საგანგებო ზომების მიღება დროზე დავიწყეთ და ეს დიდი დამსახურებაა ჩვენი ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ვერტიკალის, დაწყებული ექიმიდან, დამთავრებული პრემიერით, რომელიც გამოდგა შესანიშნავი კრიზის მენეჯერი, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
„საგანგებო ზომების მიღება დროზე დავიწყეთ და ეს დიდი დამსახურებაა ჩვენი ხელმძღვანელობის და ჩვენი ვერტიკალის. ჩვენმა სახელმწიფო ვერტიკალმა, დაწყებული ექიმიდან, დამთავრებული პრემიერ-მინისტრით, რომელიც გამოდგა შესანიშნავი კრიზის მენეჯერი, ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხში, მე არ ვიცი, რა იქნება სხვაგან, მიაღწია იმას, რომ ყველა საპასუხო ზომა გატარებული იყო დროულად, ეფექტურად და ადეკვატურად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ყველაფერი ეს იყო საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების პირობებში. დღეს ეს მოიხსნა, მოიხსნა ნაწილობრივ, მაგრამ მაინც, მოიხსნა. აი, ახლა ვართ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში. ძალიან საინტერესოა, რა მოხდება ახლა, რა მოხდება უახლოესი ერთი-ორი კვირის განმავლობაში. ერთი-ორი კვირის მერე ვისაუბროთ, რა მოხდა, ამის ანალიზი იქნება ძალიან საინტერესო.
შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც რომ შევინარჩუნოთ ჩვენ ეს მდგომარეობა, ამისთვის ჩემი მოწოდება არის ასეთი – ის, რაც ჩვენ გამოგვიმუშავდა ამ ხნის განმავლობაში, რასაც ასე თუ ისე შევეჩვიეთ, ხშირად ხელების დაბანა, პირბადის გაკეთება. ხომ არ გვქონდა ეს თვისება? ახლა შევიძინეთ, თუნდაც ხელის არ ჩამორთმევა მისალმების დროს, თავის შეკავება ხალხმრავალი ქელეხებისგან, ხომ ყოფილა შესაძლებელი? აი, ყველაფერი ეს, რასაც აქამდე ასე თუ ისე შევეჩვიეთ, ნებაყოფლობით უკვე და არა იძულებით, შევინარჩუნოთ. აი, ეს გადაგვარჩენს“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.