეგ განქორწინებები გახშირდება?

- ოჯახურ ძალადობას რაც შეეხება, დაახლოებით ის რაოდენობა გვიკავშირდება, რაც ადრე, მაგრამ მკვეთრად იმატა განქორწინების მოთხოვნებმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner