ლევან თაქთაქიშვილი სამწუხაეო ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილი ქართველი ხელოვნებათმცოდნე მაია ციციშვილი გარდაიცვალა.
„რას ვიფიქრებდი, რომ დღეს ამ ტექსტის დაწერა მომიხდებოდა... ქალბატონი მაია ციციშვილის გარდაცვალება? ეს გავიგე და პირველი, რაც ვიგრძენი, რომ დავკარგე ძვირფასი მასწავლებელი, დამრიგებელი, ჭკუის მსწავლებელი, იმედის მომცემი, შემდეგ კი ის ვიგრძენი, რომ ვეღარ გავიგებ მის განსაკუთრებით მოკრძალებულ ტემბრს, ვერ გამიზიარებს ვერავინ ისე ქართული ხელოვნების ნიმუშებზე ისეთ შთამბეჭდავ აზრს და მხოლოდ შემდეგ ის, რომ ჩემს ძვირფას მეგობრებს ტრაგიკული დღე აქვთ, ძვირფასი დედა რომ დაკარგეს.
ასეა, ის მარტო თავის ძვირფას ოჯახს არ დაშორდა, ის დააკლდება იმ საქართველოს, რომლის კულტურის კვლევასაც ამ ქალბატონმა ცხოვრება შეალია. მე მისმა გარდაცვალებამ თენგიზ მირზაშვილის გარდაცვალების დროს პირველად განცდილი გრძნობა გამიმეორა: როცა გარდაცვლილზე მეტად ის საზოგადოება გეცოდება, რომელიც აქ დარჩა. დიახ, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ! გავა დღეები და იგრძნობთ, რომ ქალბატონი მაიას გარეშე ქართული კულტურის მკვლევარნი დაობლებული დარჩნენ. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დაკარგა საუკეთესო მეგობარი, ექსპერტი, ჭირში მდგომი, ქართულმა საზოგადოებამ ბრწყინვალე ოჯახის წარმომადგენელი- ირაკლი ციციშვილის შვილი, ფანასკერტელთა გვარის ბრწყინვალე წარმომადგენელი, გერონტი ქიქოძის და მისი ულამაზესი ქალიშვილის- მანანას ღირსეული შთამომავალი. რა შეგვიძლია დღეს ჩვენ? ცრემლიანი თვალებით ვუყურებ მის მიერ ბიბლიოთეკაში დაუნჯებულ საოჯახო ფოტოებს. ქალბატონი მაია თავის მშობლებთან და პაპასთან ერთად მიყურებს ფოტოდან. იქაური საქართველო უფრო მდიდარია, ვიდრე აქაური...
მშვიდობით, ქალბატონო მაია!
ეროვნული ბიბლიოთეკა ჩემთან ერთად იზიარებს ამ ტკივილს“