მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს ზეიმობს. დღესასწაულს ქართველი მუსლიმები ტრადიციულად აღნიშნავენ. ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვა დილით შვიდის ნახევარზე დაიწყება. ბაირამის ლოცვას საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე აღავლენს. მისი განცხადებით, ორთვიანი პაუზის შემდეგ, ორთაჯამეში პირველად შესრულდება ჯგუფური ლოცვა, მორწმუნეები კი, მეჩეთში პირბადეებით მივლენ და დისტანციას დაიცავენ.
„ტრადიციულად შესრულდება ბაირამის ლოცვა, რადგან საგანგებო სიტუაცია მოიხსნა და პანდემიის კუთხითაც საიმედო მდგომარეობა გვაქვს. ვისაც სურვილი ექნება, შეძლებს ლოცვაზე დასწრებას, რა თქმა უნდა, პირბადეებითა და დისტანციის დაცვით. მათ, ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკ-ჯგუფს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ, სახლში შეასრულონ ლოცვა, ჩვენი რელიგია ამას ისედაც ითვალისწინებს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ.
მუფთის განცხადებით, უსაფრთხოების იმავე წესების დაცვით აღდგება ასევე პარასკევის ჯგუფური ლოცვებიც.