ხვალ გვექნება იმ ვერსიების საპასუხო კომენტარები, რისი წარმოდგენაც სცადეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველმა, ანა აბაშიძემ განუცხადა.
„ზოგადად იმ ინფორმაციაზე, რაც დღეს მედიაში გავრცელდა ცალმხრივად, რომელზეც ჩვენ არ გაგვიკეთებია კომენტარი და საქმისთვის მნიშვნელოვანი ასპექტებია, ამაზე ვილაპარაკებთ ხვალ. ის ვერსიები, რისი წარმოდგენაც სცადეს, ამის საპასუხო კომენტარები გვექნება და ვისაუბრებთ, მართლა რა მოხდა ამ საქმეში და არა ის ვერსიები, რაც მუსირებს საზოგადოებაში, რაც, ერთი მხრივ, არასწორია და მეორე მხრივ, დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ვილაპარაკებთ, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე რაც არ წარმოადგენს ჭორაობას, ნამდვილად იმ საკითხზე, რაც კეთილსინდისიერად მიემართება ბავშვისა და ქალის ინტერესებს. ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ბავშვის ინტერესები არ იყოს საზოგადოებისთვის სამსჯელო საგანი. ამას ბავშვისთვის არანაირი სარგებელი არ ექნება, რადგან პირადი ცხოვრება ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. რაც შეეხება ქალს, ის თავად წყვეტს, რაზე ილაპარაკოს, რაზე არ ილაპარაკოს. თუ ის იტყვის, რომ მზად არის, ილაპარაკოს ყველაფერზე, ილაპარაკებს. თუ არ არის მზად ემოციურად, ალბათ არ ილაპარაკებს“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.
ამასთან, დღეს განცხადება გაავრცელა ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს.
მიმართვა გაავრცელა თავად ჩოგბურთელმა, სადაც აცხადებს, რომ სიმართლეს სასამართლოში, იურისტების დახმარებით, აუცილებლად დაამტკიცებს.