logo_geo
eng_logo
ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაო შეეფარდა
- +

24 მაისი. 2020. 14:01

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბასილაშვილი 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილს უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებენ. მისი თქმით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

 

„დანაშაულს არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერი ჩაუდენია, მტკიცებულებები არ არსებობს“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

 

ბრალდების მხარე, საქართველოს პროკურატურა კი დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

 

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner